ინგლისური “ნიუკასლ იუნაიტედი” უმძიმეს მდგომარეობაშია. გუნდმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების 5 მატჩიდან 2 მარცხით დაასრულა, 3 შეხვედრაში კი ფრედ ითამაშა და ახლა სატურნრო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული. კლუბის ფანები ასეთი მდგომარეობით აღშფოთებულნი არიან და მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალან პარდიუს გათავისუფლებას მოითხოვენ. “Pardew out” – კამპანია ამ სახელწოდებით ქომაგებს უკვე დიდი ხანია, აგორებული აქვთ. ფანები აღნიშნული მოთხოვნით ონლაინ პეტიციასაც აგროვებენ. ინგლისურ პრესაში სულ უფრო აქტურად წერენ, რომ მალე პარდიუ “ნიუკასლის” თავკაცის პოსტს გამოეთხოვება. მის სავარაუდო შემცვლელებსაც ასახელებენ. კლუბის ფანების ნაწილს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე თემურ ქეცბაიას დანიშვნა სურს. ქეცბაია “კაჭკაჭთა” ღირსებას 1997-დან 2000 წლამდე იცავდა და ქომაგები ფიქრობენ, რომ ქართველს მისთვის უკვე ნაცნობ გარემოში მდგომარეობის გამოსწორება შეუძლია. ჩვენ დავუკავშირდით “ნიუკასლ იუნაიტედის” რამდენიმე ფანს, რომელთაც კლუბის თავკაცის პოსტზე ქეცბაიას ხილვა სურთ და მის შესახებ ვკითხეთ.
“ვფქრობ, ის გუნდს სულისკვეთებას დაუბრუნებდა, შიდა სამზარეულოში მდგომარეობას გამოასწორებდა. ქეცბაია “ნიუკასლ იუნაიტედს” იცნობს და ფანებსაც მისი დაბრუნების სურვილი გვაქვს”, – ამბობს სტივენ კერნსი.
— ქეცბაიას საქართველოს ნაკრებში არცთუ ისე კარგი შედეგები აქვს. თქვენ ფიქრობთ, რომ ის “ნიუკასლს” გამოადგება?
— მგონია, რომ ის ახალი იდეებით მოვიდოდა. საქართველოს ნაკრების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა არ მინდა, მაგრამ ქეცბაია “ნიუკასლში” უკეთეს ფეხბურთელებთან ერთად იმუშავებდა. ის ალან პარდიუს აჯობებდა.
— რა გახსოვთ ქეცბაიას ინგლისური კარიერიდან მისი ცნობილი აღნიშვნის გარდა?
— ქეცბაია კარგი ფეხბურთელი იყო. როცა ათამაშებდნენ, თავის წილ გოლებს იტანდა. წუხდა, რომ ბობი რობსონი საკმარის სათამაშო დროს არ აძლევდა.
“ნიუკასლ იუნაიტედის” კიდევ ერთი ფანი ლაურა გოდფრი თემურ ქეცბაიას გულმხურვალე მხარდაჭერი გამოდგა:
“თქვენ, როგორც ჩანს, გიკვირთ, რომ ხალხს გუნდის თავკაცად ქეცბაიას ხილვა სურს. როგორც მახსოვს, მან გაიყვანა კვიპროსული კლუბი პირველად ჩემპიონთა ლიგაზე. იგივე გააკეთა “ოლიმპიაკოსის” თავკაცობის პერიოდში. ასე რომ, ხალხს მხოლოდ მისი სიფიცხე კი არა, მისი საფეხბურთო კარიერაც ახსოვს. საქართველოს ნაკრები ქვეჯგუფს ყოველთვის ბოლო ადგილზე ასრულებდა ხოლმე, ახლა კი პროგრესი შეინიშნება”.
ჯეიმს გოულენდი “ნიუკასლის” კიდევ ერთი ქომაგია, რომელსაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დანიშვნა სურს:
“ნიუკასლის” თავკაცის თანამდებობაზე ჩემი არჩევანი ქეცბაიაა. მას წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს”.
— მაგრამ მას საქართველოს ნაკრებში არცთუ კარგი შედეგები აქვს…
— რა? მან მძიმე მდგომარეობაში მყოფ საქართველოს ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია.
თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს და ვინ იცის, ეგებ პარდიუს შემცვლელად სწორედ მას დაუძახონ.