დღეს, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულს“ დაუხვდება. მანჩესტერულ დერბიში სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ (1:4), „წითელი ეშმაკები“ რეაბილიტაციას მერსისაიდულ გუნდთან შეეცდებიან. ამ მხრივ არც „ლივერპულია“ კარგ მდგომარეობაში, „ენფილდროუდელები“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში შინ „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო დამარცხება ერთიორად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.
„ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ყოველთვის გამორჩეული მატჩები იმართება ხოლმე. ორივე კლუბს სურს ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა. სამარცხვინო მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთ შეხვედრაში გამარჯვება“, – აღნიშნა როჯერსმა.
აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლონდონის „ჩელსის“ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რისთვისაც ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
„სუარესი ნამდვილად ითამაშებს. გვიხარია, რომ ის დაგვიბრუნდა. ფეხბურთელისთვის რთულია თითოეული მატჩის გამოტოვება, თუმცა ვიცი, როგორ ემზადებოდა ის ბოლო კვირის განმავლობაში. სუარესი ვარჯიშებზე ფანტასტიურია. საწვრთნელი პროცესისადმი მისი დამოკიდებულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას სურს, რომ გუნდს კვლავ დაეხმაროს. ის გუნდს მატჩებზეც დაჰყვებოდა. იქნება თუ არა სუარესი სასტარტო განაცხადში, ეს რამდენიმე საათში გადაწყდება“, – დაამატა „ლივერპულის“ თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის უკვე შედგა ერთი შეხვედრა. პრემიერლიგის მესამე ტურში, „ენფილდზე“ გამართული მატჩი მერსისაიდელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი