ჟირუ: „არსენალს“ ახალი თავდამსხმელი არ სჭირდება“

„ნიუკასლის“ კარში გამარჯვების გოლის ავტორმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს მის გუნდს თავდამსხმელების დამატება არ სჭირდება.

„ჩვენ საკმაოდ ბევრი შემტევი მოთამაშე გვყავს. პოდოლსკი მოედანზე წარმატებით დაბრუნდა, უოლკოტს კი ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. „არსენალის“ ყველა თავდამსხმელი მაღალი დონისაა. თუ ვენგერს ჩემი სკამზე დასმა სურს, ამისთვის ახალი ფეხბურთელების მოყვანა საჭირო სულაც არ არის“, – განაცხადა ფრანგმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჟირუ: „რომ ვერ გამეტანა, ხალხი დაიწყებდა ლაპარაკს, ჟირუ ცუდად თამაშობსო“

საფრანგეთისა და ავსტრალიის ნაკრებებს შორის გუშინ გამართული ამხანაგური მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა. დუბლი შეასრულა ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ სიხარული ფრანგ ჟურნალისტებს გაუზიარა.

„პირველ საგოლე ეპიზოდში რომ ვერ გამეტანა, ხალხი შემდეგ ლაპარაკს დაიწყებდა, ჟირუ ცუდად თამაშობსო. მეორე გოლი ლამაზი კომბინაციის დაგვირგვინება იყო. ვიმედოვნებ, ასეთ გოლებს კიდევ გავიტან. თავდამსხმელის თამაში რომ შეაფასო, ამისთვის მას მომენტი უნდა შეუქმნა. გოლის გასატანად ბევრი შანსი მომეცა. იმისთვის, რომ გუნდმა ბევრი გაიტანოს, მას რამდენიმე ძლიერი ფორვარდი უნდა ჰყავდეს. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან გუნდში გვყავს ორი ისეთი თავდამსხმელი, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკებში ჯდება. მოხარული ვარ, რომ გავიტანე. მახარებს კარიმ ბენზემას გოლიც. ეს ჩვენთვისაც კარგია და ნაკრებისთვისაც“, – ჟირუს სიტყვები ფრანგულმა L’Equipe-მა გამოაქვეყნა.

დანარჩენი სამი გოლი ფრანკ რიბერის (8′, პენ), იოან კაბაისა (29′) და მატიე დებიუშის (47′) ანგარიშზეა.

ბექა დოგრაშვილი

დეშამის 11 პრობლემა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გუშინ, თბილისში დაფიქსირებული შედეგის (0:0) გამო სინანული გამოხატა და ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ იტანს კარიმ ბენზემა გოლს 20 საათის განმავლობაში, ფეხბურთის  ფრანგმა სპეციალისტმა უპასუხა, რომ პრობლემა „მამლების“ მე-10 ნომერში არ მდგომარეობს.

„პრობლემა ბენზემა კი არა, ის არის, რომ ყოველი მატჩის წინ 11 ფეხბურთელი უნდა შევარჩიო. ბენზემა მარტო არ თამაშობს, ბევრი რამ არის დამოკიდებული მოედანზე მის გვერდით მყოფ მოთამაშეებზეც. მე მათ სიტუაციის განხილვა შევთავაზე. ბენზემა და ჟირუ ერთად ცუდად არ გამოიყურებიან, მაგრამ აღნიშნული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში  4-4-2 სქემით არ თამაშობენ, ამიტომ ამ ყველაფერს დრო დასჭირდება“, – ამბობს საფრანგეთის ნაკრების თავკაცი.

„ვერ ვიტყოდი, რომ საფრანგეთის ნაკრებს ახლა ყველაზე ცუდი გუნდი ჰყავს. თაობებს არ ვადარებ. ეს ფეხბურთელები კლუბებში გოლებს იტანენ, თუმცა ამას ნაკრებში ვერ ახერხებენ. პრობლემები უნდა გადავჭრათ, თუმცა სასწაულმოქმედი წამალი არ მაქვს. ესპანეთის ნაკრებს თბილისში უფრო ნაკლები შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მათ 86-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. ჩემს გუნდს ეფექტურობის გაუმჯობესება მართებს“, – განაცხადა დეშამმა.

ბექა დოგრაშვილი