“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

ჩეხი: “არსენალისთვის” ევროპა ლიგაზე თამაში არც ისე ცუდი იქნება”

ლონდონის “არსენალის” მეკარემ, პეტრ ჩეხმა პრესასთან ევროპა ლიგის მნიშვნელობასა და ღირებულებებზე ისაუბრა.

“რაც არ უნდა იყოს, ევროპული ტიტული ევროპული ტიტულია. თანაც, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც შეგიძლია.

რა თქმა უნდა, ევროპა ლიგას ყველა ჩემპიონთა ლიგას ამჯობინებს, მაგრამ ისიც ნათელია, რომ ამ ტურნირს დიდი გუნდები უფრო დიდი ყურადღებით ეკიდებიან.

პირადად მე, ძალიან მსიამოვნებს ევროპა ლიგის მედალის არსებობა ჩემს კაბინეტში,

ევროპა ლიგასთან საკმაოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. ამ ტურნირზე ერთადერთხელ ვითამაშე და მოვიგე კიდეც, იმ მედლის ნახვა დღესაც ძალიან მსიამოვნებს.

მე ჩემპიონთა ლიგას ვამჯობინებ, მაგრამ “არსენალისთვის” ევროპა ლიგაზე თამაში არც ისე ცუდი იქნება,” – აცხადებს პეტრ ჩეხი.

ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრედ დაასახელეს

ლონდონის “არსენალის” მეკარე, პიტერ ჩეხი ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრეჯერ დაასახელეს, რაც ახალი რეკორდია.

“მეთოფეთა” მეკარეს, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვა, კონკურენტობას “ჰერტას” ფეხბურთელი, ვლადიმერ დარიდა უწევდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ პრიზის მფლობელი გამოკითხვის შედეგად ვლინდება, რომელშიც ფეხბურთელები, მწვრთნელები და ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას.

ჩეხი: “ვენგერსა და მოურინიოს ერთი საერთო რამ აქვთ”

პეტრ ჩეხი თვლის, რომ ლონდონის “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცებს (არსენ ვენგერსა და ჟოზე მოურინიოს) ერთი საერთო რამ აქვთ.

“მართალია, ვენგერი და მოურინიო განსხვავებულები არიან, თუმცა მათ ერთი რამ აქვთ საერთო – არცერთ მათგანს არ უყვარს წაგება.” – განაცხადა “არსენალის” მეკარემ, რომელსაც მოურინიოს “ჩელსიშიც” აქვს ნათამაშები.

“ვფიქრობ, სწორედ ეს განაპირობებს მათ წარმატებას.

რადგანაც შეუძლებელია ამდენი ხნის მანძილზე უმაღლეს დონეზე თამაში, თუ მოგების მოთხოვნილება არ გაგაჩნია და ყველაფერს არ აკეთებ, რათა წაგება თავიდან აიცილო.”

პეტრ ჩეხმა პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი მოიპოვა

პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი, რომელსაც იმ მეკარეს აძლევენ, რომელიც ერთი სეზონის მანძილზე ყველაზე მეტჯერ მოახერხებს კარის მშრალად შენახვა, ამჯერად “არსენალის” მეკარის, პეტრ ჩეხის თაროზე დაიდებს ბინას.

“მეთოფეთა” კარის დარაჯი ამ პრიზის მოგებას ქრის სმოლინგს უნდა უმადლოდეს, რომელმაც “ბორნმუთთან” მატჩში საკუთარ კარში მოახერხა გოლის გატანა (3-1), რითიც აღნიშნული ტიტულისთვის ბრძოლაში ჩეხს დე ხეა ჩამოაცილა.

დე ხეამ 2015/16 წლების სეზონში 15-ჯერ შეინახა კარი მშრალად, ისევე რგოროც “მანჩესტერ სიტის” მეკარემ, ჯო ჰარტმა და “მელიების” მეკარემ კასპერ შმეიხელმა. ჩეხმა კი მათზე ერთით მეტჯერ – 16-ჯერ.

ჩეხი ერთ თვემდე გამოტოვებს

კუნთის ტრავმის გამო „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი თამაშს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა.

„ჩეხს სერიოზული ტრავმა ჰქონდა. პრობლემა „სოუნსისთან“ მატჩამდე აღმოჩნდა, მაგრამ ჩეხმა განაცხადა, რომ სათამაშოდ მზად იყო. ფეხბურთელს უნდა ვენდოთ. ჩეხი 33 წლისაა. ზოგჯერ საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინონ და მოედანზე მცირე ტკივილის მიუხედავად, მაინც გამოდიოდნენ“, – ციტირებს ვენგერს Goal.com-ი.

ჩეხი: „არსენალის“ მცველებს სამ სხვადასხვა ენაზე ვესაუბრები“

„არსენალის“ მეკარემ პეტრ ჩეხმა მატჩების დროს თავისი გუნდის მცველებთან კონტაქტის შესახებ ისაუბრა.

„მონრეალსა და ბალიერს ესპანურად, კოშელნის – ფრანგულად, მერტეზაკერს კი ინგლისურად ვესაუბრები. ამ უკანასკნელმა ინგლისური ჩემ მსგავსად იცის და სხვებს დარიგებებს სწორედ ამ ენაზე აძლებს. თუმცა, ასე ხშირად არ ხდება.

„არსენალში“ ტრანსფერი? ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ყოველთვის მინდოდა იმ გუნდში მეთამაშა, რომელიც იმარჯვებს. „არსენალის“ რომ არ მჯეროდეს, აქ არ გადავიდოდი. ფეხბურთს იმიტომ არ ვთამაშობ, რომ საუკეთესოებთან ვკონკურირებდე, უბრალოდ, მოგებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“, – ციტირებს ჩეხს „მირორი“.