2015 წლის უმდიდრეს კლუბთა ათეული (ვიდეო)

“ფუტბოლ დეილიმ” 2015 წლის ყველაზე მდიდარ კლუბთა ათეული გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება:

ადგილი: კლუბი: საერთო შემოსავალი:
10. “იუვენტუსი” (იტალია) 233,6 მლნ ფუნტი
9. “ლივერპული” (ინგლისი) 255,8 მლნ ფუნტი
8. “არსენალი” (ინგლისი) 300,5 მლნ ფუნტი
7. “ჩელსი” (ინგლისი) 324,4 მლნ ფუნტი
6. “მანჩესტერ სიტი” (ინგლისი) 346,5 მლნ ფუნტი
5. “პარი სენ-ჟერმენი” (საფრანგეთი) 396,8 მლნ ფუნტი
4. “ბარსელონა” (ესპანეთი) 405,2 მლნ ფუნტი
3. “ბაიერნი” (გერმანია) 407,7 მლნ ფუნტი
2. “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) 433,2 მლნ ფუნტი
1. “რეალი” (ესპანეთი) 459,5 მლნ ფუნტი

 

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ფეხბურთელების სია

სპორტულმა ინტერნეტ-პორტალმა Goal.com მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მდიდარ მოქმედ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.

რეიტინგს მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ უდგას სათავეში, რომელსაც „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი მოსევს, მესამე ადგილზე ლონდონის „ჩელსის“ შემტევი სამუელ ეტოო გახლავთ.

სრული სია ასე გამოიყურება:

 1.  კრიშტიანუ რონალდუ  („რეალი“)  148 მლნ ევრო
 2.  ლიონელ მესი  („ბარსელონა“)  146 მლნ ევრო
 3.  სამუელ ეტოო  („ჩელსი“)  85 მლნ ევრო
 4.  უეინ რუნი  („მანჩესტერ იუნაიტედი“)  84 მლნ ევრო
 5.  კაკა  („მილანი“)  82 მლნ ევრო
 6.  ნეიმარი  („ბარსელონა“)  80 მლნ ევრო
 7.  რონალდინიო  („ატლეტიკო მინეირო“)  78 მლნ ევრო
 8.  ზლატან იბრაჰიმოვიჩი  („პსჟ“)  69 მლნ ევრო
 9.  ჯანლუიჯი ბუფონი  („იუვენტუსი“)  63 მლნ ევრო
 10.  ტიერი ანრი  („ნიუ იორკ რედ ბულსი“)  57 მლნ ევრო

ფიფა „რეალს“ ორ მილიონ ევროს გადაუხდის?

სამი ხედირას ტრავმით გამოწვეულ ზიანს მადრიდის „რეალი“, სავარუდოდ, დაახლოებით ორი მილიონი ევროთი შეაფასებს. მოგეხსენებათ, წესების მიხედვით, საერთაშორისო მატჩში მიღებული დაზიანების გამო, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს კლუბებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდა უწევს. ხედირამ იტალიისა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (1:1) მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. ფეხბურთელის გამოჯანმრთელებას მინიმუმ ნახევარი წელიწადი დასჭირდება.

სადაზღვევო წესების თანახმად, ტრავმის მიღებიდან 28 დღის შემდეგ, ფიფამ მადრიდულ კლუბს ფეხბურთელის უქმობის ყოველ დღეს 20 548 ევრო უნდა გადაუხადოს. გასულ სეზონში, მას შემდეგ, რაც „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა სანაკრებო მატჩში ტრავმა მიიღო და სამი თვით იუქმა, ფიფამ „სამეფო კლუბს“ ერთ მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

 

ფრანსუა ოლანდმა კლუბებს „წითელი ბარათი“ უჩვენა

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ფეხბურთელებთან დათმობაზე არ წავიდა. მაღალ შემოსავალზე საგადასახადო განაკვეთი უცვლელი დარჩება.

მოგეხსენებათ, საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელებმა მაღალი გადასახადების გამო უკმაყოფილება გამოხატეს. ამ თემასთან დაკავშირებით პროფესიონალური კლუბების წარმომადგენლები პრეზიდენტ ოლანდს შეხვდნენ, თუმცა „სიმდიდრისთვის გადასახადი“ ძალაში რჩება.

თითოეული ფეხბურთელი, რომელიც წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს, ვალდებულია, ბიუჯეტში შემოსავლების 75 პროცენტი შეიტანოს. არადა,  წელიწადში ერთ მილიონზე მეტი შემოსავალი საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელები ნოემბრის ბოლოს მაღალი გადასახადების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ. ასე რომ, შესაძლოა, გულშემატკივრები საფრანგეთის პირველი ლიგის მე-15 და მეორე ლიგის მე-16 ტურის მატჩების გარეშე დარჩნენ.

კლუბების წარმომადგენლები თვლიან, რომ მაღალი გადასახადები ფრანგულ ფეხბურთს კლავს, პროფესიონალიზმის დონეს დაბლა სწევს.

იმავდროულად, ქვეყნის ხელისუფლება დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

„ხალხი უბრალოდ ვერ გაიგებს, გადასახადები სპეციალურად ფეხბურთელებისთვის რომ გავაუქმოთ. ნორმალურია, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში შედარებით მდიდარი ხალხი საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა ჟან-მარკ ერომ.

ბექა დოგრაშვილი

ჩაო, პრეზიდენტე!

გასულ კვირას, მასიმო მორატიმ მილანის „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ თოჰირს ოფიციალურად მიჰყიდა, რითაც 1995 წლის თებერვალში დაწყებული ერა დასრულდა. ვინ არის ერიკ თოჰირი და როგორ „ინტერს“ უნდა ველოდოთ მისი მმართველობის დროს? იქნება ის კლუბისთვის ზედგამოჭრილი ფიგურა? თუ ეს უბრალოდ ბიზნესია? „ინტერის“ ტიფოზებს, წესით, მრავალი კითხვა უნდა აწუხებდეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისით ერიკ თოჰირს ნამდვილად შეუძლია, კლუბს რეალური გარანტიები მისცეს, რასაც მორატი „ნერიაძურისა“ და მის ქომაგებს, ალბათ, ვეღარ
დაჰპირდებოდა. ინდონეზიელი მაგნატი, ოჯახთან ერთად, არის მფლობელი Astra International-ისა (სპეციალიზდება ავტომობილების წარმოებაში, სამთო საქმიანობაში, ფინანსურ მომსახურებაში, სოფლის მეურბეობაში, ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო საქმიანობაში), რომლის ბრუნვაც, 2012 წლის შედეგების მიხედვით, 12 მილიარდ ევროს შეადგენს, მოგება კი _ 1,38 მილიარდ ევროს. თოჰირი ასევე ფლობს ორგანიზაციას „Mahaka Media“, რომელიც ეწევა საგამომცემლო და სატელეკომუნიკაციო საქმიანობას.

სიმდიდრე:

მილიარდელი არა მხოლოდ ფეხბურთით არის გატაცებული, არამედ კალათბურთითაც. ის ფლობს NBA-ს კლუბ „Philadelphia 76ers“-ის აქციათა 15 პროცენტს, ასევე არის სამშობლოში ორი კლუბის თანამფლობელი – „Satria Muda BritAma Jakarta“ და „Indonesia Warriors“. გარდა ამისა, თოჰირი გახლავთ ინდონეზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 50 მილიონი დოლარი გამოჰყო საფეხბურთო კლუბ  „დისი იუნაიტედის“ განვითარებისთვის.

მორატი:

ვერავინ იტყვის იმას, რომ მორატის ფული არ აქვს. რატომ დათმო მან „ინტერის“ მფლობელის სავარძელი? იქნებ მასში ფეხბურთი აღარ იწვევს ვნებას? ვნებას, რომელსაც „ინტერის“ ქომაგები გუნდის წარმატებისთვის არ იშურებდნენ.

მორატის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ტიფოზებთან, ის ღირსეულად ატარებდა „შავ-ლურჯთა“ მფლობელის სახელს. მიუხედავად იმისა, რომ მორატის ხშირად აკრიტიკებდნენ ფულის უაზროდ ხარჯვაში, ის „ინტერის“ ქომაგებს უყვარდათ, რადგან კლუბის პრეზიდენტი წარმატებისკენ სავალ გზაზე გულით მოქმედებდა და არა – ჭკუით.

წარმატებები:

1995 წლის თებერვლიდან, „ინტერის“ პრეზიდენტად მასიმო მორატის გახდომიდან, კლუბმა 16 ტიტული მოიგო: 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, უეფას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ყველაზე მთავარი – უეფას ჩემპიონთა ლიგა.

აი, რა განაცხადა „ინტერის“ ახალმა მფლობელმა თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში: „მოხარული ვარ, რომ მორატიმ „ინტერის“ მართვა მანდო. მოხარული ვარ, რომ ის მომავალში ჩემი პარტნიორი იქნება“.

ეს სიტყვები კი თავად მორატის ეკუთვნის: „კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მგონია, რომ ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც რაღაც იცვლება. არ ვთვლი, რომ ცხოვრების ახალ რიტმს უნდა მოვერგო. ერთის მხრივ, აშკარაა კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული, მეორეს მხრივ – ნუგეშია, რომ  კლუბი საიმედო ხელშია. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ბექა დოგრაშვილი