“მელიებმა” “გედებს” ადვილად მოუგეს

დღეს პრემიერ ლიგის მოგების მთავარმა კანდიდატმა, “ლესტერმა” შინ “სუონსი” მიიღო. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობას ვერ ღებულობდა ჯეიმი ვარდი, რომელმაც “ვესტ ჰემთან” მატჩში წითელი ბარათი მიიღო, ამიტომაც რანიერის ექსპერიმენტული თერთმეტეულის გამოყვანა მოუწია მოედანზე.

ანგარიში მე-10 წუთზე რიად მარეზმა გახსნა, რომელიც მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. 20 წუთში ულოამ სხვაობა ორამდე გაზარდა, რამაც ლესტერშილელებს კომფორტული ჰანდიკაპი მისცა. მეორე ნახევარში ულოამ დუბლის გაფორმება შესძლო, რაშიც მას შლიუპის პასი დაეხმარა, მატჩის მიწურულს კი თავი ახლადშემოსულმა ოლბრაიტონმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 4-0.

“ლესტერის” მომდევნო მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება, უელსელები კი შინ იურგენ კლოპის “ლივერპულს” მიიღებენ.

“ლესტერი”: შმეიხელი, ფუქსი, მორგანი, სიმპსონი, ჰუტი, მარეზი, კანტე, დრინკვოტერი, შლიუპი (ოლბრაიტონი 82′), ულოა (კინგი 79′), ოკაზაკი (გრეი 73′).

“სუონსი”: ფაბიანსკი, ტეილორი, უილიამსი, ფერნანდესი, რენჯელი, ფერი (პალოში 46′), ბრიტონი, კორკი, სიგურდსონი, აიუ, რუტლეჯი (მონტერო 46′).

სანია: “დავამტკიცეთ, რომ პრემიერ ლიგა ლიგა 1-ზე უკეთესია”

ბაქარი სანია თვლის, რომ “პარის სენ-ჟერმენის” ბარიერის გადალახვით, “მანჩესტერ სიტიმ” ყველას დაუმტკიცა, რომ პრემიერ ლიგა ფრანგულ ლიგა 1-ზე უკეთესი ჩემპიონატია.

“ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ფანგულ ლიგა 1-ზე უკეთესი ჩემპიონატი პრემიერ ლიგაა, თუ რა თქმა უნდა ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არ უნდა შევჩერდეთ, წინ უნდა ვიაროთ. მართალია, უკეთ შეგვეძლო ასპარეზობა, თუმცა შანსი ჯერაც არ დაგვიკარგავს. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის უნდა ვიბრძოლოთ.” – განაცხადა “ქალაქელთა” მცველმა.

“ლესტერი” “ხიხონის” ვარსკვლავის გადაბირებით დაინტერესდა

“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელები “ხიხონის” ხელმძღვანელობასთან ლუის ჰერნანდესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ინფორმაციას ესპანური El Desmarque ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ხიხონი” ამჟამად მე-18 პოზიციაზე იმყოფება და დარჩენისთვის იბრძვის, ჰერნანდესმა საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და უცხოური კლუბების ყურადღებაც მიიპყრო.

ცენტრალური მცველის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, ასე რომ “ლესტერს” მისი შეძენა უფასოდ შეეძლება, თუ რა თქმა უნდა თავად ფეხბურთლი “მალაგაში” ან “ბეტისში” გადასვლას არ ისურვებს.

ქეროლის ჰეთ-ტრიკმა “ვესტ ჰემს” ლონდონური დერბი ვერ მოაგებინა

დღეს, “ვესტ ჰემის” საშინაო არენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ვესტ ჰემი” და ჩემპიონობისთვის მებრძოლი “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი “მეთოფეთა” აშკარა უპირატესობით დაიწყო, რაც უმალვე გარდაისახა იოზილისა და სანჩესის გოლებში (ორივე მათგანს აივობიმ გაუკეთა საგოლე გადაცემა).

ბევრს მატჩის დასასრული ეგონა ის, რაც საბოლოოდ დასაწყისი გამოდგა: მატჩის მიწურულს, ენდი ქეროლმა 3 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა, რითიც თავის გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ქეროლმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. შემდგომში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ლორან კოშელნიმ შესძლო, 3-3.

ვესტ ჰემი: ადრიანი, რიდი, კრისუელი, ტომკინსი(ემენიკე ’46), ოგბონა, კოუიატე, ნობლი, პაიე, ლანცინი, ანტონიო, ქეროლი.

არსენალი: ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, იოზილი, სანჩესი, კოკლენი (რემზი 61′), ელნენი(ჟირუ 68′), აივობი, უელბეკი(უოლკოტი 82′).

ჰენდერსონს ევრო-2016-ის გამოტოვება ემუქრება

ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა, შესაძლოა, უახლოესი ევროპის ჩემპიონატი გამოტოვოს, წერს „სქაი სპორტსი“.

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ევროპის ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში „ლივერპულის“ მოთამაშემ მუხლი დაიზიანა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფეხბურთელი თამაშს ექვსიდან რვა კვირამდე ვერ შეძლებს. წყარო ცნობით, მსგავსი ტრავმების დროს ფეხბურთელებს ხშირად სამი თვის გამოტოვებაც უწევთ, მაგრამ მერსესაიდელთა შუახაზელის შემთხვევა შედარებით ნაკლებად სერიოზულია.

ვის აქვს ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი?

როგორც იცით, კვირას “ლესტერმა” კიდევ ერთხელ მოიგო ანგარიშით 1-0, “მელიებმა” ამჯერად “საუთჰემპტონი” დაამარცხეს და 7 ქულით გაიჭრნენ წინ. წინ კი მხოლოდ 6 მატჩი დარჩათ.

აღნიშნული გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ “მელიებს” კიდევ 12 ქულა სჭირდებათ, რათა პრემიერ ლიგის ტიტული გაინაღდონ, თუმცა პრემიერ ლიგაში ასეთი ჰანდიკაპი ადრეც აღმოფრხვილა.

“მელიებს” წინ საგარეო მატჩი ელით “სანდერლენდთან”, რომელიც მთელი ძალებით სცდილობს პრემიერ ლიგაში დარჩენას. “ლესტერს” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში, რომელიც ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვის, თანაც მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” უნდა გაიმართოს, მათ ამავე ამბიციების მქონე “ვესტ ჰემთანაც” მოუწევთ დაპირისპირება.

ზ

გრემ სოუნესი თვლის, რომ “ტოტენჰემს” მის მთავარ ფავორიტებთან, “არსენალთნ” და “ლესტერთან” შედარებით გაცილებით უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს.

“ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 1 წლის წინ ისინი დამარხულები და ჩამოწერილები იყვნენ. შეიძლება თქვათ, რომ ჯერ კიდევ დარჩა მატჩები, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა, სადაც დიდი ბიჭების არ ეშინიათ.

ზოგი უყურებს მატჩებს და ფიქრობს – ‘ადვილად ავიღებთ სამ ქულას’. თუმცა ასე არ შეიძლება.

ზ

უდიდესი ფაქტორი არის ის, რომ თამაში გიწევს დიდი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რაღაცისთვის მთელი ძალებით იბრძვიან. ამის გათვალისწინებით “ტოტენჰემს” საუკეთესო კალენდარი აქვს.

“ტოტენჰემი” ირწმუნებს, რომ მათ მოგება შეუძლიათ. ისინი დაიჯერებენ, რომ “ლესტერს” ფეხი დაუსცდება. მათ მხოლოდ საკუთარ საქმეზე მართებთ კონცენტრაცია.”

პრემიერლიგის არცერთი და ევროპის ერთადერთი ტიტული 32 წლის მანძილზე – სირცხვილი ინგლისელ მწვრთნელებს

მას შემდეგ, რაც პრემიერ ლიგა დაარსდა (1992 წელი), აღნიშნული ტიტული არცერთ ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია. ამასთანავე ბოლო ინგლისელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის საუკეთესო ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა კევინ კიგანი იყო. ეს 20 წლის წინ მოხდა, როცა კიგანი “ნიუკასლ იუნაიტედს” ედგა სათავეში.

ბოლო ორ ათწლეულში მხოლოდ ორმა ინგლისელმა სპეციალისტმა მოახერხა საკუთარი გუნდის მესამე ადგილზე გაყვანა პრემიერ ლიგაში: როი ევანსმა (“ლივერპული”) და 70 წლის სერ ბობი რობსონმა, 2003 წელს “ნიუკასლთან” ერთად.

მართლაც რომ საშინელი სტატისტიკური მონაცემებია. ამ ფონზე გასაკვირი არც ის არის, რომ ინგლისელი მწვრთნელები ვერც სხვაგან ახერხებენ დიდი წარმატებების მიღწევას. გარი ნევილის 4-თვიანი ‘ფორთხიალიც’ სწორედ ბრიტანელების უსუსურობას უსვამს ხაზს, რომლის აწ უკვე ყოფილი გუნდიც სულ რაღაც 6 ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სხვა დიდ ჩემპიონატებში (ესპანეთი, გერმანია,იტალია, საფრანგეთი) სამად-სამმა ინგლისელმა მოახერხა წარმატების მიღწევა: ბილი ბერი (“ლილი”, 1946), ჯეს კარვერი (“იუვენტუსი”, 1950) და ტერი ვენაბლესი (“ბარსელონა”, 1985). საერთაშორისო დონეზე ბოლო წარმატებას კი ინგლისმა ნახევარი საუკუნის წინ, სერ ალფ რემსის წყალობით მიაღწია.

ზემოხსენებული რობსონი იყო ბოლო ინგლისელი სპეციალისტი, რომელმაც კონტინენტის მთავარი ტიტული მოიპოვა – რონალდოს დახმარებით მან “ბარსელონას” თასების მფლობელთა თასი მოაგებინა 1997 წელს. ევროპის თასისა ან უეფა თასის გამარჯვებულების ვინაობების გასაგება 1984 წლამდე მაინც უნდა დავბრუნდეთ, როცა თავი ჯო ფაგანის “ლივერპულმა” და კეიტ ბურკინშოუს (“ტოტენჰემმა” გამოიჩინეს.

ინგლისელი სპეციალისტების მუშაობა უმაღლეს დონეზე აშკარად სამარცხვინოა, დიახაც, ინგლისელებს უნდა რცხვენოდეთ მათი წარმომადგენლების. ამჟამად პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 ინგლისელი მწვრთნელი მონაწილეობს. რომელთაგან ორი ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის (ალან პარდიუ და სემ ალარდაისი). ნევილის გათავისუფლება კი ნიშნავს იმას, რომ ლა ლიგაში, სერია აში, ლიგა 1-სა და ბუნდესლიგაში ინგლისელი მწვრთნელი აღარ დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინგლისის ნაკრების ბოლო 4 მწვრთნელიდან 2 უცხოელი იყო.

სხვა წამყვანი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი მწვრთნელი ევროპის Top-5 ჩემპიონატში ესპანეთსა და იტალიას ჰყავს (20-20), საფრანგეთსკი 19 სპეციალისტი წარმოადგენს, მაშინ როცა ასპარეზზე 12 გერმანელი დამრიგებელია გამოსული.

ესპანელმა, იტალიელმა და გერმანელმა მწვრთნელებმა 16-ჯერ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის მოგება, მას შემდეგ, რაც ტურნირი ჩამოყალიბდა (1992). ამ პერიოდში იტალიელმა მწვრთნელებმა 26 მთავარი ჩემპიონატის ტიტულის მოგება მოახერხეს, ინგლისელებმა კი ვერცერთის.

ინგლისელ მწვრთნელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი, სემ ალარდაისი მუდმივად წუწუნებს იმაზე, რომ ინგლისელ სპეციალისტებს შანსი არ ეძლევათ: “პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ინგლისელ მწვრთნელებს უკანა პლანზე ვწევთ.”

ფაქტია, დღეს პრემიერ ლიგა მაღალი დონის ინგლისელი სპეციალისტების ნაკლებობას განიცდის. ალბათ, გამოსავალი ის იქნება, რომ ინგლისში ბავშვებს ტაქტიკური დეტალები თავიდანვე კარგად შეასწავლონ. როცა ისინი წამოიზრდებიან, კიდევ უფრო მეტს გაიგებენ, განვითარდებიან, ხოლო როცა სათამაშო კარიერას დაასრულებენ და მწვრთნელები გახდებიან, ცოდნას უკეთესად გამოიყენებენ. მაგალითად, იტალიაში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ტაქტიკას და ამ ქვეყანას არაერთი ძლიერი მწვრთნელი გაუზრდია.

ინგლისში ტაქტიკაზე სატელევიზიო გადაცემებში ხშირად საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს, სჯობს ეს დეტალები მწვრთნელებმა თავიანთ გუნდებში გამოიყენონ.

მესი: “პრემიერ ლიგა მომწონს, ყველა დიდ მატჩს ვუყურებ”

ლეო მესიმ აღიარა, რომ ის ინგლისური პრემიერ ლიგის დიდი ფანია, თუმცა უარყო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის პრემიერ ლიგაში აპირებდა გადაბარგებას.

“მომწონს ინგლისური და იტალიური ფეხბურთი. ყველა დიდ მატჩს ვადევნებ თვალს.” – განაცხადა მესიმ ეგვიპტურ ტელევიზიასთან ჩაწერილ ინტერვიუში.

“თუმცა როგორც უკვე ვთქვი, ჩემი მიზანი “ბარსაში” კიდევ რამოდენიმე წელი თამაში და კარიერის სწორედ აქ დამთავრებაა.

იმედი მაქვს, რომ ჩემი გეგმების შეცვლა არ მომიწევს, რამეთუ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ” – განაცხადა არგენტინელმა გოლეადორმა.

ჩავი: “ინგლისს ევროპის ჩემპიონატის მოგების რეალური შანსი აქვს”

მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ჩავი თვლის, რომ როი ჰოჯსონის გუნდს ევრო-2016-ის მოგების რეალური შანსი გააჩნია.

“ვფიქრობ, რომ ინგლისს ტურნირის მოგების რეალური შანსი აქვს.

სანამ ჩვენ ჩვენს პირველ ტიტულს მოვიგებდით, ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო, რამეთუ წარსულში მეოთხედფინალური ეტაპიდანაც ვერ ვახერხებდით გასვლას. ჩვენი დონიდან გამომდინარე ზეწოლა ძალიან დიდი იყო, რაც უარყოფითად მოქმედებდა.

მსგავსი პრობლემა იყო ინგლისის შემთხვევაშიც – მათ ოქროს თაობაზე (ლამპარდი, სქოულზი, ბექჰემი, ჯერარდი) ზეწოლა ძალიან დიდი იყო, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია.

ახლა სხვა დროა, კეინის, სტერლინგის, დელე ალისა და “ლესტერში” მოთამაშე ინგლისელების დრო. მათ უფლება აქვთ გავიდნენ და უბრალოდ ლაღი ფეხბურთი ითამაშონ. თუ უეინ რუნიც დაბრუნდება, მაშინ მათი შანსები ნამდვილად რეალური იქნება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა.

სლავენ ბილიჩი: “ზეწოლა? ეს “ვესტ ჰემისთვის” პრობლემა არ იქნება”

“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თვლის, რომ “ჩაქუჩებისთვის” მათზე არსებული ზეწოლა პრობლემა ნამდვილად არ იქნება. შეგახსენებთ, რომ “ვესტ ჰემს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე აქვს პრეტენზია.

“ეს უბრალოდ საფეხბურთო მატჩია. ფსიქოლოგიაც საფეხბურთო მატჩია, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ.

ოცდამეცხრე ტური “ჩელსისთან”, თუ რაც არის. ეს ჩვეულებრივი მატჩია სამი ქულისთვის და ნამდვილად არ ვთვლით, რომ რაიმე სახის ზეწოლა შეგვაფერხებს.

ზეწოლა არსებობს, თუმცა ასეთ სიტუაციაში ყოფნა გაცილებით უფრო კარგია, ვიდრე დარჩენისთვის ბრძოლა ან ცხრილის შუა ადგილისთვის ბრძოლა.” – განაცხადა ბილიჩმა, რომლის გუნდიც ამჟამად მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

სისოკო დარწმუნებულია, რომ ბენიტესი თავის საქმეს გააკეთებს

მუსა სისოკო დარწმუნებულია, რომ “ნიუკასლის” ახალი თავკაცი, რაფაელ ბენიტესი შეძლებს და კლუბს ინგლისურ პრემიერ ლიგაში დატოვებს.

“ძალიან გაგვიკვირდა, როცა გავიგეთ, რომ ბენიტესი ჩვენთან მუშაობას დათანხმდა, რამეთუ ის ყოველთვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის იბრძვის.

ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი. წინ 9 მატჩია და გვჯერა, რომ ბენიტესთან ერთად მომავალ სეზონშიც პრემიერ ლიგაში ვითამაშებთ.

ბენიტესს “რეალში”, “ლივერპულში” და კიდევ რამდენიმე კარგ გუნდში აქვს ნამუშევარი, ამიტომაც ჩვენ მას უნდა მოვუსმინოთ და გავაკეთოთ ის რასაც ის გვეტყვის. რაფა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.” – განაცხადა “კაჭკაჭების” ლიდერმა.

ფუკსი:”ბუნდესლიგა მოსაწყენია, ამ მხრივ პრემიერ ლიგა გაცილებით უკეთესია”

“ლესტერ სიტის” მცველი კრისტიან ფუკსი, რომელსაც გერმანიაშიც აქვს ნათამაშები (“ბოხუმის”, “მაინცისა” და “შალკეს” რიგებში) აცხადებს, რომ გერმანული ჩემპიონატი გაცილებით უფრო მოსაწყენია, ვიდრე ინგლისური პრემიერ ლიგა.

“გულწრფელად ვიტყვი – ბუნდესლიგა მოსაწყენია. 95% შემთხვევაში “ბაიერნი” იგებს მატჩს. ინგლისში კი გაცილებით მაღალი დონეა და ნებისმიერს შეუძლია ნებისმიერის დამარცხება.

რაც შეეხება ჩვენი წარმატების მიზეზს, პირველ რიგში ეს გაწეული შრომის ბრალია. ამასთანავე კლუბში ყველა ერთმანეთს ეხმარება, არც შურია და არც მტრობა. უბრალოდ გავდივართ მოედანზე, სიამოვნებას ვიღებთ და ვიგებთ.

ამაყი ვარ. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. გუნდის პოტენციალი ზაფხულშივე შევამჩნიე.” – განაცხადა მან.