ბენზემა: „რონალდუ – ფენომენია“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ „გრანადასთან“ ანგარიშით 9:1 მოგებული მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რომელმაც კარიერაში პირველად 5 გოლი სწორედ ხსენებულ შეხვედრაში გაიტანა.

„რონალდუ – ფენომენია, ის გუნდს ყოველთვის ეხმარება. მის გამო ძალიან მიხარია, რადგან ის ქებას იმსახურებს. მე, ბეილი და კრიშტიანუ რიგზე ვართ. ვმუშაობთ, რათა გუნდს დავეხმაროთ. ზოგჯერ ვიტანთ, ზოგჯერ – ვერა, თუმცა წარმატების მისაღწევად მაინც ყველაფერს ვაკეთებთ“, – განაცხადა „ბლანკოსის“ ფორვარდმა.

გუტი: „ბენზემა სუსტია“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ ქარიმ ბენზემას შესახებ ისაუბრა.

„ჩემი აზრით, ბენზემა სუსტია. სეზონი მან ცუდად დაიწყო, თუმცა, იმედია, იგი იმ დონეზე ითამაშებს, რა დონეზეც 2014 წლის ბოლოს ითამაშა.

ქარიმი ნამდვილი ცენტრფორვარდი არაა, თუმცა მას კრიშტიანუ რონალდუსი კარგად ესმის. იგი მეტ გოლს უნდა იტანდეს.

„ცხრიანები“ ყოველთვის ინდივიდუალური თამაშითაც გამოირჩევიან, რაც მომწონს. თუ ერთი თვის განმავლობაში იგი კარგად ვერ ითამაშებს, კრიტიკას თავიდან ვერ აიცილებს“, – დარწმუნებულია მადრიდელთა ექს-ნახევარმცველი.

ზიდანი: „რონალდუს შეუძლია, რომ მესის „ოქროს ბურთების“ რაოდენობით გადაუსწროს“

„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის აზრით, კრიშტიანუ რონალდუს შეუძლია, რომ „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის მოგებული „ოქროს ბურთების“ რაოდენობით აჯობოს.

„რონალდუ როგორც უცხოპლანეტელი თამაშობს. თუ იგი ასე გააგრძელებს, მაშინ მესის უპრობლემოდ გაუსწრებს“.

გარდა ამისა, ზიდანმა ქარიმ ბენზემას თაობაზე ისაუბრა.

„ბენზემა „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ზოგჯერ მესმის, რომ გუნდს სხვა ფორვარდი სჭირდებაა. ქარიმი სეზონში სამოც გოლს ვერ გაიტანს, თუმცა თავისი ნიჭით იგი ძალიან გვეხმარება“, – ციტირებს ზიდანს AS-ი.

ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „France Football“-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

Benzema

გამოკითხვაში მეორე ადგილი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბენზემას თანაგუნდელი რაფაელ ვარანი აღმოჩნდა.

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 26 წლის ფორვარდმა 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პრემიერლიგის გრანდები ბენზემასთვის ბრძოლას იწყებენ

„არსენალი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი შემტევი პოტენციალის გაძლიერებას აპირებენ.

ლონდონელები, რომლებსაც ოლივიე ჟირუ, დანი უელბეკი, ლუკას პოდოლსკი და იაია სანოგო ჰყავთ, გუნდის შეტევით უკმაყოფილონი არიან. გამორიცხული არ არის, უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბი პოდოლსკიმ დატოვოს, არსენ ვენგერმა კი ახალი თავდამსხმელის შეძენაზე ფიქრი დაიწყოს.

მერსესაიდელთა რიგებში უარესი სიტუაციაა. ზაფხულში გუნდი ლუის სუარესმა დატოვა, მარიო ბალოტელი კი მის სათანადოდ შეცვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამასთანავე შემტევი ხაზის კიდევ ერთ მოთამაშეს დანიელ სტარიჯს მუდმივი ტრავმა აწუხებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ რობინ ვან პერსისა და რადამელ ფალკაოს მომავალში დარწმუნებული არაა, რადგან ჰოლანდიელი ზედიზედ მეორე სეზონია, რაც ფორმაში არ არის, კოლმიელს კი, როგორც ჩანს, ტრავმების გარეშე და სტაბილურად თამაში დიდ ხანს არ შეუძლია.

„Daily Express“-ს თუ დავუჯერებთ, მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მზადაა, ქარიმ ბენზემას თაობაზე, ხსენებული კლუბების წინადადებები განიხილოს.

ანჩელოტი და ბენზემა თვის საუკეთესო მწვრთნელად და მოთამაშედ აღიარეს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კი ქარიმ ბენზემამ მიიღო.

რაც შეეხება სეგუნდა დივიზიონს, ესპანეთის რანგით მეორე ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელად პაბლო მაჩინი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ – „მალიორკას“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო.

ბენზემა „რეალთან“ 2018 წლამდე გაახანგრძლივებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

„El Confidencial“-ის ინფორმაციით, ფრანგის ახალი ხელშეკრულება 2018 წლამდე იმოქმედებს.

კონტრაქტის მიხედვით, ფორვარდის ხელფასი ყოველ წელს გაიზრდება: პირველ სეზონში იგი 6,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო მეორეში – 7 მილიონს და ა.შ.

სავარაუდოდ, მადრიდული კლუბი ბენზემასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას შემდეგ კვირას დაადასტურებს.

ბენზემა: „რეალის“ ყველა ფეხბურთელი ანჩელოტის პატივს სცემს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ჟურნალისტებს მოთამაშეთა და გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ურთიერთობების შესახებ უამბო.

„ანჩელოტი საუბრის დროს ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მას სხვადასხვა როლის თამაში არ უყვარს.

იგი მშვიდი პიროვნებაა, რომელმაც სათქმელის სწორად გადმოცემა და საჭირო სიტყვების არჩევა იცის. ამ ადამიანს გასახდელში ყველანი პატივს ვცემთ.

ვფიქრობ, ეს საუკეთესო სეზონი იყო. ტურნირების მოგების გარდა, მე ბევრ მატჩში ვითამაშე და თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ბენზმამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

სავარაუდოდ, ბენზემა „ბარსელონასთან“ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა, დიდი ალბათობით, კატალონიის „ბარსელონასთან“ მოახლოებული მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი „მალაგასთან“ მინიმალური ანგარიშით მოგებულ მატჩში დაშავდა. „ბლანკოსის“ ექიმები შიშობდნენ, რომ ქარიმი ელ კლასიკოს გამოტოვებს. ამის მიუხედავად, ესპანური პრესა დარწმუნებულია, რომ ბენზემა აღნიშნულ თამაშამდე საჭირო კონდიციებს აღიდგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ბენზემას დამატებაზე ფიქრობს

სხვადასხვა ევროპული გამოცემები მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის ქარიმ ბენზემას სხვა კლუბში გადასვის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებენ.

მაგალითად, Fichajes-ის ჟურნალისტთა ცნობით, „სამეფო კლუბის“ ფორვარდის შეძენის დიდი სურვილი მილანის „ინტერის“ ახალ მფლობელს ერიკ ტოხირს აქვს.

არაოფიციალური ინფორმაციით, „ნერაძური“ ქარიმის ტრანსფერის სანაცვლოდ მადრიდელებს 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბენზემა: „გულშემატკივრების მესმის“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ ბოლო შეხვედრებში მისი თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრებზე ისაუბრა.

„ქომაგების რეაქციის მესმის და მათ აზრს პატივს ვცემ. მოედანზე თავს კაგრად ვგრძნობ. კარლო ანჩელოტიმ მინდორზე ყოფნისგან სიამოვნების მიღება მირჩია, რაც თამაშის გაუმჯობესებაში შემიწყობს ხელს. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. გულშემატკივარები ბევრს ითხოვენ, თუმცა ეს გასაგებია. უკეთესი თამაშის ჩვენებაზე უნდა გავაგრძელოთ ფიქრი, რათა დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ბენზემამ.

ალექსანდრე მატევოსოვი