“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

სიმეონე: “უგოლობასთან დაკავშირებული პრობლემები გვაქვს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, “ყარაბაღთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა, სადაც მადრიდელებმა რეკორდული რაოდენობის, 35 დარტყმა შეასრულეს მეტოქის კარის მიმართულებით (პირველად, 2003/04-ის შემდეგ), თუმცა მხოლოდ ერთი გაიტანეს.

“თამაში ცუდად არ დაგვიწყია, თუმცა, უფრო მეტი სიზუსტე გვმართებდა გადამწყვეტ ფაზაში. “ყარაბაღს” პირველი შეტევებით საკმარისი ზიანი ვერ მივაყენეთ, რასაც მათი გოლი მოყვა.

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ნერვიულები და შეშინებულებს ვემსგავსებოდით. შედეგად მივიღეთ ფრე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედიოდა.

ეს ყველაფერი უგოლობამ გამოიწვია. ადრე ასეთ მატჩებში მეტი გაგვქონდა და ვიგებდით კიდეც, წელს კი ეს დიდი პრობლემაა ჩვენთვის. ეს ხარვეზები უახლეს მომავალში უნდა აღმოიფრხვას, თუ რაიმე შედეგზე გვაქვს პრეტენზია,” – აცხადებს სიმეონე.

“ყარაბაღის” კაპიტანმა ფრანგ მსაჯთა ბრიგადა გააკრიტიკა

“ყარაბაღის” კაპიტანმა, რაშად სადიგოვმა “ატლეტიკოსთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე ისაუბრა (0:0), რომლის 75-ე წუთზეც აზერბაიჯანული კლუბის თავდამსხმელი სიმულაციის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.

“ეს “ყარაბაღის” მიერ ევროსარბიელზე ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო. ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ასეთ სიტუაციაში ერთი ქულის მოპოვებაც უმნიშვნელოვანესი რამ არის. ნამდვილად არ მინდოდა, ლიგაზე გამოსვლა 0 ქულით დაგვესრულებინა. ახლა კი ასე არ იქნება.

დღეს ფანებმა მაღალი დონის ფეხბურთი იხილეს ჩვენი შესრულებით. ბუნებრივია, არც “ატლეტიკო” თამაშობდა ცუდად, ტაქტიკური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო მატჩი იყო.

მართალია, მსაჯებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არბიტრები “ატლეტიკოს” მხარეს იყვნენ. თუმცა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მსაჯების იმედზე ვერ ვიქნებით,” – აცხადებს სადიგოვი.

სიმეონე: “ამ მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, რომლის გუნდიც ჩემპიონთა ლიგაზე საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყმოფება, პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას “ყარაბაღთან” მატჩში მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს.

“რომასთან” გამართული შეხვედრა უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, “ჩელსისთან” მატჩში კი გოლი არ უნდა გაგვეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ დიდი შედეგი ვერ გამოიღო, ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებ. მჯერა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ასე გამარჯვებას შევძლებთ.

მზად ვარ, ყველა საჭირო ზომას მივმართო, რომ ხვალ ჩემმა გუნდმა სამი ქულის მოგება მოახერხოს. ამ მატჩში მხოლოდ სამი ქულა დაგვაკმაყოფილებს. მახსოვს, რომ გასულ წლებში “ასტანასა” და “როსტოვის” დონის კლუბებთანაც დავკარგეთ ქულები, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ვიცით, რომ ბაქოში მოგება რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთო ამისთვის,” – აცხადებს “ატლეტიკოს” არგენტინელი სპეციალისტი.

გელაშვილის დუბლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

3 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა. ნიკოლოზ გელაშვილის “ყარაბაღმა” საკუთარ მოედანზე “გაბალა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, მან მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა, ხოლო ერთხელ კი, თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა. გელაშვილმა თავი 26-ე და 50-ე წუთებზე გამოიჩინა, მოედნიდან კი 75-ე წუთზე გაიყვანეს.

ამრიგად, “ყარაბაღი” 27 ქულით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ “ნეფთჩის” ორი ქულით უსწრებს.

დიტო ჭიჭინაძე