მოურინიო: “სურს ფალკაოს თამაში? აჯობოს დიეგო კოსტას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში იჯარით მოთამაშე რადამელ ფალკაოს შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს სათანადო სათამაშო დრო არ ეძლევა იმის გამო, რომ იგი დიეგო კოსტას კონკურენციას ვერ უწევს.

“ფალკაომ დიეგო კოსტას უნდა აჯობოს. ჩვენ ერთი თავდამსხმელით ვთამაშობთ და ვიყენებთ იმ ფორვარდს, რომელიც უკეთეს ფორმაშია. ეს პირდაპირი კონკურენციაა. ჩვენთან საუკეთესოები თამაშობენ. რაც შეეხება ჭორებს იმის შესახებ, რომ ფალკაოს კლუბიდან წასვლა სურს, მე მას ყოველდღე ვესუაბრები. უცნაურია, რომ პრესამ იცის ის, რაც მე არ ვიცი”, – მოურინიოს სიტყვებს A Bola აქვეყნებს.

 

ფალკაო „ჩელსის“ დროზე ადრე დატოვებაზე დაფიქრდა

როგორც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, „ჩელსის“ თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელიც ლონდონურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავიდა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადაბარგდეს.

კოლუმბიელი „არისტოკრატების“ რიგებში თავისი სტატუსით უკმაყოფილოა და მოედანზე უფრო ხშირად თამაშის სურვილი აქვს. თავიხ მხვრივ, ფალკაოს გასაშვებად ჟოზე მოურინიოც მზადაა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელს წასვლის უფლებას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ იანვარში რომელიმე სხვა თავდამსხმელის დამატებას შეძლებს.

ცნობისთვის, „ჩელსიში“ ფალკაომ შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

ფალკაო „ჩელსის“ ვერ დაეხმარება

„ჩელსის“ ახალწვეულს აბდულ რაჰმან ბაბას ხვალ ლონდონურ კლუბში დებიუტი ექნება. როგორც „ლურჯთა“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, ფეხბურთელი „მაკაბისთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ითამაშებს.

გარდა ამისა, შეხვედრაში მონაწილეობას ნახევარმცველი ოსკარიც მიიღებს. რაც შეეხება ტრავმირებულებს, ლონდონელებს ხსენებულ თამაშში კოლუმბიელი რადამელ ფალკაო ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ – „მაკაბის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ფალკაო “ჩელსის” შეუერთდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ კლუბში ვარჯიში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ლონდონურმა კლუბმა კოლუმბიელი ფეხბურთელი “მონაკოსგან” ერთწლიანი იჯარის წესით აიყვანა.

“მოხარული ვარ, რომ გუნდს შევუერთდი და ახალ თანაგუნდელებთან ერთად მუშაობა დავიწყე”, – დაწერა სოციალურ ქსელში ფალკაომ.

“ჩელსი” წინასასეზონი მოსამზადებელ პერიოდს კანადაში გადის.

Falcao training

მოურინიო: “ფალკაოს ტრანსფერი ტერისთან და კეჰილთან შევათანხმე”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა რადამელ ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კოლუმბიელი შემტევის შეძენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჯონ ტერისთან და გარი კეჰილთან ისაუბრა.

გუნდი უკანახაზელებმა მას უთხრეს, რომ “მანჩესტერთან” თამაშის დროს ის საოცრად მოძრაობდა და მცველებისთვის დიდი პრობლემის გაჩენა შეუძლია.

“მე გარის და ჯონს ვესაუბრე. მათი მითხრეს, რომ ფალკაოს კარგი პოზიციების შერჩევა და თანაგუნდელებისთვის სივრცეების გაჩენა შეუძლია”.

“ჩვენ ფეხბურთელებს “მანჩესტერის” წინააღმდეგ ყველაზე მეტად მასთან გამკლავება უჭირდათ. ვნახოთ როგორ ივარგებს ჩვენთვის”.

ჟოზე მოურინიომ კლუბში თავდამსხმელთა კონკურენციაზეც ისაუბრა.

“ფალკაო შეიძლება, მეორე ან მესამე ფორვარდი იყოს. მან იცის, რომ ლოიკ რემსა და დიეგო კოშტას შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ჩვენ შეგვიძლია ფალკაო და კოშტა ერთმანეთს შევუწყვილოთ. ყველა გუნდს საკუთარი ტაქტიკა აქვს. თუ იგი ვან გაალს არ მოეწონა, ჰოლანდიელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”.

რატომ დაიმატა „ჩელსიმ“ ფალკაო? – მოურინიოს კომენტარი

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავდამსხმელ რადამელ ფალკაოს ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

„ზოგჯერ, როდესაც ფეხბურთელს სერიოზული ტრავმა აქვს, ვერაფრის გაკეთება გამოდის. თუმცა, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ფალკაოს შემთხვევაში, ყველაფერი სხვაგვარადაა.

გასულ სეზონში მან გარკვეული მიზეზის გამო თავის გამოჩენა ვერ შეძლო. არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი თავკაცობით „ჩელსიში“ ვერ თამაშობენ, მაგრამ სხვა კლუბებში ყველაფერი გამოსდით. ასე ხდება ხოლმე. თუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლამდე გაკეთებულ ოპერაციაზე ვისაუბრებთ, ვიცით, რომ ფალკაო კარგ მდგომარეობაშია. განვლილი სეზონის ანალიზი ჩვენი ამოცანა არ არის.

ვფიქრობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას „ჩელსისთვის. დროგბას დონის ფეხბურთელის შეცსაცვლელად, გამოცდილი მოთამაშის დამატება გვჭირდებოდა. ამჟამად ფალკაოს, რემისა და კოსტას სახით სამი თავდამსხმელი გვყავს, რითიც კმაყოფილნი ვართ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ოფიციალურად: რადამელ ფალკაო “ჩელსის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ, “ჩელსის” საიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ იჯარით რადამელ ფალკაო დაიმატეს.

კოლუმბიელი შემტევი “არისტოკრატულ” გუნდში 2015/2016 წლის სეზონს გაატარებს.

სატრანსფერო დეტალები არ გახმაურებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფალკაო 2011 წელს “ატლეტიკოში” ტიბო კურტუასთან, ფილიპე ლუისთან და დიეგო კოშტასთან ერთად თამაშობდა. ასევე, მისი თანაგუნდელია ნაკრებში ხუან კუადრადოც.

ფალკაო “ჩელსის”კანადაში შეუერთდება

“მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ლონდონის “ჩელსის” 19 ან 20 ივლისს შეუერთდება. Gol Caraco-ის თანახმად, კოლუმბიელი ფეხბურთელი, რომელიც “პენსიონერთა” რიგებში იჯარის წესით ითამაშებს, წინასასეზონო მზადებას “ჩელსისთან” ერთად კანადაში დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ რადამელ ფალკაომ გასული სეზონი განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში კოლუმბიელმა ფორვარდმა 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ფალკაო საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს

“მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელებს.

დასავლეთლონდონური კლუბი კოლუმბიელ ფეხბურთელთან საიჯარო კონტრაქტს კვირის ბოლომდე გააფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” სეზონის ბოლოს 50 მილიონ ევროდ ფალკაოს გამოსყიდვის უფლებაც მიეცემა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელმა ფორვარდმა გასული სეზონი განათხოვრების წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

ფალკაო ამჟამად მომავალზე არ ფიქრობს

თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ იჯარის შემდეგ „მონაკოში“ დაბრუნდა, ჯერ არ იცის, თუ სად ითამაშებს მომავალი სეზონიდან. ფეხბურთელის თქმით, მას მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ფიქრი სურს, რომელიც სულ მალე ჩილეში დაიწყება.

„მაქვს თუ არა „მონაკოში“ მომავალი? ამჟამად მხოლოდ „კოპა ამერიკაზე“ ვფიქრობ. ჩემ გარშემო ბევრი ჭორია, მაგრამ თავს მშვიდად ვგრძნობ. ყველა ამ საკითხით ჩემი აგენტია დაკავებული“, – განაცხადა ფალკაომ.

იხილეთ ასევე: ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

ფალკაოს “ჩელსიში” გადასვლა უნდა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, ინგლისის პრემიერლიგაში დარჩენას აპირებს.

წყაროს თანახმად, 29 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს ლონდონის “ჩელსიში” სურს კარიერის გაგრძელება. ფალკაო “სტემფორდ ბრიჯზე” გადასასვლელად მზად არის, ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებასაც დათანხმდეს.

ინგლისის პრემიერლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში რადამელ ფალკაომ 26 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.