ბენიტესმა “რეალის” ნახევარმცველებს ტაქტიკის გაკვეთილი ჩაუტარა

გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა გუნდის ნახევარმცველებს ტაქტიკური მეცადინეობა ჩაუტარა.

“ასის” ცნობით, ესპანელი სპეციალისტი 20 წუთის განმავლობაში ლუკას მოდრიჩს, ტონი კროოსს, კაზემიროს, ასიერ ილიარამენდისა და მარკოს ლორენტეს ტაქტიკის შესახებ ესაუბრებოდა.

ბენიტესმა ფეხბურთელებს აუხსნა, სად უნდა იყვნენ თავდაცვისა და თავდასხმის დროს. მწვრთნელმა მოთამაშეებს განუმარტა, საიდან უნდა დაიწყონ პრესინგი და რომელი პოზიციები უნდა დაიკავონ თანაგუნდელებისთვის საქმის გასაიოლებლად.

აღსანიშნავია, რომ რაფა ბენიტესმა ასეთი ინდივიდუალური მეცადინეობა მცველებისთვისაც ჩაატარა და მომავალში, ალბათ, თავდამსხმელებსაც ჩაუტარებს.

 

კონტემ ბენიტესს მოუბოდიშა

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ნაპოლის“ თავკაც რაფელ ბენიტესს ბოდიში მოუხადა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ დაწყვილდა, ბენიტესმა პრესის მეშვეობით კონტეს შესთავაზა, გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსისთან“ ერთად პორტუგალიური კლუბი დამარცხებული მყავს და თუ გინდა, რჩევებს მოგცემო. „ბებერი ქალბატონის“ თავკაცმა შემოთავაზებაზე თავდაპირველად უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ აღნიშნა, რომ პრესის წარმომადგენლებმა ბენიტესის სიტყვებს უარყოფითი ელფერი შესძინეს და ესპანელი სპეციალისტის წინადადება ამიტომაც იუარა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ბენიტესის სიტყვები პრესაში უარყოფითი ასპექტით გავრცელდა. მე მგონია, რომ რაფამ ამ განცხადებით ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, თუმცა რამდენიმე გაზეთმა მისი სიტყვები არასწორად გაავრცელა. ვფიქრობ, ბენიტესი გულწრფელი იყო, ამიტომ მე მას ბოდიშს ვუხდი“, – განუცხადა კონტემ „რაი სპორტს“.

ბექა დოგრაშვილი

ნეაპოლში ბენიტესის ორეული აღმოაჩინეს

47 წლის იტალიელი ოფიციანტი სერჯიო ვულკანო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესთან ფიზიკური მსგავსების გამო ნამდვილ ვარსკვლავად იქცა.

ვულკანო ნეაპოლში მდებარე მექსიკურ რესტორანში ოფიციანტად მუშაობს. მას გაზეთ “ლა რეპუბლიკას” ჟურნალისტი ეწვია და ბენიტესთან მსგავსების შესახებ ესაუბრა.

“ვიცი, რომ ბენიტესს ვგავარ, თუმცა მას შემდეგ, რაც ესპანელი მწვრთნელი “ნაპოლის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა, სულ უფრო და უფრო ხშირად მთხოვენ ავტოგრაფებს.

ერთხელ ჩემთან ერთი კაცი მოვიდა და მკითხა, ვიყავი თუ არა ბენიტესი. ის რამდნემე დღის განმავლობაში მაკვირდებოდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და სწორედ ამ შეკითხვით მომმართა. ერთ დილას კი პოლიციელი მომესალმა ავტომანქანიდან: “ჩაო, მისტერ!” – აღნიშნა რაფა ბენიტესის ორეულმა.

მსგავსება თქვენც შეგიძლიათ შენიშნოთ.

 

ბენიტესი: „ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია“

იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ლა რეპუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე ფეხბურთის ასპექტებზე ისაუბრა.

„ფეხბურთი ერთი დიდი ტყუილია. არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც საჯაროდ არ ვამბობ. მაგალითად, თუ ჩემი გუნდის რომელიმე ფეხბურთელი ცუდად ითამაშებს, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით არასდროს ვსაუბრობ ამის შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩემი უფლება და მოვალეობაა, ფეხბურთელს მის მიერ დაშვებული შეცდომებისა და ამ შეცდომის გამოსწორების გზებზე პირადად ვესაუბრო. სხვა რა უნდა აკეთოს მწვრთნელმა?

ანჩელოტის რომ შევხვდე, ვიცი, რომ ის ყველაფერს არ მეტყვის, რაც მადრიდის „რეალში“ ხდება და არც მე ვეტყვი ყველაფერს „ნაპოლის“ შესახებ. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სხვა გუნდების მიმართ გულწრფელნი ვიყოთ“, – განაცხადა რაფა ბენიტესმა.

ბექა დოგრაშვილი