სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მარტინ ონილმა “ნოტინგემ ფორესტი” ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ნოტინგემ ფორესტმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ონილი დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ “მეტყევეები” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებენ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტით უკმაყოფილო იყო და გუნდის თავკაცის პოსტიდან აიტორ კარანკა დაითხოვა, რომელმაც გასულ ზაფხულს 14 ახალწვეული დაიმატა.

მარტინ ონილი 2011 წლის ივნისის შემდეგ “ნოტინგემ ფორესტის” მე-11 მთავარი მწვრთნელი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 66 წლის სპეციალისტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.

მარტინ ონილი მოთამაშის რანგში “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას 1971–1981 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიგო.

მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ფაბრეგასის ახალი კლუბი ცნობილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კერძოდ, ესპანელი ფეხბურთელი “მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი სესკ ფაბრეგასს “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა, რამაც 31 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადააწყვეტინა.

შაბათს ფაბრეგასმა “ლურჯების” რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლონდონელებმა “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს. ესპანელი ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, ქომაგებმა ის მქუხარე აპლოდისმენტის გააცილეს, ფაბრეგასმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

“სქაი სპორტსის” ცნობით, დღეს სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაემგზავრება და ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

ვარანი: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო”

დღეს მადრიდის “რეალმა” ლა ლიგის მე-17 ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” კატალონიის “ბარსელონას” უმასპინძლა და 3:0 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდელთა ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა მცირე კომენტარი გააკეთა: “ბარსელონა” ჩვენზე ეფექტური იყო, როდესაც უპირატესობას ვფლობდით გატანა ვერ მოვახერხეთ, სტუმრებმა კი თავიანთი შანსები კარგად გამოიყენეს და დავმარცხდით. პირველი ტაიმი ჩვენთვის მართლაც შესანიშნავი გამოდგა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიეთ. მეორე ნახევარში “ბარსელონას” ფეხბურთელები უკეთ გამოიყურებოდნენ და გვაჯობეს. წითელმა ბარათმა კი შეხვედრაში თითქმის ყველაფერი გადაწყვიტა”, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალს” ამ მარცხის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებეს. ისინი კატალონიის “ბარსელონას” 14 ქულით ჩამორჩებიან.

“რეალი” – “ბარსელონა”: სასტარტო შემადგენლობები

რამდენიმე წუთში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მე-17 ტურში კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:

“რეალი”: ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, კოვაჩიჩი; რონალდუ, ბენზემა.

“ბარსელონა”: ტერ შტეგენი; ვერმაელენი, პიკე, სერხი რობერტო, ჟორდი ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, პაულინიო; მესი, სუარესი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.