სერხიო რამოსი: „მანჯუკიჩისთვის ზიანის მიყენება არ მსურდა“

მადრიდის „რეალის“ მცველის სერხიო რამოსის თქმით,„ატლეტიკოსთან“ მატჩში მან მარიო მანჯუკიჩს შემთხვევით ჩაარტყა.

„ვიცოდით, თუ როგორი მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ჩვენი საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას ვცდილობდით. სამწუხაროა, რომ ვერც ერთ მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ორმატჩიან დაპირისპირებაში ჯერ არაფერი გარკვეულა.

შეჯახება მანჯუკიჩთან? ეს შემთხვევით მოხდა, მეტოქისთვის ზიანის მიყენება არ მინდოდა“, – განაცხადა „ბლანკოსის“ მცველმა.

სიმეონე: „პირველ ტაიმში „რეალმა“ უკეთესად ითამაშა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შეფასებისას აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში მეტოქემ უკეთესად ითამაშა.

„პირველ ნახევარში მეტოქემ უკეთესად ითამაშა – „რეალმა“ ინტენსიურად იმოქმედა და მომენტებიც შეექმნა. ბეილის ეპიზოდში ობლაკმა ჩინებულად იმოქმედა.

შესვენების შემდეგ ჩვენი თამაში ძალიან მომეწონა. მეორე ტაიმში სულ სხვა გუნდი ვიყავით და იმ ფეხბურთს ვაჩვენებდით, რომლის ჩვენება გვსურდა“, – განაცხადა არგეტინელმა სპეციალისტმა.

ობლაკი: „კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ იან ობლაკმა მადრიდის „რეალთან“ განვლილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, გოლების გატანა და მოგება გვსურდა, თუმცა დღეს უფრო მნიშვნელოვანი აკრის მშრალად შენახვა იყო. ვინ არის ფავორიტი? არ ვიცი. „რეალს“ ჩინებული გუნდი ჰყავს. პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ვნახოთ, საპასუხო შეხვედრაში რა მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ მარსელო მეორე მატჩში ვერ ითამაშებს, „რეალს“ მისი ღირსეული შემცვლელები ჰყავს“, – განაცხადა „ატლეტიკოს“ კარის დარაჯმა.

კარვახალი: „მსაჯი ორივე გუნდის სასარგებლოდ შეცდა“

მადრიდის „რეალის“ მცველმა დანი კარვახალმა „ატლეტიკოსთან“ უგოლოდ დასრულებული მატჩის შეფასებისას ყურადღება არბიტრების მუშაობას მაიქცია.

„მარიო სუარესმა თქვა, რომ მსაჯმა ცუდად იმუშავა? ეს მისი აზრია. დღეს მსაჯმა შეცდომები ორივე გუნდის სასარგებლოდ დაუშვა. მაგალითად, მარსელო ყვითელ ბარათს არ იმსახურებდა, რომლის გამოც ის საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს.

ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები მსაჯებისთვის ძალიან რთულია. დაძაბულობის გათვალისწინებით, ჯამში არბიტრი დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდა“, – განაცხადა კარვახალმა.

ბუტრაგენიო: „ატლეტიკოზე“ უკეთესად ვითამაშეთ“

მადრიდის „რელის“ დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ აღნიშნა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მისმა გუნდმა თანაქალაქელ „ატლეტიკოს“ აჯობა.

„შედეგს თუ არ გავითვალისწინებთ, ეს ბრწყინვალე მატჩი იყო. ჩვენ უკეთესად ვთამაშობდით და მეტოქეზე გაცილებით მეტი მომენტი შეგვექმნა, თუმცა ობლაკმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, რითაც უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა არ მოგვცა“, – განაცხადა ბუტრაგენიომ.

“ატლეტიკო” VS “რეალი” [სასტარტო შემადგენლობა]

რამდენიმე წუთში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები აიღებს სტარტს. იხილეთ, რა შემადგენლობით გამოვლენ მოედანზე მადრიდული გუნდის წარმომადგენლები.

“ატლეტიკო”: ობლაკი, ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, გაბი, მარიო სუარესი, კოკე, არდა თურანი, გრიზმანი, მანჯუკიჩი.

“რეალი”: კასილასი, ვარანი, რამოსი, კრიშტიანუ რონალდუ, კროოსი, ბენზემა, ხამესი, ბეილი, მარსელო, კარვახალი, მოდრიჩი.

დიეგო ლოპესი: „მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელი არ ვყოფილვარ“

„მილანის“ მეკარემ დიეგო ლოპესმ„Canal Plus“-ის ეთერში 2013 წელი გაიხსენა, როდესაც „სევილიარან“ მადრიდის „რეალში“ გადავიდა და „სამეფო კლუბის“ ძირითად შემადგენლობაში აღმოჩნდა.

„მოურინიო გამესაუბრა და „რეალში“ გადასვლაში დამარწმუნა. მან მითხრა, რომ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ერთი წლით ადრეც სურდა.

შემდეგ ჟოზემ ისიც ახსენა, რომ კარში საუკეთესო მეკარეს დააყენებდა. მთავარია, ვარჯიშზე თავი გამოგვეჩინა. იკერის წინააღმდეგ მას არაფერი ჰქონდა და მისი საყვარელი ფეხბურთელი არც ვყოფილვარ“, – განაცხადა ლოპესმა.

პეპე: „ატლეტიკოსთან“ ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ“

მადრიდის „რეალის“ მცველმა პეპემ გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ლიდერამდე ჰანდიკაპის ორი ქულით შემცირება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინ კიდევ ბევრი მატჩია, რომელშიც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ყოველ შეხვედრას სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

„ატლეტიკოსთან“ შეხვედრა როგორც ჩვენთვის, ისე მეტოქისთვის მძიმე იქნება. არამგონია, იგივე შეცდომებიი დავუშვათ, რომელიც ამ გუნდთან წინა თამაშებში დავუშვით. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც შარშან, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა პორტუგალიელმა.

ანჩელოტი: „მოტივირებულები ვართ და „ატლეტიკოსთან“ მატჩზე ვფიქრობთ“

„ეიბართან“ მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ატლეტიკოსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაზე ფიქრობს.

„ატლეტიკოსთან“ ბოლო მატჩის შედეგი (მარცხი ანგარიშთ 0:4, ავტ.) მოტივაციას მოგვცემს. წინ სულ სხვანაირი შეხვედრა გველის. „ატლეტიკოსთან“ თამაში ყოველთვის რთულია.

ამჟამად კარგ ფორმაში ვართ. მოტივაცია არ გვაკლია და სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ. სამშაბათს დაძაბული თამაში გველის, თუმცა მასთან დაკავშირებით გეგმები უკვე მაქვს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ლუის სუარესი: „რეალში“ გადასვლა შემეძლო“

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ლუის სუარესის თქმით, თავის დროზე მისი შეძენით მადრიდის „რეალი“ იყო დაინტერესებული.

„რეალი“ ჩემით დაინტერესებული იყო, თუმცა ყოველთვის „ბარსელონაში“ თამაშზე ვოცნებობდი. კატალონიელთა წინადადების შემდეგ ერთი წუთითაც არ დავფიქრებულვარ.

ყოველგვარი ეჭვის გარეშე, „ბარსა“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქ ყოველი შესაძლო ტიტულისთვის უნდა ვიბრძოლო.

ლეო მესი ჩინებული და ძალიან მორიდებული ადამიანია. მასთან და ნეიმართან ერთად თამაში ჩემთვის პრივილეგიაა.

მესი თუ რონალდუ? მესი“, – განაცხადა ურუგვაელმა რადიო „Cadena COPE“-ს ეთერში.

ანჩელოტი: „ბეილი „ეიბართან“ არ ითამაშებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ რისკის თავიდან ასაცილებლად „ეიბართან“ ესპანეთის პრიმერა დივიზონის უახლოესი ტურის მატჩში ნახევარმცველ გარეთ ბეილს არ ათამაშებს.

„ბეილი მატჩს გამოტოვებს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც კუნთების მცირე პრობლემა აღმოუჩინა. სჯობს, მან დაისვენოს და შემდეგი შეხვედრისთვის მზად იყოს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

სუარესი: “რეალის” ფანების არ მესმის”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი გაოცებული დარჩა იმ ფაქტით, რომ მადრიდის “რეალის” ფანებმა მიმდინარე სეზონში იკერ კასილასს არაერთხელ დაუსტვინეს. ურუგვაელი ფეხბურთელის თქმით, ესპანელი მეკარის მიმართ ასეთი საქციელი ყოვლად გაუმართლებელია.

“რეალის” ფანების არ მესმის. როგორ შეიძლება, დაუსტვინო ასეთი კარიერის მქონე ფეხბურთელს, რომელმაც საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. ამ ხალხმა სტატისტიკას ჩახედოს და ნახოს, რა მიღწევები აქვს კასილასს. სანამ ვინეს დაუსტვენ, უნდა დაფიქრდე”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს Cope.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ისიც თქვა, რომ მისი თანაკლუბელი ლიონელ მესი “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუზე ძლიერია.

“მესი რონალდუზე ძლიერია. ლეო უდიდესი ფეხბურთელი და ამავე დროს, ძალზედ თავმდაბალი ადამიანია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან და ნეიმართან ერთად თამაშის შესაძლებლობა მეძლევა”, – აღნიშნა სუარესმა.