პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მარტინ ონილმა “ნოტინგემ ფორესტი” ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ნოტინგემ ფორესტმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ონილი დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ “მეტყევეები” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებენ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტით უკმაყოფილო იყო და გუნდის თავკაცის პოსტიდან აიტორ კარანკა დაითხოვა, რომელმაც გასულ ზაფხულს 14 ახალწვეული დაიმატა.

მარტინ ონილი 2011 წლის ივნისის შემდეგ “ნოტინგემ ფორესტის” მე-11 მთავარი მწვრთნელი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 66 წლის სპეციალისტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.

მარტინ ონილი მოთამაშის რანგში “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას 1971–1981 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიგო.

მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ფაბრეგასის ახალი კლუბი ცნობილია

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. კერძოდ, ესპანელი ფეხბურთელი “მონაკოს” ღირსებას დაიცავს.

ლონდონელთა თავკაცი მაურიციო სარი სესკ ფაბრეგასს “ჩელსის” ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მოიაზრებდა, რამაც 31 წლის ფეხბურთელს “სტემფორდ ბრიჯიდან” აბარგება გადააწყვეტინა.

შაბათს ფაბრეგასმა “ლურჯების” რიგებში უკანასკნელი მატჩი ჩაატარა, რომელიც ლონდონელებმა “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ ჩაატარეს და 2:0 იმარჯვეს. ესპანელი ფეხბურთელი შეხვედრის მიწურულს შეცვალეს, ქომაგებმა ის მქუხარე აპლოდისმენტის გააცილეს, ფაბრეგასმა კი ცრემლები ვერ შეიკავა.

“სქაი სპორტსის” ცნობით, დღეს სესკ ფაბრეგასი მონაკოში გაემგზავრება და ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტის ბოლო დეტალებს განიხილავს, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

“ჩელსიმ” იგუაინზე უარი თქვა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელიც დღესდღეობით იჯარის წესით “მილანში” თამაშობს, ლონდონის “ჩელსიში” არ გადავა.

ინგლისელებს ერთდროულად ორ იტალიურ გრანდთან მოუწევდათ მოლაპარაკება და აღნიშნული პროცესის სირთულის გამო “ჩელსიმ”არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა. როგორც გამოცემა Goal-ი იტყობინება, ლონდონელები ახალი თავდამსხმელის ძებნას აგრძელებენ, რომელმაც გუნდიდან ალვარო მორატას შესაძლო წასვლის შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილი უნდა დაიკავოს.

სნეიდერი: “რეალს” “აიაქსთან” გაუჭირდება”

ამსტერდამის “აიაქსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა უესლი სნიედერმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე აღნიშნულ კლუბებს შორის გასამართი დაპირისპირების შესახებ საიუბრა.

“რეალის” დასამარცხებლად საუკეთესო პერიოდია. აშკარაა, რომ მადრიდული კლუბი წინა წლების მსგავსად ძლიერი ვეღარ არის. “აიაქსი” ახალგაზრდული გუნდია, თუმცა მისი არდაფასება არ შეიძლება. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ, განსაკუთრებით ამსტერდამში. მადრიდელებს იოლი შეხვედრა არ ელით.

კი ბატონო, “რეალი” ფავოტირია, მაგრამ თუ “აიაქსი” შინ გასამართ პირველ შეხვედრას სასურველი შედეგით დაასრულებს, მადრიდელებს გაუჭირდებათ. ეს ორმატჩიანი დაპირისპირება “აიაქსის” ახალი მთავარი მწვრთნელისთვის კარგი გამოცდა იქნება”, – თქვა სნეიდერმა “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი მატჩი 13 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრა კი 5 მარტს გაიმართება.

კარიკატურა: რონალდუს “რეალის” პენალტების დარტყმა მაინც უნდა!

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის მატჩში “რეალმა” “ჟირონა” 4-1 დაამარცხა. თერთმეტმეტრიანების გამოყენება მოახერხეს სერხიო რამოსმა და კარიმ ბენზემამ.

ადრე, პენალტებს “ბლანკოსში” რონალდუ ურტყამდა. ომარ მომანის აზრით, გოლს მოწყურებულ რონალდუს ასეთი რეაქცია ჰქონდა მაშინ, როცა ბურთთან დასარტყმელად რამოსი და ბენზემა მივიდნენ.

 

ლოპეტეგი: “ჩემი გუნდისთვის მენტალობა უმთავრესი რამაა”

ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურში “ჟირონამ” “რეალი” მიიღო და ანგარიშით, 1-4 დამარცხდა. დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ყველაზე მეტად, რამაც გამახარა, გუნდის მენტალობაა. ეს ძალიან კომპლექსური მატჩი გამოვიდა. მათ ანგარიში გახსნეს, თუმცა ჩვენ შინაგანი ძლიერება ვაჩვენეთ. ყველა დაპირისპირება ძლიერი გუნდის წინააღმდეგ გვაქვს. შესაბამისად, შენ გჭირდება გუნდი სრული შემადგენლობით.

ბევრჯერ ვცადეთ, რომ მეკარის საკითხზე განმარტება გაგვეკეთებინა. გვყავს ორი კარგი გოლკიპერი, თუ კიკო კასილიასაც ჩათვლით – სამი. ისინი არ წარმოადგენენ პრობლემებს, ისინი წარმოადგენენ პრობლემის გადაჭრის გზებს. შესაბამისად, დღიდან დღემდე ვაანალიზებთ ამ საკითხს და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ამჯერად კეილორ ნავასი გამოვიყენეთ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, რომ ის იდეალურად გაისარჯა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. საერთო ჯამში

, გეტყვით, რომ თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენცია გვაქვს, რაც შესანიშნავია მთლიადან გუნდისთვის,” – ამბობს ლოპეტეგი.

მარსელო: “მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებული დავრჩი”

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მეორე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა “ჟირონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. დედაქალაქელებმა ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს და ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.

შეხვედრის შემდეგ მარსელომ, რომელიც მოულოდნელად, მე-60 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“გაკვირვებული დავრჩი, როცა მწვრთნელმა მოედნიდან გამიყვანა. თავს 100%-ით კარგად ვგრძნობდი და თამაშის გაგრძელება მინდოდა. თუმცა, დამრიგებლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, თითოეული მატჩით წინ წავიწევთ, გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს. დღეს მშვენივრად ვმოქმედებდით მოედანზე და სასურველი სამი ქულაც მოვიპოვეთ.

კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და, რა თქმა უნდა, ის გვენატრება. თუმცა, ბეილი და ბენზემაც ძალიან კარგები არიან. მეკარეების თემა? ჩვენ ორი უმაღლესი დონის კარის დარაჯი გვყავს. ბედნიერი ვარ კეილორის თამაშით, ის კარგად გამოიყურება,” – ამბობს მარსელო.

კარიკატურა: რონალდუ თანაგუნდელებს “მაკრატელა” გოლის გატანას ასწავლის

მადრიდის “რეალის” უკვე ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ ტურინის “იუვენტუსის” კარში გატანილი “მაკრატელა” უეფას წლის გოლის ნომინაციაშია წარდგენილი.

აღნიშნულ თემაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

კარიკატურა: მადრიდის “ატლეტიკო” უეფას სუპერ თასის გამარჯვებულია

მადრიდის “ატლეტიკომ” უეფას სუპერ თასის ფინალში თანაქალაქელი “რეალი” დაამარცხა და კიდევ ერთი ტიტული მოიგო.

აღნიშნულ გამარჯვებაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/39200704_1078275689003943_5026490712879792128_n.jpg?_nc_cat=0&oh=4038b6dd78f8882f3db71c9c86a8e72b&oe=5C0D61C1

ლუჩანო სპალეტი:”მოდრიჩს “ინტერში” ძალიან უნდოდა, მაგრამ “რეალი” კვლავაც მის იმედზეა”

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი მადრიდის “რეალის” ხორვატ ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩზე საუბრისას აღიარებს, რომ მისი ტრანსფერის შანსები ძალიან დაბალია.

“არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ბედნიერებისთვის ისიც მყოფნის, რომ მოდრიჩის დონის ფეხბურთლს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული აქვს მოგებული და მსოფლიო ჩემპიონატზეც უთამაშია, ჩვენთან გადმოსვლა უნდოდა.

ის ფაქტი, რომ მოდრიჩს “ინტერის” მაისურით სურდა თამაში, სიამოვნებას მგვრის. რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელების დამატება ძალიან რთულია. კლუბმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო.

არა მგონია, მოდრიჩი გადმოვიდეს, რადგანაც “რეალში” კვლავ სურთ, რომ ასეთ ძლიერ ფეხბურთელს დაეყრდნონ. ამის მიუხედავად, მაინც ძლიერი გუნდი გვყავს და თუ მოდრიჩი დაგვემატება, წარმოუდგენლად რთული იქნება ჩვენი შეჩერება,” – აცხადებს სპალეტი.

აქვე იხილეთ: როგორ შეხვდნენ “რეალის” ფანები ლუკა მოდრიჩის დაბრუნებას