ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კიდევ ერთხელ ისაუბრა საკუთარი ასაკის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.
„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ამ სიტყვებს ამბობდა მოურინიო გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში.
ინტერვიუ სამუელ ეტოოსთან africanfootball.com-მა გამოაქვეყნა.
— ფიქრობთ, რომ აფრიკა თავის სიტყვას იტყვის ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— იმედი მაქვს, რომ იტყვის. აფრიკის მაცხოვრებლებს ძალიან ეიმედებათ, თუმცა მეტოქეები პატივს არ გვცემენ. შეხედეთ წამყვან ევროპულ კლუბებს, რამდენი აფრიკელი ბრწყინავს! მაგალითად, „მანჩესტერ სიტი“ ავიღოთ. შეხედეთ, რამდენი გოლი გაიტანა იაია ტურემ. ეს მესი რომ ყოფილიყო, ამაზე სამი წლის განმავლობაში ისაუბრებდნენ.
დღესდღეობით საუკეთესო აფრიკული გუნდი კოტ დივუარის ნაკრებია. ისინი ქაღალდზე ყველას აღემატებიან, თუმცა ამის დასამტკიცებლად უნდა მოიგონ კიდეც. აფრიკამ უნდა იბრძოლოს იმდენად, რამდენადაც ეს შეუძლია და ტურნირზე მაქსიმალურად შორეულ ეტაპზე უნდა გავიდეს. რატომაც ვერ უნდა მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი?! ხალხი იტყვის, რომ გავგიჟდი, მაგრამ აბა, სხვა რა განწყობით უნდა ჩავიდე ბრაზილიაში? დასასვენებლად?
— როგორ გრძნობთ თავს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც შესაძლოა თქვენთვის ბოლო გამოდგეს. რას ფიქრობთ „ჩელსიში“ თქვენს მომავალზე?
— მადლობას გიხდით შეხსენებისთვის, რომ ეს ჩემი ბოლო მუნდიალია. მე 33 წლის ვარ. იმ სულელს არ უნდა დაუჯეროთ, ბებერი რომ მიწოდა. ალბათ, შეამჩნევდით, რომ ამ ბებერმა ბევრ ახალგაზრდას აჯობა.
ზოგი ფიქრობს, რომ კარიერას აშშ-ში ან ახლო აღმოსავლეთში დავასრულებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჯერ კიდევ სიამოვნებას მანიჭებს. ვაპირებ, რომ ამავე დონეზე თამაში გავაგრძელო. რომელ გუნდში? ამას არ გეტყვით. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად თავს კარგად ვგრძნობ და თამაშის გაგრძელებასაც ვაპირებ.
მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 37 წლის ვიქნები. ზოგიერთს 42 წლის ასაკშიც უთამაშია მუნდიალზე. ასე რომ, მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეიძლება, რომ ვითამაშო.
— გეშინიათ ბრაზილიის ნაკრების? (ჯგუფურ ეტაპზე კამერუნის ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა)
— არასდროს არ მეშინია. შიშის გრძნობა, რომ მქონოდა, ფეხბურთელი ვერ გავხდებოდი. მეტოქე უნდა დააფასო. 11 კაცი 11 კაცს დაუპირისპირდება. კი ბატონო, კამერუნი 1994 წელს ბრაზილიასთან დამარცხდა, მაგრამ მე იმ გუნდის წევრი ვიყავი, რომელმაც „სელესაოს“ კონფედერაციის თასზე მოუგო. 88-ე წუთზე დიდას დიდებული გოლიც გავუტანე. შემდეგ ბრაზილიელები ოლიმპიურ თამაშებზეც დავამარცხეთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არ არის.
რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ არ მეშინია. ჩვენ ჩვენი შანსები გვექნება და ეს უნდა გამოვიყენოთ.
ბექა დოგრაშვილი