სოსო ფრუიძე: “თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, დიდი წარმატებისთვის “დინამოსთან” მოგება არის საჭირო-მეთქი”

დღეს უმაღლესი ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ მათგანში “დინამო არენაზე” ადგილობრივი “დინამო” საჩხერის “ჩიხურას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან, ანგარიშით, 1-2 დამარცხდა.

გამარჯვების შემდეგ, “ჩიხურას” მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართა.

“თამაშის წინ ბიჭებს ავუხსენი, რომ თუ დიდ წარმატებებზე გვინდა ფიქრი, მაშინ ეს მატჩი უნდა მოვიგოთ-მეთქი.”

“საერთო ჯამში, შესანიშნავი მატჩი გამოვიდა. იყო უხეში ორთაბრძოლები და ლამაზი მომენტებიც.”

“წითელი ჯგუფიდან “სამტრედიას” გამოვარჩევ. მათი მწვრთნელი, შესანიშნავად მუშაობს. ასევე, აღსანიშნავია, ბათუმის “დინმოც.”

ჩვენი მიზანი მინიმუმ სამეულში შესვლა იქნება,” – განაცხადა ფრუიძემ.

 

სოსო ფრუიძე: “წარმატებები “დინამოს” ევროპის ლიგაზე”

დღეს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში “ჩიხურამ” და “დინამომ” ნულოვანი ფრე ითამაშეს.

იმერული გუნდის მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“პირველ რიგში, მე მინდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, თბილისის “დინამოს” ევროპის ლიგაზე წარმატება ვუსურვო. მათი გამარჯვება ევროასპარეზზე ნებისმიერი ქართველის სურვილია.”

“რაც შეეხება შეხვედრას, “დინამოს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა. დიდი მადლობა ჩვენს გოლკიპერს, დინო ჰამზიჩს, რომელმაც გაშვებული გოლისგან გვიხსნა. თბილისური კლუბი თავმოყვარე გუნდია – სადაც არ უნდა იყვნენ, მუდამ პირველ ნომრად ცდილობენ ასპარეზობას. შესაბამისად, “ჩიხურამ” კონტრშეტევებზე ააგო თამაში.”

“ჩვენ გვქონდა რამდენიმე რეალური მომენტი, სადაც ნამდვილად შეიძლებოდა ანგარიშის გახნსა. ეს ვერ გავაკეთეთ. საბოლოოდ, ერთი ქულა პირველ შეხვედრაში “დინამოსთან”, ნამდვილად ძალიან კარგია!” – განაცხადა იმერული გუნდის მწვრთნელმა.

საჩხერის “ჩიხურამ” და თბილისის “დინამომ” უგოლო ფრე გააგორეს

დღეს სტარტი აიღო საქართველოს ეროვნულმა ჩემპიონატმა. ერთ-ერთ შეხვედრაში “ივანწმინდა არენაზე” საჩხერის “ჩიხურამ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა.

შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს. პირველი წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა  შეტევას. პირველი რეალური მომენტი “დინამოს” შეექმნა. პაპუნაშვილმა მოედნის მისადგომებიდან სტანდარტი შეასრულა, ბურთი საჯარიმოში ჩავარდა, დვალიშვილი თავით დარტყმას ცდილობდა, თუმცა კაშიამ ხელი შეუშალა. მე-19 წუთზე ცინცაძეს ჰქონდა საოცარი მომენტი – მან საჯარიმოს გარედან გაისროლა, დინო ჰამზიჩმა შორეულ ცხრიანში წასული ბურთის მოგერიება ძლივს მოახერხა.

“ჩიხურაც” გააქტირუდა. კონკრეტულად, სარდალიშვილმა შეუტია და მის წინააღმდეგ რენემ დაარღვია თამაშის წესი. ჩიკვაიძეს დაბალი დარტყმით უნდოდა საჯარიმოში ბურთის შეგდება, მაგრამ “დინამოს” მოთამაშეებმა ბურთი ადვილად გამოიტანეს. ამ მომენტს მიკელ ალვარომ უპასუხა, ისევ და ისევ, შორეული დარტყმით, მაგრამ ჰამზიჩს ამ ბურთის ხელში დაჭერა არ გასჭირვებია.

28 წუთზე კაშიამ ითამაშა კიტეიშვილის წინააღმდეგ ცუდად. მსაჯმა მას ყვითელი ბარათი უჩვენა. ლამის საჯარიმოს ხაზზე დანიშნული ჯარიმა ცინცაძემ შასრულა და ცოცხალ კედელს გაარტყა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, კი სარდალიშვილმა მუცელში მოარტყა ფეხი პაპუნაშვილს და ყვითელი ბარათიც მიიღო.

უხეში თამაშით “დინამოც” არ ჩამორჩა “ჩიხურას”. რენე ფერეირამ საჩხერელთა ფეხბურთელი წააქცია. განუგრავამ ჩააწოდა, თუმცა ბურთი კარს გადასცდა.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა. ორივე გუნდი ცდილობდა საკუთარი კარის მშრალად შენახვას და მეტ-ნაკლებად – შეტევასაც. 52-ე წუთზე დეკანოიძემ დაარტყა ჯარიმა, მაგრამ  ამაოდ.

ცოტა ხანში დვალიშვილს მიუვიდა ფლანგზე ბურთი. მან მარტივად შეიგდო საჯარიმოში და მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი კარს ასცდა.

74-ე წუთზე ყოფილ “ჩიხურელს”, ჯამბულ ჯიღაურს ჰქონდა მომენტი. საჯარიმოდან გამოვარდნილი მაღალი ბურთი, ტექნიკურად დაარტყა იმერელთა კარისკენ, თუმცა დინო ჰამზიჩმა უბადლოდ ითამაშა და ანგარიშის გახნსას ხელი შეუშალა. სულ მალე პაპუნაშვილმა ახლოდან დაურტყა “ჩიხურელთა” მეკარეს, თუმცა უცხოელ ლეგიონერს ბურთი ხელებში მიუვიდა.

“დინამო” უფრო გააქტიურდა. პაპუნაშვილმა 81-ეზე კუთხური მოაწოდა. დაახლოებით, 5-6 მეტრიდან ცინცაძემ თავით დაარტყა, თუმცა კარს მაღლიდან გადააცილა.

შეხვედრაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და, საბოლოოდ, იგი უგოლო ფრით – 0-0 დასრულდა.

საჩხერის “ჩიხურა”: დინო ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი განუგრავა, მიშიკო სარდალიშვილი, გიორგი ივანიშვილი (ირაკლი ლექვთაძე 87 წთ.), ლაშა ჩიკვაიძე, თორნიკე გორგიაშვილი (გიორგი გაბედავა, 9 წთ.), დენის დობროვოლსკი, შოთა კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, ბესო დეკანოიძე (დიმიტრი ტატანაშვილი, 62 წთ.).

სათადარიგო შემადგენლობა: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი გაბედავა, თორნიკე მუმლაძე, გიორგი კორიფაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

თბილისის “დინამო”: ანტონ სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მათე ცინცაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (ჯამბულ ჯიღაური 67 წთ.), გიორგი პაპუნაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ლაშა პარუნაშვილი, 90 წთ.), მათიას კურიე (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 56 წთ), მიკელ ალვარო, რენე ფერეირა, მატია შპიჩიჩი.

სათადარიგო შემადგენლობები: გიორგი ლომაია, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი თევზაძე, ბექა მიქელთაძე, ჯამბულ ჯიღაური, ზაზა თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

გაფრთხილებები: კაშია (34 წთ), სარდალიშვილი (35 წთ.), გაბედავა (85 წთ.), რენე (38 წთ.), ამისულაშვილი (42 წთ.).

 

 

სოსო ფრუიძე: “ქვეყანაში ფეხბურთის დონე თუ არ ამაღლდა, ნაკრებს ვერავინ ვერ უშველის”

თურქულ შეკრებაზე მყოფი საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ azerisport-ს მისცა.

– თქვენი გუნდი ევროთასებზე დაცვაში კარგი თამაშით დაგვამახსოვრდა. სტილი ხომ არ შეგიცვლიათ? 

– არა, თუმცა ჩემპიონატში განსხვავებულად ვთამაშობთ. ჩვენი ტაქტიკა მეტოქეზეა დამოკიდებული. თუ ის ჩვენზე ძლიერია, უპირატესობას დაცვიდან თამაშს ვანიჭებთ.

– ევოტურნირებს როგორ გაიხსენებდით? 

– კარგად გასახსენებელი პერიოდია. ძლიერ გუნდებს ვეთამაშეთ, რაც ჩვენს გუნდს სამომავლოდ გამოადგება. “ბურსასთან” და “ნეფტჩისთან” ჩატარებული მატჩები ჩვენთვის დიდი გამოცდილებაა.

– რა გახდა ქართული ფეხბურთის რეგრესის მიზეზი?

– სამწუხაროდ ბევრ პრობლემებთან გვაქვს საქმე. პირველ რიგში ეს ერთიანი სისტემის არქონას უკვაშირდება. არ გვაქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა. რაც მთავარია, ფეხბურთში ფულს არავინ დებს. მთავრობა კი უსახსრობის გამო ვერ გვეხმარება. ნიჭიერი მოთამაშეები ქვეყნიდან უკეთესი ანაზღაურების სანაცვლოდ მიდიან.

– საქართველოს ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე კახა ცხადაძის დანიშნვას როგორ შეაფასებდით? 

– ვთვლი, რომ საქართველოს ნაკრები ქართველმა უნდა გაწვრთნას. მისასალმებელია, რომ ჩვენ ახალგაზრდა ადგილობრივი სპეციალისტი გვყავს. მთლიანოაში მის დანიშვნას დადებითად შევაფასებდი.

– შეძლებს თუ არა ცხადაძე ნაკრებში შედეგების მიღწევას?

ქვეყანაში ფეხბურთის დონე თუ არ ამაღლდა, ნაკრებს ვერავინ ვერ უშველის. მათ შორის ცხადაძეც. მან ნაკრებში დისციპლინა უნდა დაამყაროს, რათა მოთამაშეებმა მთელი გულით ითამაშონ.

ქართველი მწვრთნელების უფლებებს დღეიდან სპეციალური მემორანდუმი დაიცავს

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც PRO ლიცენზიის კურსის მონაწილე თხუთმეტმა ქართველმა მწვრთნელმა ახალ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი ქართულ საფეხბურთო რეალობაში უპრეცენდენტოა. დღეიდან, მემორანდუმის თანახმად, მწვრთნელებს, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს, დამსაქმებლის მხრიდან მინიმალური სახელფასო ზღვარი ექნებათ. როგორც მწვრთნელთა სალიცენზიო კურსების ხელმძღვანელმა, გაიოზ დარსაძემ განაცხადა, აღნიშნული მემორანდული მწვრთნელთა უფლებებს დაიცავს.

გაიოზ დარსაძე: „როგორც მოგეხსენებათ, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი PRO ლიცენზიის კურსები ტარდება. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. ქართველი მწვრთნელები თანამედროვე ფეხბურთის შესახებ მნიშვნელოვან ტენდენციებს იგებენ. დღევანდელ შეხვედრას, შეგვიძლია, ისტორიული ვუწოდოთ, ვინაიდან, რეალურად, ქართულ ფეხბურთს სამწვრთნელო სკოლა არ ჰქონდა. მწვრთნელები ვაკუუმში მოექცნენ და იმ უთანასწორო ბრძოლის მსხვერპლები გახდნენ, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში არსებობს. აქედან გამომდინარე, ქართველი მწვრთნელების მიმართ მოთხოვნები გაზრდილია, მაგრამ არავინ არ დაკვირვებულა იმას, რომ ეს ადამიანები დაუცველები არიან. იგულისხმება, როგორც საფეხბურთო კონტრაქტები, ასევე მათი ხანგრძლივობა და დაბალი ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს უცხოელი სპეციალისტების მუშაობის მაგალითები, რომლებსაც მყარი კონტრაქტები ჰქონდათ. დღეს არც ერთ ქართველ მწვრთნელს ასეთი კონტრაქტი არ აქვს. არსებობს შრომით ხელშეკრულება, რომელიც მათ უფლებებს არ იცავს. გათავისუფლების შემდეგ, სპეციალისტები კომპენსაციას არ იღებენ, მაშინ, როდესაც ევროპაში მწვრთნელებს გათავისუფლების შემდეგ სრულ კომპენსაციას უხდიან. ჩვენ ვიცით, თუ რა თანხებზეა საუბარი. იგივეა დევიდ მოიესის ან რომელიმე სხვა სპეციალისტის მაგალითი.

გარდა ამისა, თანამედროვე ფეხბურთში საკმაოდ მაღალი მოთხოვნებია. შესაბამის განათლებას მწვრთნელები იგებენ, თუმცა წარმატების მისაღწევად მხოლოდ გუნდის თავკაცი საკმარისი არ არის. არის ინფრასტრუქტურის პრობლემებიც და ამ მხვრივაც სპეციალისტებს უთანასწორო გარემოში უწევთ მუშაობა. გარდა ამისა, არ არის ეფექტურად განვითარებული ბავშვთა ფეხბურთი. დაახლოებით, ამ სიტუაციის შედარება მანქანის მძღოლთან შეიძლება – თუ კარგ მძღოლს არ ჰყავს კარგი მანქანა, მისთვის წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ყველა ამ საკითხს მხოლოდ მწვრთნელები ვერ გადაწყვეტენ. არც ისინი არიან მამა აბრამის ბატკნები, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისინი დაცვას საჭიროებენ. მათი მუშაობა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში უნდა განისაზღვროს, მწვრთნელებს მინიმუმ ერთწლიანი კონტრაქტი უნდა ჰქონდეთ. ვადაზე ადრე კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში, მათ კომპენსაცია აუცილებლად უნდა მიიღონ. სწორედ ამ ყველაფერმა PRO ლიცენზიის კანდიდატთა მხრიდან ამ მანიფესტზე ხელის მოწერა განაპირობა. სამუშაოდ არავინ წავა, თუ ხსენებული პირობები არ შესრულდება„.

სოსო ფრუიძე („ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი): „ეს მემორანდუმი კლუბებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. გვიხარია, რომ იგი გაფორმდა. მწვრთნელის დაუცველობა ყოველთვის მინდორზეც ისახება. დაუცველობის გამო სპეციალისტმა, შეიძლება, არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს“.

ოთარ გაბელია: „გაიოზმაც თქვა, რომ გვყავდა კარგი მწვრთნელები, თუმცა ხსენებული პრობლემების გამო ისინი წარმატებას ვერ აღწევდნენ. ბევრმა ქართველმა მწვრთნელმა კურსები რომში და ჟენევაში გაიარა. იქ ჩვენი ბრიგადა ერთ-ერთ საუკეთესოდაც კი დაასახელეს.

მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელთა უფლებები დაცული იყოს, რადგან ოჯახები ამ ხალხსაც ჰყავს და სამუშაოდ მათ სათანადო პირობები უნდა შეექმნათ.

ეს მემორანდუმი კლუბის პრეზიდენტებისთვისაც კარგია, რადგან, მწვრთნელის გაშვების შემთხვევაში, მათ სხვა სპეციალისტის მოსაყვანად, დამატებითი თანხების დახარჯვა მოუწევთ“.

პრესკონფერენციის ბოლოს, გაიოზ დარსაძემ ისიც დაამატა, რომ 2016/2017 წლების სეზონიდან საქართველოში მწვრთნელად მუშაობის უფლება მხოლოდ PRO ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ, რისი დახმარებითაც კლუბებში არაკომპეტენტური კადრები ვეღარ იმუშავებენ.

სოსო ფრუიძე: “გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”

ხვალ, თბილისის დროით 17:00-ზე “დინამო არენაზე” მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალური მატჩი გაიმართება. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო” და “ჩიხურა” წარსდგებიან. დღეს კი, ქვეყნის მთავარი სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული მატჩის შესახებ “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ ისაუბრა.

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “ხვალინდელი თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი ტიტული ძალიან კარგი იქნება. ჩვენი კლუბი ახლა ყალიბდება და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წარმატება დადებითად იმოქმედებს. მზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობს და იმედია ამ თამაშშიც თავს არ შევირცხვენთ. ტრავმის გამო კუჭუხიძე ვერ დაგვეხმარება. ჯიღაურმა მხოლოდ გუშინ ივარჯიშა, ხოლო მუმლაძეს სიცხე აქვს.

ზამთრის პაუზის დროს გაძლიერებას ვაპირებთ. განიხილება 3-4 ადგილობრივი მოთამაშის მოწვევის შესაძლებლობა. გულშემატკივრებ მინდა მოვუწოდო, რომ მოვიდნენ თამაშზე. ვპირდები, რომ არ ინანებენ.”

სოსო ფრუიძე: “ბიჭებს ვუთხარი, რომ სტადიონზე მოსული ხალხისთვის უნდა გვეთამაშა”

“ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის გამართული ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (2:3) შემდეგ შეხვედრა საჩხერული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ შეაფასა.

სოსო ფრუიძე: მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვამბობდი, რომ გაშვებული გოლი ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იქნებოდა. სწორედ ამ დროს მოხდა კონცენტრაციის დაკარგვა, რაც შედეგზეც აისახა. მოედნის ცენტრში შემტევი ფეხბურთელები გვყავდა და გადაადგილებას აზრი აღარ ჰქონდა. 

პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ სტადიონზე მოსული ხალხისთვის უნდა გვეთამაშა და შედეგი მეორეხარისხოვანი იყო. ფეხბურთელებმა თავი დადეს და ბოლომდე ითამაშეს. ფაქტია, რომ “ნეფთჩის” შეტევაში საკმაოდ კარგი შემსრულებლები ჰყავს. ვფიქრობ, რომ  ჩვენი ტაქტიკა თავიდანვე სწორად იყო შერჩეული და პირველივე წუთებიდან შეტევაზე არ უნდა გვეფიქრა. 

“ჩიხურას” გაბედავა და დათუნაიშვილი ტოვებენ, რომლებიც კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებენ. დანარჩენი ფეხბურთელები ჯერჯერობით გუნდში არიან, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში, მათ შესანარჩუნებლად საკმარისი თანხები არ გვაქვს”.

 

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გასამართი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. გუნდები პატივს მიაგებენ აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერან ალეკპერ მამედოვს, რომელიც გასულ კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ნეფთჩი” თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: განრიგი, არბიტრი, ბილეთები

ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. “ნეფთჩი” თბილისში ოთხშაბათ დილას ჩამოფრინდება. იმავე დღეს გაიმართება გუნდების მატჩისწინა ვარჯიში და მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენციები.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ დილიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

Sportbox.az – ფრუიძემ ბოდიში მოიხადა

აზერბაიჯანული ვებ-გვერდის Sportbox.az – ის ცნობით საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ქართველი გულშემტაკივრების გამო ბოდიში მოიხადა.

“ქართველი გულშემატკივრების ქმედებამ გული დამწყვიტა. მათი ასეთი ქმედების გამო ბოდიშს ვიხდი” – განაცხადა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოდან ბაქოში ჩასულმა გულშემატკივრებმა “ბაქსელ არენაზე” რუკა გამოფინეს, რომელზედაც კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი. აღნიშნულ ფაქტს ქომაგებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

 

დავით ოდიკაძე: “ფრე ჩვენთვის სასურველი შედეგია”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა “ჩიხურას” კაპიტანმა დავით ოდიკაძემ, რომელმაც ნულოვანი ფრე სასურველ შედეგად შეაფასა.

“პირველ შეხვედრაში ჩვენი ამოცანა არწაგება გახლდათ, რასაც მივაღწიეთ კიდეც. ჩვენთვის ეს კარგი შედეგია. მძიმე მატჩი გამოვიდა.

ახლა განმეორებითი შეხვედრა გველის, ჩვენი ტრიბუნების წინაშე. “ბურსასპორის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დაახლოებით 15 ათასი გულშემატკივარი მოვიდა. ამჯერად უფრო მეტნი ვიქნებით, დაახლოებით 20 ათასი”, – ციტირებს ოდიკაძის სიტყვებს azerisport-ი.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.