საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ბელგიური “გენტის” ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც იცით, 19 წლის ქართველი შემტევი უვკე რამდენიმე თვეა ტრავმის გამო ვერ თამაშობს. მართალია, გუშინდელი მატჩისათვის ის “გენტის” განაცხადში შეიყვანეს, თუმცა საბოლოოდ, გიორგი სათადარიგოთა სკამზეც კი არ ყოფილა. ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ მატჩში ვერ დაეხმარება.
ალექსანდრე იაშვილმა 17 მარტს, ტელეკომპანია ტელეკომპანია იმედში, გადაცემა “სპორტი იმედზეს” ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას “გენტთან” კომუნიკაციის პრობლემა აქვს.
“სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემა არის. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ფეხბურთელს ტრავმა აქვს, წესით, მასზე ნაკრების ექიმს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ახლაც, უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ – სამწუხაროდ, ლაშა დვალმა ტრავმა მიიღო და მისი კლუბის ექიმებმა პირდაპირ დასკვნა გამოაგზავნეს, ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია. სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, რადგან პასუხები გვიან მოდის და სულ გვჭირდება შეხსენება. ექიმსაც კომუნიკაცია უჭირს. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ბელგიელებთან გვაქვს.
“გენტის” ხელმძღვანელობასთან ხშირად გვქონდა საუბარი, რომ ეს პრობლემა გამოსწორებულიყო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისე არ არის, როგორც საჭიროა. გიორგის ტრავმა ძალიან სამწუხაროა, ის ახალგაზრდა ფეხბურთელია და ახლა იწყებს კარიერას. ვიმედოვნებთ, ყველაფერი მალე გაირკვევა. სამი თვეა, ეს ყველაფერი იწელება და წინსვლა არ არის. მთავარია, თვითონ ჩამოყალიბდნენ, საჭიროა თუ არა ოპერაცია”, – განაცხადა იაშვილმა.