ეროვნული ლიგა: ორი “დინამოს” დაპირისპირება თბილისლებმა მოიგეს (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, “დინამო არენაზე” ორი “დინამოს” დაპირისპირება შედგა – დედაქალაქელები ბათუმლების წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კახა კაჭარავას შეგირდების უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-19 წუთზე თბილისელთა მარჯვენა მცველმა, ლევან გეგეჭკორმა გახნსა.

49-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ ორამდე გაზარდა სხვობა. 79-ე და 82-ე წუთებზე მიქელთაძემ ჯერ დუბლი შეასრულა, შემდეგ –
კი ჰეთრიკი. საბოლოოდ, “დინამომ” ანგარიშით, 4-0 იმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ თბილისურ გუნდს 71 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ბათუმური გუნდი 33-ით მერვეა.

ქუთაისის “ტორპედო” საქართველოს თასის ფინალშია!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ქუთაისის, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა. დაძაბული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0-0 დასრულდა. გოლი ვერც დამატებით დროში გავიდა. შესაბამისად, დაინიშნა თერთმეტმეტრიანი დარტყმები.

საგულისხმოა, რომ პირველი ორი დარტყმა ორივე გუნდმა გამოიყენა. თუმცა, შემდეგ შულაიამ და გურულმა თითო-თითო პენალტი გააცუდეს. საბოლოოდ, გადამწყვეი ფაზა იყო ის, როცა დავით კობოურმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, ვაჟა ტაბატაძემ კი გამარჯვების გოლი შეაგდო. შესაბამისად, თერთმეტმეტრიანების სერია ანგარიშით, 5-4 დასრულდა და “ტორპედო” თასის ფინალში გავიდა.

 

“ლოკომოტივმა” თბილისში “კოლხეთს” მინიმალური ანგარიშით მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრები იმართება. თავისი მატჩი ჩაატარა თბილისის “ლოკომოტივმა”, რომელიც “მიხეილ მესხი 2”-ზე ფოთის “კოლხეთს” დაუხვდა.

დაპირისპირება მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 63-ე წუთზე “რკინიგზელთა” ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გახდა. საგულისხმოა, რომ 84-ე წუთზე თბილისელთა ფეხბურთელმა, დავით უბილავამ გიორგი ბუხაიძე წააქცია, რომელიც საჯარიმოში შეჭრას და, ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპირ გასვლას ცდილობდა. მთავარმა არბიტრმა, ყრუაშვილმა მას 86-ე წუთზე წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ამას მოჰყვა სტანდარტული, რომლიდან ჩაწოდებული ბურთიც მეტოქემ გამოიტანა. თუმცა მეგრელებმა ის ისევ ჩააბრუნეს უკან, რასაც თავურით გოლი მოჰყვა. უკანასკნელი ჩაწოდების მომენტში ბურთს მოედნის საზღვრები დატოვებული ჰქონდა და გოლიც არ ჩაითვალა.

საბოლოოდ, “ლოკომ” ანგარიშით, 1-0 მოიგო. მას ახლა 52 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. “კოლხეთი” 20 ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

“დინამომ” “ჩიხურას” დამაჯერებლად მოუგო (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. თავისი მატჩი ჩაატარა საჩხერის “ჩიხურამ”, რომელიც “მიხეილ მესხზე” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა.

თამაშში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა: ბაქარ ქარდავამ დედაქალაქელები დააწინაურა. 41-ე წუთზე ლაშა თოთაძემ კიდევ ერთი უალამაზესი ჯარიმა გაიტანა და ორამდე გაზარდა სხვაობა. მეორე ნახევარში, 46-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ ერთი ბურთი გაქვითა. თუმცა, 59-ეზე აკაკი შულაიამ სიტუაცია დააწყნარა. შესაბამისად, “დინამომ” ანგარიშით, 3-1 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ კახა კაჭარავას შეგირდებს 68 ქულა აქვთ და პირველ პოზიციას იკავებენ. “ჩიხურა” 46-ით მეექვსეა.

 

ქართული დერბი: კუჭუხიძემ “ტორპედო” წაგებას ბოლო წუთზე გადაარჩინა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 28-ე ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა. ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” “ტორპედომ” თბილისის “დინამო” მიიღო.

დაძაბული დაპირისპირების პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ტაიმში, 62-ე წუთზე ლაშა თოთაძემ ჯარიმიდან შეაგდო და “დინამოელები” დააწინაურა. თუმცა, მეოთხე დამატებულ წუთზე ლაშა კუჭუხიძემ ზუსტად ითამაშა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, 1-1.

“დინამოს” 58 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. “ტორპედო” მას ექვსი ქულით ჩამორჩება და მეორეა.

 

თბილისის “საბურთალომ” ბათუმის “დინამო” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის 25-ე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში თბილისის “საბურთალო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდა. “დავით პეტრიაშვილზე” მიმდინარე დაპირისპირებაში ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა. ამის გაკეთება დავით ვოლკოვმა მოახერხა. ზუსტად სამ წუთში “საბურთალოდან” მეორე გოლი გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს, პირველ დამატებით წუთზე ლაშა შინდაგორიძემ სამბურთიანი გახადა თბილისელთა უპირატესობა.

მეორე ნახევარში, 82-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა მეოთხე გოლიც შეაგდო. ოთხ წუთში კი ნდუე მეციმ საბოლოო ანგარიში, 5:0 დააფიქსირა.

ამ შეხვედრის შემდეგ “საბურთალო” 37 ქულით მეექვსე ადგილზეა. “დინამოს” 26 ქულა აქვს და მეშვიდეზეა.

“ლოკომოტივმა” თბილისური დერბი მოიგო

დღეს, “მიხეილ მესხი 2”-ზე ეროვნული ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში თბილისური დერბი შედგა. ერთმანეთს დედაქალაქური კლუბები, “ლოკომოტივი” და “დინამო” დაუპირისპირდნენ.

მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა. ზუსტად რვა წუთში ბექა მიქელთაძემ პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

მეორე ნახევარში, 56-ე წუთზე არველაძემ კიდევ ერთხელ გაიყვანა “ლოკო” წინ. 82-ე წუთზე გიორგი ხიდეშელმა მესამე გოლი გაუტანა “დინამოს”.

საბოლოოდ, “ლოკომ” მატჩი ანგარიშით 3-1 მოიგო. იგი 30 ქულით მეოთხეზეა. “დინამოს” 46 ქულა აქვს და პირველზეა.

ბათუმის “დინამომ” თბილისის “ლოკომოტივი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბათუმში, “რაგბი არენაზე” ადგილობრივი “დინამო” თბილისურ “ლოკომოტივს” დაუხვდა. საკმაოდ დაძაბული შეხვერდაში ანგარიში მე-13 წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა.

მეორე ნახევარში “ლოკო” აქტიურობდა და გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა, ამ ტაიმში გოლი აღარ გავიდა. მაგრამ იგი ორი წითელი ბარათით გამოირჩა. ჯერ, 69-ე წუთზე ბათუმელმა ზურაბ არზიანმა მიიღო მეორე გაფრთხილება და მეოდანი დატოვა, ხოლო შემდეგ 72-ე წუთზე ირაკლი კომახიძემ გულშემატკივრის შეუარცხყოფსთვის მიიღო წითელი ბარათი და დედაქალაქელებიც კაცნაკლულნი დარჩნენ.

საბოლოოდ, 1-0 და “დინამომ” იმარჯვა. ის 20 ქულით მერვე ადგილზეა. “ლოკოს” 27 ქულა აქვს და მეხუთეზეა.

 

შულაია: “მერანს” დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს განვითარებაში, ახლა უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება”

თბილისის “დინამომ” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მარტივილის “მერანის” უკვე ყოფილი ფეხბურთელი, აკაკი შულაია დაიმატა. 20 წლის შემტევს თბილისელთა შემადგენლობაში სულ ახლახანს ჰქონდა დებიუტი. მისი პირველი ოფიციალური შეხვედრა ერვნული ლიგის მე-19 ტურში, ფოთის “კოლხეთთან” შედგა. იქ “დინამომ” მეგრული კლუბი ანგარიშით, 6-1 გაანადგურა.

Fanebi.Com-ი დაუკავშირდა შულაიას და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– შეაფასე “კოლხეთთან” შეხვედრა. რის ხარჯზე მიაღწიეთ ასეთ შედეგს?

– ამ მატჩში წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ბურთის ფლობა იყო. ჩვენ 90 წუთის მანძილზე ვაკონტროლებდით თამაშს, მწვრთნელის ყველა სხვა დანარჩენი დავალებაც პირნათლად შევასრულეთ. ამ ყველაფერმა კი შედეგი გამოიღო. ფაქტობრივად, პირველ ტაიმშივე შევძელით მეტოქის გატეხვა – მათ სამი უპასუხო გოლი გვუტანეთ. გარდა ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს განახლებული ჩემპიონატის პირველი თამაში იყო და მოტივირებულნი და კონცენტრირებულნი ვიყავით. მიხარია, რომ ასეთი რეზულტატი დავაფიქსირეთ.

– ფოთურ კლუბთან თამაში “დინამოში” შენი პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. როგორ შეაფასებ დებიუტს? გამოდგა ის ისეთი, როგორიც გსურდა?

– ჩემთვის ამ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს, როგორც აღინიშნა, სადებიუტო შეხვედრა იყო და, შესაბამისად, ძალიან მონდომებული გავედი მინდორზე. მინდოდა, რომ გოლით აღმენიშნა ჩემი დებიუტი.

– მარტვილის “მერანში” საკმაო ხნის მანძილზე გამოდიოდი. რა როლი შეასრულა მეგრულმა კლუბმა შენს განვითარებაში?

– დიახ, იქ მე ოთხი წელი ვთამაშობდი. “მერანს” დიდი როლი აქვს ნათამაშები ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ამისთვის მარტვილის კლუბში ყველა მომუშავეს მადლობას ვუხდი. მინდა, “მერანს” წარამატებები ვუსურვო!

– მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე, კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, საზღვარგარეთ წასვლას თუ განიხილავ? თუ ჯერ “დინამოში” აპირებ დამკვიდრებას და განვითარებას?

– “დინამოსთან” სამწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ახლა ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული: როგორ თამაშებს ჩავატარებ ამ კლუბში. თუ ღირსი ვიქნები, ყველაფერს განვიხილავ.

 

ირაკლი სიხარულიძე – ვრცელი ინტერვიუ ბომბარდირთან

ეროვნული ლიგის ორი წრის შემდეგ ბომბარდირთა დავას სათავეში ირაკლი სიხარულიძე უდგას, თბილისის ლოკომოტივის 26 წლის თავდამსხმელი, რომელმაც 18 მატჩში 15 გოლი გაიტანა და თავისი გუნდის წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანა.

ვნახოთ, შეძლებს თუ არა ირაკლი კარიერაში პირველად ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირობას, დღეს კი უკვე ფაქტია, რომ იგი ეროვნული ლიგის გამორჩეული ფორვარდია.

სიხარულიძემ Erovnulliga.Ge-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე ხარ, არც ლოკომოტივისთვის არის ურიგო შედეგი მეოთხე პოზიცია…

პირველ რიგში, ჩემთვის პრიორიტეტული გუნდის შედეგია. კარგი სტარტი გვქონდა, თუმცა მერე ჩავარდნა დაგვეწყო და ზედიზედ ხუთი თამაში წავაგეთ. თუმცა მთლიანობაში, პირველ ორ წრეში ამოცანას თავი გავართვით – მიზანი საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა იყო, ჩვენ კი მეორე წრე მეოთხე ადგილზე დავასრულეთ. თუმცა სტარტიდან გამომდინარე, მეტის მიღწევაც შეგვეძლო.

თუ წარმოიდგენდი, რომ სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იქნებოდი?

გავიმეორებ, რომ პირველ პლანზე გუნდის წარმატებას ვაყენებ, მაგრამ თავდამსხმელი ვარ და გოლების რაოდენობაზეც უნდა ვიფიქრო. შედეგიანი სეზონები წინა წლებშიც მქონია, თუმცა საუკეთესო ბომბარდირი არასდროს ვყოფილვარ. რაკი სეზონი ჩემთვის ასე შედეგიანად მიმდინარეობს, რატომაც არა, ვიბრძოლებ საუკეთესო ბომბარდირობისთვის. ამ ბრძოლაში ჩემი თანაგუნდელებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ვგრძნობ. თანაც, ჩემი მეგობრები ეროვნული ლიგის “ფენტეზიში” აქტიურად არიან ჩართულები, თავიანთი ვირტუალური გუნდების კაპიტნად სიხარულიძე ჰყავთ არჩეული და არ მინდა, იმედები გავუცრუო (იცინის).

საკმაო ხნის განმავლობაში ბომბარდირთა დავაში კონკურენციას გიწევდა თანაგუნდელი მამია გავაშელიშვილი.

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორები და მეგობრები ვართ, ერთად ვიბრვით ლოკომოტივის გამარჯვებებისთვის, თუმცა ისიც კარგია, ერთი გუნდიდან ორი თავდამსხმელი რომ არის სნაიპერთა რბოლაში ჩართული. ერთმანეთთან იოლად გამოვნახეთ საერთო ენა და ვფიქრობ, პროდუქტიული წყვილი შევქმენით. საერთოდ, ყოველთვის მირჩევნია, ჩემმა გუნდმა ორი თავდამსხმელით ითამაშოს, თავს ასე კომფორტულად ვგრძნობ. სამწუხაროდ, მამიას ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა, მაგრამ მოედანს მალე დაუბრუნდება და ძალიან გამეხარდება, პირად მონაგარს ძველებური ტემპით თუ გაზრდის.

პირველი სეზონია, რაც გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით თამაშობ. 

იგი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელია, თავისი აზროვნებითა და საქმისადმი მიდგომით. სამწუხაროდ, ადრე მის გუნდში არასდროს ვყოფილვარ. მისგან ფეხბურთელს ბევრის სწავლა შეუძლია. გარდა ამისა, დევდარიანს აქვს გუნდში მეგობრული გარემოს შექმნის უნარი. ლოკომოტივში თამაშობენ როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილი ფეხბურთელები, თუმცა ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობა, გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროა. პირადად ჩემთვის მწვრთნელის ნდობა ბევრს ნიშნავს და ეს ძალიან მეხმარება შესაძლებლობების წარმოჩენაში.

არის ევროსაგზურის მოპოვება ლოკომოტივის კონკრეტული მიზანი?

გადაჭრით არავის უთქვამს, რომ აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ევროტურნირებზე, მაგრამ რაკი სეზონის პირველი ნახევარი საუკეთესო ოთხეულში დავასრულეთ, რატომ არ უნდა ვიფიქროთ ამაზე? ვგრძნობთ, რომ ეს შეგვიძლია.

ჩემპიონატის ახლებურ ფორმატს როგორ აფასებ?

გუნდების რაოდენობის შემცირებამ დაძაბულობის ზრდა მოიტანა. აბსოლუტურად ყველა მეტოქესთან ძალიან ძნელია შედეგის მიღწევა, ყველა იბრძვის. თამაშის ხარისხის ამაღლებას უცებ ვერ მივაღწევთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სწორი გზით მივდივართ. მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურული პრობლემები, კარგი იქნება, თუ ეროვნული ლიგის არც ერთი მატჩი ხელოვნურ საფარზე არ ჩატარდება. დისკომფორტს მიქმნის ის, რომ ჩემპიონატის მატჩებზე ცოტა მაყურებელი დადის. სამტრედიაში თამაშისას სავსე სტადიონს მივეჩვიე – ფეხბურთელი ასეთ დროს მოედანზე სულ სხვა მუხტითა და პასუხისმგებლობით გადის.

ლოკომოტივი შენთვის მერვე ქართული გუნდია. გუნდების ცვლილება შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება თუ თავად ეძებ ხოლმე სიახლეებს?

როცა რომელიმე გუნდში თავს კომფორტულად გრძნობ, სხვაგან წასვლა არ მოგინდება. ბევრ ქართველ ფეხბურთელს უწევს კლუბების შეცვლა, რისი მიზეზიც ხშირ შემთხვევაში ფინანსურია. ლოკომოტივიდან წასვლაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

მიმდინარე სეზონის გარდა, კიდევ რომელ პერიოდს გამოარჩევდი შენი კარიერიდან?

გავიხსენებდი რუსთავის მეტალურგში ჩატარებულ სეზონს, სადაც საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი ჩავატარე მეც და გუნდმაც. ბოლო ტურამდე ვიბრძოდით ჩემპიონობისთვის, გვეგონა, რომ გავხდით ჩემპიონები, მაგრამ მერე ძველი ფედერაციის გადაწყვეტილებით, მეორე ადგილს დავჯერდით. ზოგადად კი, ყველა კლუბმა რაღაც შემძინა, ვიმუშავე ბევრ საინტერესო მწვრთნელთან, ვითამაშე არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელის მხარდამხარ.

საქართველოს ჩემპიონატში უკვე დიდი ხანია, თამაშობ. არ გქონია კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების რეალური შანსი?

გულწრფელად გეტყვით, რომ არ მქონია. ჩემს ასაკში უკვე ძნელია ძლიერ ლიგაში გადასვლა, სუსტ ჩემპიონატში წასვლას კი ისევ საქართველოში თამაში მირჩევნია. ვიღაცას მიაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში კატასტროფული დონეა, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მე პირადად, ჩვენს ჩემპიონატში თამაშის მოტივაცია საკმარისი მაქვს. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთისგან შედგება, არც რეჟიმის დაცვა მიჭირს და ვარჯიშებზეც დიდი შემართებით დავდივარ, მატჩებზე აღარაფერს ვამბობ.

რომელი თავდამსხმელია შენთვის მისაბაძი?

დღეს კლასიკური ფორვარდები უკვე ნაკლებად გვხვდებიან, თავდამსხმელის მოქმედების არეალი საგრძნობლად არის გაზრდილი. კრიშტიანო რონალდუ ჩემთვის ამ მხრივ სამაგალითოა. ძველი ფორვარდებიდან ბრაზილიელი რონალდო იყო იდეალური, ასევე ძალიან მომწონდა ესპანეთის ნაკრების შემტევი დუეტი – ტორესი-ვილია. ზოგადად კი, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიო იყო.

ვლადიმირ ვაისი ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს პერიოდულად შანსს აძლევს. გაქვს იმედი, რომ ერთ დღეს შენც მოხვდები მის რჩეულებში?

–    ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში ერთხელ მოვხვდი, მაგრამ საქმე ამის იქეთ არ წასულა. არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ მითამაშია, რაზეც გული მწყდება, მაგრამ ალბათ, მაშინ სხვები მჯობდნენ. ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა კი ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ.

Erovnuliliga.Ge

თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, “დინამო არენაზე” თბილისის “დინამომ” ქობულეთის “შუქურა” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიშის გახსნა დედაქალაქელთა კაპიტანმა, გიორგი პაპუნაშვილმა შეძლო.

მეორე ნახევარში, 55-ე წუთზე უკვე ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა თავი. ზუსტად ექვს წუთში საბა ლობჟანიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა. თბილისლები არ გაჩერდნენ და მეოთხეც გაიტანეს. 72-ე წუთზე არაბულმა დუბლი, ხოლო 79-ეზე კი საერთოდ ჰეთრიკი შეასრულა.

საბოლოოდ, 5-0.

ამ გამარჯვებით “დინამოს” 15 ქულა დაუგროვდა და პირველ ადგილზეა. რაც შეეხებათ აჭარლებს, მათ, მხოლოდ და მხოლოდ, ორი ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზე არიან.

 

ფოტო: Fcdinamo.Ge

ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” “ტორპედოს” სძლია (ვიდეო)

დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის “საბურთალომ” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში, პირველ დამატებით წუთზე გიორგი კოხრეიძემ ერთადერთი გოლი გაიტანა და “საბურთალოს” გამარჯვება მოუტანა.

შემადგენლობები

“საბურთალო”:  ლაზარე კუპატაძე, ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია, თედორე გრიგალაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ელვინ ტერა 57 წთ.), ლაშა შინდაგორიძე, გიორგი ხარაიშვილი (C), გიორგი ფანცულაია (გიორგი კოხრეიძე 72 წთ.), ვაგნერ გონსალვესი, სანდრო ალთუნაიშვილი (ზურაბ არზიანი 64 წთ.).

მწვრთნელი: გია ჭიაბრიშვილი.

“ტორპედო”: როინ კვასხვაძე (C), ვაჟა ტაბატაძე, გურამ ადამაძე, ოლეგ მამასახლისი (შოთა ბაბუნაშვილი 46 წთ.), გიორგი კუხიანიძე, ნიკა საბანაძე (თორნიკე კაპანაძე 74 წთ.), გიორგი გურული, გრიგოლ დოლიძე (ბიძინა მახარობლიძე 78 წთ.), გიორგი ქიმაძე, მერაბ გიგაური, ბექა ტუღუში.

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი.

გოლები: გიორგი კოხრეიძე (90+1 წთ.).

გაფრთხილებები: გონსალვესი (71 წთ.), კოხრეიძე (83 წთ.) – ტაბატაძე (57 წთ.), ტუღუში (84 წთ.), ადამაძე (88 წთ.).

წითელი ბარათი: არ იყო.