მეორე წრის წინ მოტივაციის გარეშე დარჩენილ გუნდებზე ბევრს ვწერდით. უმაღლესი ლიგის გათამაშების ფორმატიდან გამომდინარე, ლიგაში რამდენიმე ისეთი გუნდი აღმოჩნდა, რომელსაც სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე არანაირი მოტივაცია და მიზანი აღარ გააჩნიათ.
მაგალითად, ლანჩხუთის „გურია“. გურულებმა ექვსეულში მოხვედრა დაიბევეს და შესაბამისად უმაღლესშიც შეინარჩუნეს ადგილი, თუმცა ზედა ექვსეულში მახარაძის გუნდი გამოცდილ მეტოქეებს კონკურენციას ვერ უწევს და ეს ალბათ არც სჭირდება.
ანალოგიურ სიტუაციაშია ქვედა ექვსეულში მყოფი სამი გუნდი. ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად „სპარტაკი“, „მერანი“ და „ზუგდიდი“ იბრძვიან, ხოლო „ვიტ ჯორჯია“, „დილა“ და „ტორეპდო“ ფაქტობრივად ამხანაგური მატჩებს ატარებენ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით. მათ ასპარეზობას თითქმის არანაირი სატურნირო ინტრიგა არ გააჩნია.
სამწუხაროდ, ჩვენთან დიდი მნიშვნელობა არ აქვს მეხუთეზე გახვალ თუ მეშვიდეზე… კლუბი ამით რაიმე განსაკუთრებელ სარგებელს ვერ ნახავს. მაგრამ, სარგებლის, თანაც საკმაოდ დიდის, ნახვა შეიძლება უცხოურ ტოტალიზატორებში, რასაც ფეხბურთის ფედერაციის კვირის დასაწყისში გახმაურებული გადაწყვეტილებაც ადასტურებს. საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგის ხუთი წარმომადგენელი უეფას მიერ საეჭვო მატჩებში იქნა შემჩნეული, რაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა.
ევროპული და აზიური ტოტალიზატორები კვლავაც აქტიურად იღებენ ფსონებს საქართველოს ნებისმიერი ლიგის მატჩზე. ეს ბუნებრივი პროცესია, რასაც ვერაფერი ვეღარ შეცვლის.. მთავარია, თვითონ ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ფეხბურთში დასაქმებულმა ხალხმა სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ისწავლოს. ამის სურვილს კი, საქართველოში სამწუხაროდ ჯერ ვერ ვხედავთ…
მოტივაციის გარეშე დარჩენილი გუნდების თემას შევეხეთ და სწორედ ერთ-ერთ ასეთ გუნდზე გვინდა საინტერესო დაკვირვება გაგანდოთ. მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედოს“ მეორე წრის წინ ფინანსური პრობლემები შეექმნა, რამაც საკმაოდ მასშტაბური საკადრო ცვლილებები გამოიწვია ქუთაისურ გუნდში. შეიცვალა კლუბის ხელმძღვაელობა და გუნდის შემადგენლობა. მთავარ მწვრთნელად კი, რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა. „ტორპედომ“ ზედა ექვსეულში მოხვედრა ვეღარ შესძლო და ჩემპიონატის გაგრძელება მეორე ეშელონიშ გუნდებში მოუწია.
ამის ფონზე საინტერესოა, რომ „ტორპედოს“ უკანასკნელ ექვს შეხვედრაში ძოძუაშვილმა ყველა მატჩში პირველ ტაიმში ერთი ცვლილება მაინც განახორციელა. „ჩიხურასთან“, „სპარტაკთან“, „დილასთან“, „ზუგდიდთან“, „მერანთან“ და „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრებში ძოძუაშვილმა თავის „ტრადიციას“. „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრაში კი, სულაც ორი მოთამაშე გამოცვალა შეხვედრის პირველ ნახევარში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ აქედან ერთი ცვლილება იძულებითი ხასიათის იყო და მოთამაშის ტრავმით იყო გამოწვეული. სტატისტიკურად, ცვლილეებების ყველაზე დიდი პროცენტი მეორე ნახევრის შუაში ხდება, ძირითადად 70-ე წუთისთვის. ხოლო ყველაზე ნაკლებად მწვრთნელები ცვლილებებს სწორედ პირველ ნახევარში მიმართავენ.
ჩვენ ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებთ, მაგრამ ტოტალიზატორებში ფსონების მიღება რომ მატჩის შედეგის გამოცნობით არ შემოიფარგლება ახალი ამბავი ნამდვილად აღარ არის. ფსონების დადება ფაქტობრივად ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. სწორედ ამის გამო, სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებს გარკვეული ეჭვებიც გაუჩნდა და სიტუაციაში უკეთესად გარკვევის მიზნით, „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს დავუკავშირდით და აღნიშნულ კომენტარი ვთხოვეთ.
რევაზ ძოძუაშვილი: ასეთმა ხმებმა ჩვენამდეც მოაღწია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ვისაც ეჭვი ეპარება შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ყველა თამაშს და ცვლილებას პროფესიონალურად გავარჩევთ. ვპირედები, რომ 100% დავარწმუნებ იმ ცვლილებების საჭიროებაში და სისწორეში. ეჭვი ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია მივიტანოთ, მაგრამ მას დასაბუთებაც უნდა. ამ შემთხვევაში საქმე უბრალოდ უცოდინარობასთან გვაქვს.
ჩევნი გუნდი ახალი შექმნილია და ასეთი ფაქტები ბუნებრივიც არის. სეზონის მსვლელობისას გუნდის შენება გრძლედება. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებების უმრავლესობამ გაამართლა და მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. უმჯობესი იქნება, რომ ასეთ აბსურდულ თემებს შევეშვათ და ერთად იმ საკითხებზე ვიზრუნოთ, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.