სპალეტი შესაძლოა “პარმასთან” მატჩის შემდეგ გაათავისუფლონ

მილანის “ინტერის” მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის გუნდში მუშაობა, შესაძლოა, სეზონის ბოლომდე არც კი ჩაამთავრებინონ. იტალიელმა სპეციალისტმა შექმნილი მდგომარეობა “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ ჯუზეპე მაროტასთან ერთად “ბოლონიასთან” განცდილი საშინაო მარცხის (0:1) შემდეგ განიხილა.

ANSA-ს ცნობით, ლუჩანო სპალეტის ბედი იტალიის სერია А-ს 23-ე ტურში “პარმას” წინააღმდეგ გასამართ მატჩზეა დამოკიდებული, რომელიც 9 თებერვალს ჩატარდება. იტალიელი სპეციალისტის გათავისუფლების შემთხვევაში, მის ყველაზე რეალურ შესაძლო შემცვლელად ანტონიო კონტე სახელდება, რომელიც მაროტასთან ერთად ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.

შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი მილანის “ინტერში” 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი დანიშვნიდან ერთ თვეში გუნდმა საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი – ჩემპიონთა საერთაშორისო თასი მოიგო. “ნერაძურიმ” სერია A-ს გასული გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, თუმცა გუნდი ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა და ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც მისი მეტოქე ვენის “რაპიდი” იქნება.

დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

იკარდიმ “ინტერს” მოთხოვნა წაუყენა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ მაურო იკარდის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. “კალჩომერკატოს” ცნობით, “ნერაძური” მზად არისმ 25 წლის ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით ექვსი მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა არგენტინელ ფორვარდს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს.

მაურო იკარდის წელიწადში სუფთა ანაზღაურების სახით 7,5 მილიონი ევროს მიღება სურს, რითაც ის სერია А-ს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ მეორე ადგილს დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 110 მილიონი ევროა.

მაურო იკარდიმ მიმდინარე სეზონში “ინტერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

პეტრ ჩეხი კარიერას ასრულებს

ლონდონის “არსენალის” კიპერმა პეტრ ჩეხმა გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს პროფესიულ კარიერას დაასრულებს.

“ეს პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში ჩემი მეოცე სეზონია და ვფიქრობ, ახლა შესაბამისი დროა იმის სათქმელად, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დავასრულებ. ინგლისის პრემიერლიგაში 15 წელიწადი დავყავი და ყველა შესაძლო ტიტულის მოგებით ვგრძნობ, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიე. თავდაუზოგავ მუშაობას ვაგრძელებ იმისთვის, რომ “არსენალთან” ერთად კიდევ ერთი ტიტული დავისაკუთრო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჩეხმა.

36 წლის ჩეხ მეკარეს კარიერის განმავლობაში მხოლოდ ხუთი კლუბის რიგებში უთამაშია: ჩეხური “ხმელი”, პრაღის “სპარტა”, ფრანგული “რენი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი”. ჩეხს ინგლისის პრემიერლიგაში ოთხასზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მათგან ორასზე მეტ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მან პრემიერლიგა (ოთხჯერ), ქვეყნის თასი (ხუთჯერ), ლიგის თასი (სამჯერ), ქვეყნის სუპერთასი (სამჯერ), ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა მოიგო.

პეტრ ჩეხმა ჩეხეთის ნაკრების რიგებში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.

მარტინ ონილმა “ნოტინგემ ფორესტი” ჩაიბარა

ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ნოტინგემ ფორესტმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ ონილი დანიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ “მეტყევეები” ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ზონაში ადგილს ინარჩუნებენ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის სტარტით უკმაყოფილო იყო და გუნდის თავკაცის პოსტიდან აიტორ კარანკა დაითხოვა, რომელმაც გასულ ზაფხულს 14 ახალწვეული დაიმატა.

მარტინ ონილი 2011 წლის ივნისის შემდეგ “ნოტინგემ ფორესტის” მე-11 მთავარი მწვრთნელი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ 66 წლის სპეციალისტი ბოლოს ირლანდიის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ნოემბერში დატოვა.

მარტინ ონილი მოთამაშის რანგში “ნოტინგემ ფორესტის” ღირსებას 1971–1981 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ორჯერ ევროპის ჩემპიონთა თასიც მოიგო.

მაურიციო სარი მსაჯის შეცდომის დასამტკიცებლად პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართული ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალური მატჩის მიმდინარეობისას შეხვედრის არბიტრები შეცდნენ, რამაც შედეგზე გავლენა იქონია. “ლურჯების” თავკაცი ამის დასამტკიცებლად მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ნოუთბუქით მივიდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი “დეზების” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა, რომელიც თვითონვე მოიპოვა, თუმცა “ჩელსის” იტალიელი დამრიგებელი თვლის, რომ იმ მომენტში ინგლისელი ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

“მე ამ ეპიზოდს ჩვენი კამერით ვუყურე. თამაშგარე მდგომარეობა იყო. ჩვენი კამერა ზუსტად კეინის გასწვრივ იდგა. თამაშგარეში იყო თავი და მუხლი. არა მგონია, რომ ინგლისელ არბიტრებს ვიდეოგამეორების სისტემის გამოყენება შეეძლოთ. გვერდითი მსაჯი გაჩერდა და ბურთს არ მიჰყვა. თუ დარწმუნებული არ ხარ, გააგრძელე მომენტი, მიჰყევი ბურთს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე გადაწყვეტილება. ამ შეცდომამ შედეგზე გავლენა იქონია.

ინგლისელმა მსაჯებმა ვიდეოგამეორების სისტემას ალღო უნდა აუღონ. თავიდან იტალიაშიც უჭირდათ ამ ტექნოლოგიასთან მუშაობა”, – თქვა სარიმ “სქაი სპორტსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ტოტენჰემმა” გახსნით მატჩში “ნიუკასლი” დაამარცხა

პრემიერ ლიგის 2018/19 წლების პირველი მატჩი ჩაატარა ლონდონის “ტოტენჰემმაც”, რომლის მეტოქეც რაფაელ ბენიტესის “ნიუკასლი” გახლდათ. მატჩი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად დაიწყო, თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ გაგრძელებულა.

ანგარიში შეხვედრის მერვე წუთზე იან ვერტონგენმა გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა. მე-11 წუთზე მადრიდის “რეალის” აღზრდილმა ხოსელუმ დალაშქრა ჰუგო ლორისის კარი. მატჩის ბოლო გოლი კი დელე ალიმ გაიტანა მე-18 წუთზე.

ასე რომ, “სპურსმა” ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ნიუკასლმა” – წაგებით, “ლესტერის” მსგავსად. მომდევნო ტურში მაურისიო პოჩეტინოს გუნდი “ფულჰემს” მიიღებს, “ნიუკასლი” კი “კარდიფ სიტის” ეწვევა.

გარი ნევილი: “ჰარი კეინი საკუთარ თავს არ ჰგავს”

გარი ნევილს არ გამორჩენია, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საწყის ეტაპზე გატანილი 6 გოლის შემდეგ ჰარი კეინი ძველებურ თამაშს ვეღარ აჩვენებდა. ბელგიასთან მესამე ადგილისთვის გამართულ მთლიან მატჩში “ტოტენჰემის” ლიდერმა ერთი დარტყმაც კი ვერ ჩაიწერა აქტივში.

“მართლია, ჰარი კეინი ოქროს ბუცს მოიგებს, მაგრამ კოლუმბიასთან ჩატარებული 90 წუთის შემდეგ – დამატებითი დრო, შვედეთთან, ხორვატიასთან და ბელგიასთან გამართულ მატჩებში ჰარი კეინი საკუთარ თავს არ ჰგავდა.

ჩემი აზრით, ის მზად არ იყო ამ მატჩებისთვის, სამი მატჩია, ის საკუთარ თავს არ ჰგავს. რამდენიმე შემთხვევაში, ბელგიასთან მატჩში, ის ვერ შერბოდა საჯარიმოში ისე, როგორც ჩვევია.

ჰარი კეინი დიდი ფეხბურთელია, რომელსაც არაფრისგან შეუძლია გოლის შექმნა და მატჩის ბედის გადაწყვეტა. მისმა გაუჩინარებამ მეტწილად განაპირობა ინგლისის მარცხი,” – აცხადებს გარი ნვეილი.