“ბაიერნმა” უეფას საჩივრით მიმართა

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ პოლიციისადმი, რომელსაც “რეალი” – “ბაიერნის” მატჩის დროს უსაფრთხოების დაცვა ევალებოდა.

ინციდენტი “სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ მოხდა.

“შესვენების მიმდინარეობისას, ესპანელი პოლიციელები “ბიაერნის” გულშემატკივრებს სასტიკად გაუსწორდნენ. “ბაიერნი” მათ ასეთ ქმედებას არაადეკვატურად და არასამართლიანად მიიჩნევს.

კლუბმა უკვე შეიტანა საჩივარი უეფაში. ამასთანავე, “ბაიერნი” ახსნა-განმარტებასაც მოითხოვს ესპანური პოლიციისაგან,” – ვკითხულობთ მიუნხენური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ჯორჯო მარკეტი: “როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს?”

უეფას საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ჯორჯო მარკეტი იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის წილისყრებზე სხვადასხვა ტემპერატურის ბურთულები გამოიყენება.

“მე ამ საკითხს ხუმრობად მივიღებ. როგორ შეიძლება, რომ წილისყრის დროს ბურთულები თბილი ან ცივი იყოს? ეს შეუძლებელია. იმ დონის ადამიანებს, რომლებსაც ამ პროცედურაზე ვიწვევთ, ისეთ რამეს ვერასდროს შევთავაზებდი, რაც წილისყრის უსამართლო შედეგს დააყენებდა”, – მარკეტის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს წევრი გახდა

ბუდაპეშტში გამართულ უეფა-ს კონგრესზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ორგანიზაციის ახალ წევრად მიიღეს. უეფა-ში კოსოვოს წევრობას ხმა 28 პირმა მისცა, წინააღმდეგი კი 24 იყო. ასევე 2 ბიულეტენი გაბათილდა. ამით კოსოვო უეფა-ს 55-ე წევრი გახდა.

„ეს ისტორიული დღეა, ჩვენ ევროპულ საფეხბურთო ოჯახს ვუერთდებით. ჩემი ქვეყნის ახალგაზრდა ფეხბურთელების სახელით გამოვდივარ. ჩვენს რეგიონში უფრო საფეხბურთო ღირებულებების გასავითარებლად გამოსვლას გავაგრძელებ. ფეხბურთი ჩვენს ერებს შერიგების საშუალებას მისცემს. საფეხბურთო ოჯახში სწორედ ამ პოზიციით შევდივართ“, – განაცხადა კოსოვოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა ფადელ ვოკრიმ.

აქედან გამომდინარე, კოსოვოს ფიფა-ში შესვლა და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში მონაწილეობა შეუძლია. აღნიშნულ საკითხს ფიფა-ს სხდომაზე 12-13 მაისს განიხილავენ.

უეფამ მამადუ სახოს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მამადუ სახოს საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ცნობილი გახდა, რომ უეფამ “ლივერპულის” მცველი მხოლოდ 30-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახოს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს, უეფას კი გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინა.

წინასწარი ვარაუდით, ფრანგ ფეხბურთელს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და “ლივერპულთან” კონტრაქტის გაწყვეტა ელოდა. თუმცა, როგორც ჩანს, სასჯელი შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.

უეფას გენმდივნის პოსტზე ინფანტინო თეოდორ თეოდორიდისმა ჩაანაცვლა

დღეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. აღმასკომმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელა, მათ შორის იმაზეც, თუ ვის უნდა ჩაებარებინა ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი. ამ თანამდებობაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ბერძენი თეოდორ თეოდორიდისი იმუშავებს, რომელიც მანამდე გენმდივნის მოადგილის ფუნქციებს ასრულებდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას გენერალური მდივნის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტად აირჩიეს.

თეოდორ თეოდორიდისი უეფაში 2008 წლიდან მუშაობს.

 

ინფანტინო: „ვფიქრობ, აფრიკა მხარს დამიჭერს“

უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტი ვარაუდობს, რომ ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე აფრიკის კონტინენტის ქვეყნები მას მხარს დაუჭერენ.

„ვფიქრობ, აფრიკაში წარმატებას მივიღებ. ბევრი ქვეყანა მოვინახულე და გავლენიან ხალხს შევხვდი. ვვარაუდობ, რომ კონტინენტიდან ნახევარზე მეტ ხმას მივიღებ, რადგან ვიცი, რა შევთავაზო აფრიკას“, ციტირებს ინფანტინოს „L’ Equipe“.

“ლოკომოტივის” ფეხბურთელი პუტინის მაისურის გამოჩენისთვის შესაძლოა დაისაჯოს

უეფას მიერ შექმნილი სპეციალური დისციპლინარული კომიტეტი მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელის, დიმიტრი ტარასოვის ქმედებას განიხილავს.

მას შემდეგ, რაც “ლოკომოტივი” გასვლაზე, “ფენერბახჩესთან” 2-0 დამარცხდა, ტარასოვმა კლუბის ოფიციალური მაისური გაიხადა და გამოაჩინი რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი წარწერით: “ყველაზე ზრდილობიანი პრეზიდენტი”.

უეფას ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ” ფეხბურთელი არ უნდა მოახდინოს  პოლიტიკური ან რელიგიური მოსაზრებების აფიშირება.

 ფეხბურთელი/გუნდი რომელშიც ის ირიცხება, მსგავსი ქმედების გამო შესაბამისად დაისჯება. ამ საკითხთის განხილვა 17 მარტს დასრულდება.”

 

პლატინი: “ეს დისკვალიფიკაცია ნამდვილი მასკარადია”

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი ფიფას ეთიკის კომიტეტის გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ფრანგ ჩინოსანს რვა წლის ვადით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა.

“ეს ნამდვილი მასაკარადი და ბინძურ გარემოში საეჭვო კანონიერებაა.
სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გარდა საჩივარს საქალაქო სასამართლოშიც შევიტან და ამ საქმისგან მიყენებული ზიანის კომპენსაციას მოვითხოვ. მე ვიწყებ პროცესს”, – ციტირებს პლატინის სიტყვებს ფრანგული პორტალი 20minutes.fr

 

ბლატერსა და პლატინის 8-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერსა და უეფას ხელმძღვანელ მიშელ პლატინის საფეხბურთო საქმიანობა რვა წლის ვადით აეკრძალათ.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა დაადგინა, რომ ბლატერმა ინტერესთა კონფლიქტის გაღვივების, სხვა პირის მიმართ გამოჩენილი ლოიალობისა და საჩუქრების გადაცემით ორგანიზაციის ეთიკის კოდექსი დაარღვია.

პლატინიმ ფიფას ის წესი დაარღვია, რომელიც ინტერესთა კონფლიქტსა და ლოალობას ეხება.

ბლატერსაც და პლატინიც დისკვალიფიკაციის გარდა ფულადი ჯარიმები დაეკისრათ: შვეიცარიელს 37,1 ათასი, ფრანგს კი 74,2 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ბრალდების თანახმად, ბლატერმა პლატინის 1999 წლის იანვრიდან 2002 წლის ივნისამდე გაწეული მუშაობისთვის თანხა გამოუყო, რომელიც ფრანგმა ჩინოსანმა 2011 წლის თებერვალში მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბლატერმა და პლატინიმ დაკითხვის დროს აღიარეს, რომ თანხის გადაცემის თაობაზე ზეპირი შეთანხმება მართლაც ჰქონდათ.

შვეიცარიული კანონმდებლობით, დასაქმებულმა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა ვალდებულების შესრულებიდან ხუთი წლის ვადაში უნდა მიიღოს, რაც ამ შემთხვევაში დაირღვა.

 

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა, რომელიც ასე გამოიყურება:

მეკარე: კევინ ტრაპი (“პარი სენ-ჟერმენი”);
მცველები: დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), დიეგო გოდინი (“ატლეტიკო”), ტიაგუ სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”).
ნახევარმცველები: რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”), ვილიანი (“ჩელსი”), სვენ კუმსი (“გენტი”);
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), ჰალკი (“ზენიტი”), ტომას მიულერი (ბაიერნი).

Champions League team of the group stage

 

ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრის შედეგები

რამდენიმე წუთის წინ უეფას ევროპის ლიგს 1/16-ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა. წარმოგიდგენთ მის შედეგებს.

„ვალენსია“ – „რაპიდი“
„ფიორენტინა“ – „ტოტენჰემი“
დორტმუნდის „ბორუსია“ – „პორტუ“
„ფენერბაჰჩე“ – მოსკოვის „ლოკომოტივი“
„ანდერლეხტი“ – „ოლიმპიაკოსი“
„მიდტიულანდი“- „მანჩესტერ იუნაიტედი“
„აუგსბურგი“ – „ლივერპული“
„სპარტა“ – „კრასნოდარი“
„გალათასარაი“ – „ლაციო“
„სიონი“ – „ბრაგა“
„შახტარი“ – „შალკე“
„მარსელი“ – „ატლეტიკი“
„სევილია“ – „მოლდე“
„სპორტინგი“ – „ბაიერი“
„ვილიარეალი“ – „ნაპოლი“
„ბაზელი“ – „სენ-ეტიენი“

პირველი შეხვედრები 18 თებერვალს გაიმართება, ხოლო განმეორებითი მატჩები – 25 თებერვალს.

პლატინი ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ შეძლებს

უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი დისკვალიფიკაციის გამო 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ფიფას ეთიკის კომიტეტმა კორუფციულ გარიგებებში ეჭვმიტანილ პლატინისა და ზეპ ბლატერს 90 დღით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა. ფრანგმა ჩინოვნიკმა ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში აპელაცია შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. დისკვალიფიკაციის ვადა 2016 წლის 5 იანვარს ამოიწურება.

შეგახსენებეთ იმასაც, რომ ევროპის ჩემპიონატის წილისყრა პარიზში, 12 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ასევე: ევრო-2016: როგორ იქნებიან გუნდები წილისყრის დროს კალათებში გადანაწილებული