ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის გუნდში შესაძლოა მადრიდის “ატლეტიკოს” ახალწვეულ მიგელ ანხელ მოიას უხმოს.
“მოია “ატლეტიკოს” რიგებში ჩატარებულ პირველ შეხვედრებში ძალზედ თავდაჯერებული ჩანდა. ის შესაძლოა ნაკრებშიც მოხვდეს”, – განაცხადა დელ ბოსკემ.
მიგელ ანხელ მოია “ხეტაფედან” “ატლეტიკოში” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში სულ რაღაც სამ მილიონ ევროდ გადავიდა. მას ესპანეთის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ერთად 38 მატჩი აქვს ჩატარებული. 2001 წელს მოიამ 16 წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 2002 წელს კი იმავე წარმატებას 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის მიაღწია. 2003 წლის ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მან ვერცხლის მედალი მოიგო.