რეალური გარიგება. მოურინიო რამოსს “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლისკენ მოუწოდებს

ესპანელი მცველი შესაძლოა, ნისლიან ალბიონზე გადავიდეს.

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სერხიო რამოსს, რომელთან ერთადაც წლების მანძილზე მუშაობდა, მოუწოდებს, რომ მხოლოდ “ჩელსიში” გადავიდეს და მასთან ერთად უამრავ ტიტულს მოიგებს.

უკანასკნელი ინფორმაციით, რამოსს “რეალის” ახალ მწვრთნელთან, რაფაელ ბენიტესთან მუშაობა არ სურს და გუნდში მხოლოდ მაშინ დარჩება, თუ წელიწადში 12 მილიონს მიიღებს, მაგრამ გუნდი გამოცდილ ესპანელს 10 მილიონზე მეტს არ სთავაზობს.

“ჩვენ ველოდებით ზარს “რეალის” ხელმძღვანელებისგან, ხელფასის გაზრდის თაობაზე. გუნდთან ორწლიანი ხელშეკრულება კიდევ გვაკავშირებს და მადრიდში კარიერის დასრულება კარგი იქნებოდა სერხიოსთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყოველი დღე ახალი ეტაპია შენთვის. არასდროს იცი, რა იქნება ხვალ,”-განაცხადა 29 წლის უკანახაზელის აგენტმა.

რამდენიმე დღის წინ კი, სერხიო რამოსით დაინტერესება “მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოხატა.

კუადრადო ზაფხულში „ჩელსის“ არ დატოვებს

კოლუმბიელი ნახევარმცველი ხუან კუადრადო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონურ კლუბს არ დატოვებს. ამის შესახებ „არისტოკრატთა“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა.

„კუადრადო ამ ზაფხულის დროს არსად გადავა“, – დაადასტურა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელი „ჩელსის“ ზამთარში შეუერთდა. ბოლო დროს ევროპული პრესა მისი წასვლის შესახებ ალაპარაკდა. ყველაზე ხშირად მის სახელს იტალიურ კლუბებს უკავშირებდნენ, რომელთა შორის „ინტერი“ და „რომა“ სახელდებოდნენ.

მოურინიო: “ვინც კონტრშეტევებს არ იყენებს, სულელია”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგაში მომუშავე ის მწვრთნელები გააკრიტიკა, რომლებიც აქცენტს აკეთებენ ბურთის კონტროლზე და არა – კონტრშეტევებზე.

ახალი თაობის მწვრთნელები, როგორებიც არიან “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი და “ევერტონის” ხელმძღვანელი რობერტო მარტინესი, ბოლო სეზონში ლამაზ, შემტევ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას. ლონდონის “არსენალიც” და “მანჩესტერ სიტიც” სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. სეზონის მიმდინარეობისას ლუი ვან გაალმა და არსენ ვენგერმა “ჩელსის” სათამაშო სტილი გააკრიტიკეს, თუმცა მოურინიოს სჯერა, რომ დაცვითი თამაშითაც შესაძლებელია გამარჯვება, რაც ფეხბურთში ყველაზე მთავარი რამ არის.

“რას ნიშნავს ახალი თაობა? ფეხბურთში მხოლოდ ერთი თაობა იქნება, რომელიც იგებს. იმათ, ვინც ხანდახან ან ვერასდროს ვერ იგებს, სხვა რამე ჰქვიათ.

არსებობს ხალხი, რომელსაც აქვს რაღაც იდეა, ფილოსოფია. ისინი ამბობენ: “ჩვენ ვქმნით საიმედო დაცვას, კარგად ვფლობთ ბურთს და არ ვთამაშობთ კონტრშეტევებზე”.

თუ კონტრშეტევებზე არ თამაშობ, სულელი ხარ. კონტრიერიში ძალზედ კარგი საფეხბურთო ელემენტია. როდესაც ხედავ, რომ შენი მეტოქე არადაბალანსებულია, გოლის გატანის ფანტასტიური შანსი გეძლევა.

ზოგიერთები ქმნიან ილუზიებს, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ფეხბურთი არასდროს არ შეიცვლება. ფეხბურთი არსებობს გამარჯვებისთვის”, – უთხრა მოურინიომ “სანდი თაიმსის” ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო სეზონში ყველაზე მეტი გოლი (83) “მანჩესტერ სიტიმ” გაიტანა და ბურთების შეფარდების ყველაზე კარგი მაჩვენებელიც (+45) “ქალაქელებს” ჰქონდათ. ამ მხრივ “ჩელსი” მეორე ადგილზეა 73 გატანილი გოლით და +41 ბურთების შეფარდებით.

 

„როდესაც მოურინიო ვირთხას ეძებდა, კასილიასი ჩუმად იჯდა“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მეკარემ ანტონიო ადნანმა, რომელიც ამჟამად „ბეტისის“ ღირსებას იცავს, „ბლანკოსის“ კიდევ ერთი ექს-გოლიპერის ეჟი დუდეკის სიტყვები დაადასტურა. ამ უკანასკნელმა თავის წიგნში „კარიერა „რეალში“ იმის შესახებ დაწერა, რომ 2011 წელს „ბარსელონასთან“ მორიგი მატჩის შემდეგ განრისხებული ჟოზე მოურინიო იმ ფეხბურთელს ეძებდა, რომელმაც შეხვედრის წინ პრესას მისი ტაქტიკური გეგმების შესახებ უამბო. მაშინ პორტუგალიელი სპეციალისტი ეჭვობდა, რომ პრესას ესტებან გრანერო ესაუბრა, გუნდის კაპიტანი იკერ კასილიასი კი სიმშვიდეს ინარჩნებდა.

„მატჩის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე ტელევიზორს ვრთავ და რას ვხედავ? ეკრანზე ჩვენი შემადგენლობა იყო. როგორ მოვახერხებდით მეტოქის გაოცებას, თუ ჩვენ შორის ვირთხა იყო? დიახ, ვირთხა! მატჩის დაწყებამდე ვიღაცამ ინფორმაცია გაიგო. მათ ჩვენი ტაქტიკის შესახებ იცოდნენ. მასზე მთელი კვირის განამვლობაში ვმუშაობდით და სიურპრიზის შეთავაზება გვსურდა. პეპეს ნახევარდაცვაში ვაყენებდი, რათა მას მესისთვის ხელი შეეშალა. ჩვენს ტაქტიკას სასურველი შედეგის მოტანა შეეძლო“, – ციტირებს მოურინიოს დუდეკი.

თავის მხვრივ, ადნანმა განაცხადა: „თავად დუდეკი შეშინებული იყო, რადგან მოურინიო გასახდელში განრისხებული შევიდა და ბოთლს ფეხით ჩაარტყა. ის პრაქტიკულად ყველას ეკითხებოდა, თუ ვინ იყო ჩვენს შორის „ვირთხა“. რაც შეეხება კასილიასს, ყველას მსგავსად, ის ჩუმად იჯდა“.

პელეგრინიმ სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელის არჩევნებში თავისი ხმა „ჩელსის“ თავკაცს ჟოზე მოურინიოს მისცა.

„მე მწვრთნელთა ლიგის ასოციაციის წევრი ვარ და ხმა მოურინიოს მივეცი, რადგან წელს მან ბევრს მიაღწია.

შარშან მე საუკეთესო მწვრთნელად არ დამასახელეს, თუმცა ამაზე ბევრს არ ვფიქრობ. მაშინდელი შედეგით კმაყოფილი ვარ. ორი ტიტული მოვიგეთ, ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ და ბევრი გოლიც გავიტანეთ.

არ მესმის, გადაწყვეტილებას როგორ იღებენ. თუ ისინი მოურინიოს ნაცვლად ვინმე სხვას დაასახელებენ, ეს მათი არჩევანი იქნება“, – განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: „რეალს“ ჩემთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებია“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუშინ გავრცელებული ჭორი უარყო, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა მას დაბრუნებას სთავაზობდა.

„მე პერესს მხოლოდ იმიტომ დავურეკე, რომ მისთვის „რეალის“ საკალათბურთო გუნდის წარმატება მომელოცა. მადრიდელებს ჩემთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვის დანიშნავდა თავისი გუნდის თავკაცად ჟოზე მოურინიო?

„ვესტ ბრომვიჩთან“ ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩის წინ „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მეტოქის თავკაცი ტონი პიულისი შეაფასა.

„თუ ინგლისური კლუბის მფლობელი ვიქნებოდი, მაშინ მთავარ მწვრთნელად ტონი პიულისს დავნიშნავდი. ყველაფერი მარტივია – ეს ადამიანი გუნდის მიზნების მიღწევის გარანტია.

პულისის მაჩვენებლები ძალიან კარგია. მას ის ესმის, რასაც ბევრი არ აფასებს“, – განაცხადა მოურინიომ.

ფეხბურთელები, რომლებმაც მოურინიო ვერ მოხიბლეს (მეორე ნაწილი)



ჯერარდი: “ლივერპული” ასე რომ არ მიყვარდეს, მოურინიოს გუნდში გადავიდოდი”

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ლივერპულს” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

“წითლების” მხრიდან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს. ის მოედნიდან ლონდონური გუნდის ქომაგებმა აპლოდისმენტით გააცილეს, ტაშს უკრავდა “პენსიონერთა” თავკაცი ჟოზე მოურინიოც. მატჩის შემდეგ მერსისაიდული გუნდის კაპიტანმა განაცხადა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად თვლის.

Mourinho - Gerrard

“ჩელსის” ფანებმა ორიოდე წამით პატივი მცეს, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში მიწასთან მასწორებდნენ. “ლივერპულის” ფანების ოვაცია უფრო გამიხარდა, ისინი პირველი დღიდან მხარს მიჭერენ. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს.

ჟოზე მოურინიოს დიდ პატივს ვცემ და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. “ლივერპულის” დიდი ქომაგი რომ არ ვიყო, მის გუნდში გადავიდოდი. სამჯერ ჰქონდა ამის შესაძლებლობა. მოურინიოს გუნდში გადასვლაზე არაერთხელ მიფიქრია, თუმცა მან კარგად იცის, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. მე მიყვარს “ლივერპული” და არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შენი ხალხისთვის იგებ”, – ჯერარდის კომენტარი BBC-მ გამოაქვეყნა.

 

მარადონამ გვარდიოლასა და მოურინიოს შორის საუკეთესო დაასახელა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ერთმანეთს თანამედროვეობის წამყვანი მთავარი მწვრთნელები ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიო შეადარა.

„მოურინიო ჩემი მეგობარია და მას მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი, რადგან მას ყოველთვის ყველაფერი გათვლილი აქვს. ეს ძალიან ძლიერი თვისებაა და ზუსტად ის მოურინიოს საუკეთესოდ ხდის.

გვარდიოლა თუ მოურინიო? გეტყვით, რომ საუკეთესო ჟოზეა. პეპს მოურინიოს დონის სპეციალსიტად ჩამოსაყალიბებლად კიდევ დრო სჭირდება“, – თვლის მარადონა.



მოურინიო: „ჩეხი სხვა ინგლისურ კლუბში არ გადავა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიო თქმით, პეტერ ჩეხი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა ინგლისურ კლუბში არ ითამაშებს.

„ყველაფერი ჩემგან რომ ყოფილიყოს დამოკიდებული, ჩეხს მაშინაც დავტოვებდი, თუ მას ეს არ მოუნდებოდა. ვფიქრობ, კლუბი მოთამაშეზე უფრო მნიშვნელოვანია. გუნდს ორი მაღალი დონის კარის დარაჯი აუცილებლად უნდა ჰყავდეს. არამგონია, ჩეხის გარეშე წელს ჩემპიონები გავმხდარიყავით, რადგან მან პრემიერლიგის ექვს მნიშვნელოვან შეხვედრაში ითამაშა. ამ ქულების გარეშე პირველ ადგილზე ვერ ვიქნებოდით.

ჩემთვის ძირითადი ვარიანტი მისი ჩვენთან დარჩენაა. ინგლისურ კლუბში ის ზუსტად არ გადავა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

მოურინიო: “თქვენ გგონიათ, მესი რომ მყავდეს, ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებ?”

მოურინიო: “ამ გამაჯრვების მოსაპოვებლად ყველაფერი გვქონდა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “კრისტალ პელასთან” მოგებით პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის განაღდების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ძალიან გახარებული ვარ. თუმცა, ძალიან დაღლილიც და დასვენება მჭირდება. როგორც იქნა კონკურენტებს მათემატიკური შანსიც აღარ აქვთ, რაც მოდუნების უფლებას გვაძლევს.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონობა დამსახურებულად მოვიპოვეთ. გასულ სეზონში ძლიერი გუნდი ავაშენეთ, რომელმაც შედეგი წელს მოგვიტანა. მთავარი როლი კი ამ საქმეში შრომისმოყვარეობამ შეასრულა. გარდა ამისა, რამდენიმე ახალმა მოთამაშემ გუნდი საგრძნობლად გააძლიერა.

სეზონის დასაწყისიდან, ყოველი გამაჯრვების შემდეგ ვრწმუნდებოდი, რომ ეს გუნდი უკვე მზად იყო. ამ გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერი გვქონდა. “

ვენგერი მოურინიოზე: „მწვრთნელებმა კოლეგებს პატივი უნდა სცენ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი „ჩელსის“ თავკაცის ჟოზე მოურინიოს სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც მის გუნდთან უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ „მეთოფეებს“ ტიტული ათი წლის განმავლობაში არ მოუგიათ.

„მწვრთნელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კოლეგების პატივისცემაა. ამ მხვრივ დასახვეწი მწვრთნელები არსებობენ.

ზოგჯერ სხვა მწვრთნელებთან შელაპარაკება იწყება. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც ერთმანეთს პირადად ხვდებით.

თუმცა, ვფიქრობ, დრო ყველაფრის მკურნალია. ერთმანეთს პატივი მაქსმალურად უნდა ვცეთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვენგერი: “ვფიქრობ, დებიუში “ჰალთან” ვერ ითამაშებს”