მოურინიო პოგბასგან რაიოლას გაშვებას ითხოვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პოლ პოგბას იძულებულს ხდის, რომ თავი აგენტთან, მინო რაიოლასთან კონტრაქტი გაწყვიტოს.

France Football-ის ცნობით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც მოურინიო პოგბაზე ზეწოლას ახორციელებს. ფრანგი ნახევარმცველი კი კლუბის დატოვებაზეც ფიქრობს. გარდა ამისა, კლუბმა ფრედი იყიდა, რაც პოგბასთვის კონკურენციის დონის ამაღლებას ნიშნავს.

“წითელი ეშმაკუნები” მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ პოგბას გაყიდვის წინადადების განხილვას, თუ სასწორზე 100 მილიონი ევრო იქნება. ჯერჯერობით ამ თანხის გადახდაზე თანახმა მხოლოდ “ბარსელონაა”.

მოურინიო: “რუსეთის ნაკრებს ოპტიმისტურად ფიქრის მიზეზი უბრალოდ არ აქვს”

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნით მატჩში რუსეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა (5-0). ამ მატჩზე კომენტარი ჟოზე მოურინიომაც გააკეთა, რომლის თქმითაც, ეს შედეგი უმნიშვნელოა და რუსეთის ნაკრები მაინც განწირულია.

“ნამდვილად სამართლიანი შედეგია. მატჩის წინ რუსეთის პესიმისტურ განწყობაზე ვსაუბრობდით და ამ თამაშის მოგების შემდეგ მათ ოპტიმისტურად ფიქრის მიზეზი უბრალოდ არ აქვთ.

შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ, დიდებული გამარჯვება იყო, ბევრი გოლი გაიტანეს, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გამოდგეს. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საუდის არაბეთი იმედგაცრუებული იყო.

ეგვიპტეს საუდის არაბეთზე კარგი გუნდი ჰყავს, ურუგვაი კი ეგვიპტეზე უფრო ძლიერია,” – განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ბოლოს, ჟოზემ გოლოვინზეც თქვა ორიოდ სიტყვა:”ფანტასტიკურად ითამაშა, სწორედ ის ქმნიდა რუსეთის ორგანიზებულ სქემას.”

ჟოზე მოურინიო ავსტრიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრო (ფოტო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, გუშინ ავსტრიისა და რუსეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

იმის შესახებ, თუ რა მიზნით მივიდა ჟოზე მოურინიო მატჩზე, ჯერჯერობით უცნობია, მას არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, მოურინიო მარკო არნაუტოვიჩის თამაშს აკვირდებოდა, რომელიც ამჟამად “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მაისურით გამოდის.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, რუსებმა ავსტრიელებისთვის დიდი ბრძოლის გამართვა ვერ შეძლეს. ერთადერთი გოლი შეხვედრის 28-ე წუთზე შოპფმა გაიტანა სწორედ არნაუტოვიჩის საგოლე გადაცემის დახმარებით.

ჟოზე მოურინიო დამხმარე მწვრთნელის თანამდებობას აუქმებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, რუი ფარიასა და ჟოზე მოურინიოს 17-წლიან თანამშრომლობას წერტილი მიმდინარე სეზონის ბოლოს დაესმევა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიელი სპეციალისტი ახალი თანაშემწის არყოლაზე სულაც არ დარდობს.

“სამწვრთნელო შტაბს ისე მოვაწყობ, რომ დამხმარე მწვრთნელის პოსტი საერთოდ არ იარსებებს. ჩემს შტაბში კონკრეტული სპეციალიზაციის მქონე მწვრთნელები იმუშავებენ ანალიტიკოსებთან ერთად.

ამის მიზეზი ის არის, რომ ჩემს დამხმარე მწვრთნელად მხოლოდ მაიკლ კერიკის ხილვა მსურს და სანამ ის შესაბამის ლიცენზიას მოიპოვებს, ეს პოსტი გაუქმებული იქნება,” – აცხადებს მოურინიო.

კერიკი “იუნაიტედს” 2006 წელს შეუერთდა “ტოტენჰემიდან”. მას შემდეგ მან 460-ზე მეტი მატჩი ჩაატარა “წითელი ეშმაკუნების” მაისურით, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული.

რუი ფარიამ მოურინიო 17-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა

მიმდინარე სეზონის (2017/18) დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიოს დამხმარე მწვრთნელი, რუი ფარია, კლუბს დატოვებს. ამ ინფორმაციას ინგლისური გრანდის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

42 წლის სპეციალისტმა 17-წლიანი თანამშრომლობის დასრულების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ფარიასა და ჟოზეს თანამშრომლობა სათავეს 2002 წელს იღებს. მას შემდეგ ამ ადამიანებმა ერთად “პორტუში”, “ჩელსიში”, “ინტერში”, “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” იმუშავეს.

“ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ეს სწორი დროა ცვლილებებისათვის. 17 წელი ძალიან დიდი დროა, ეს პერიოდი სულ მემახსოვრება, ეს გამოცდილება გაზრდაში დამეხმარა.

მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო ჟოზე მოურინიოს, რომელსაც სულ სჯეროდა ჩემი. ის ძალიან კარგი ადამიანი და მეგობარია, მინდა მას ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო თავის კარიერაში,” – აცხადებს რუი ფარია.

მოურინიო: “მეორე ადგილზე გასვლით ბედნიერი არ ვარ, ეს ჩემს ბუნებაში არ ჯდება”

პრემიერ ლიგის 37-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ვესტ ჰემს” ეწვია და ლონდონიდან ერთი ქულის წამოღება შეძლო. შედეგად, ჟოზე მოურინიოს გუნდმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მეორე ადგილი გაინაღდა.

“პრემიერ ლიგის რიგით მეორე საუკეთესო გუნდი ვართ. ინგლისს ბრწყინვალე ჩემპიონატი აქვს, სადაც ძალიან ბევრი ძლიერი გუნდი თამაშობს, თუმცა მეორე ადგილზე გასვლით ბედნიერი არ ვარ, ეს უბრალოდ ჩემს ბუნებაში არ ჯდება.

იმ მომენტიდან, როდესაც მივხვდით, რომ ჩემპინობისთვის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, მეორე ადგილზე დავიწყეთ ფიქრი და გეგმა დღეს შევასრულეთ. ჩვენ ყოველ მატჩში საუკეთესოსთვის ვიბრძვით,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

ჟოზე მოურინიომ პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პოლ პოგბას მომავალზე პრესასთან ისაუბრა. როგორც იცით, ფრანგი ვარსკვლავის გადაბირების სურვილს “პარი სენ-ჟერმენი” საკმაოდ აქტიურად გამოთქვამს.

“ვფიქრობ, რომ ის “მანჩესტერ იუნაიტედში” მომავალ სეზონშიც ითამაშებ, ჩემი პროგნოზი ასეთია,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი The Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

“დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე მისი დარჩენა მინდა, ისევე როგორც კლუბის ხელმძღვანელობას.მის ტრანსფერთან დაკავშირებით არავის არაფერი არ უთქვამს, ამ დროისთვის, ის რჩება,” – ამატებს მოურინიო.

მოურინიო მზადაა, ზაფხულში პოგბასა და მარსიალს შეელიოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა გუნდის ამჟამინდელი ფორმაციით და მზად არის ცვლილებებს პოლ პოგბა და ანტონი მარსიალიც შესწიროს.

პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდის წარუმატებლობაში რამდენიმე ფეხბურთლის ბრალეულობას ხედავს, მათ შორის მოწინავე ადგილებს პოგბა და მარსიალი იკავებენ. გარდა ამისა, როგორც იცით, მოურინიო განსაკუთრებით დაუნდობელია ძვირადღირებული ფეხბურთელების მიმართ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ პეპ გვარდიოლას სიტყვების თანახმად, მინო რაიოლამ უკვე შესთავაზა “მანჩესტერ სიტის” პოგბას ტრანსფერი, თუმცაღა “ქალაქელებმა” უარი განაცხადეს.

იბრაჰიმოვიჩი: “მოურინიო ისევ “განსაკუთრებულია”, მაგრამ ტიტულის მოგება სჭირდება”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” შვედმა ახალწვეულმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, პრესასთან “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული დრო გაიხსენა და ჟოზე მოურინიოს ტიტულების მოგებისკენ მოუწოდა.

“მოურინიო ძალიან მომწონს და დიდ პატივსაც ვცემ, ის ნამდვილად “განსაკუთრებულია”. მაგრამ მას აუცილებლად სჭირდება კიდევ ერთი დიდი ტიტულის მოგება.

მას მოგება ძალიან უყვარს, როდესაც სადმე მიდის, ყოველთვის ეს არის მისი მიზანი. მისი წყალობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და ამავდროულად პასუხისმგებლობასაც ვიზიარებდი.

გასულ წელი ძალიან წარმატებული იყო, რადგანაც ახალი მწვრთნელისა და შეუთამაშებელი ფეხბურთელების ყოლი ფონზე რამდენიმე ტიტული მოვიგეთ. “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი კლუბია და ვალდებულია, რომ მოიგოს, სულ მოიგოს.

ჟოზემ უნდა მოიგოს, თუ არ იგებ, ეს იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო არ ხარ,” – აცხადებს შვედი ვარსკვლავი.

ჟოზე მოურინიოს პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანური “სევილიასგან” საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანი მარცხი იწვნია და შედეგად ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონსაც გამოემშვიდობა. გთავაზობთ ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომ ინტერვიუს.

“თავიდანვე ვიცოდით, რომ პირველ გოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა – არა მხოლოდ პირველი მატჩის შედეგის, არამედ ორმატჩიანი დაპირისპირების თავისებური ხასიათის გამო.

ვცდილობდით აგრესიულები ვყოფილიყავით და პირველივე წუთებიდან ინტენსიურად შეგვეტია მეტოქისათვის. ჩვენი მცდელობები ამაო აღმოჩნდა და ბურთს “სევილია” დაეუფლა, თამაშს ძალიან კარგად აკონტროლებდნენ.

ძალიან კარგი შანსები გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ამის მაგივრად, ჩვენს კარში მივიღეთ გოლი. ამის შემდეგ ემოციური ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეორე გოლმა კი ჩვენი მისიის შესრულება შეუძლებელი გახადა.

ვერ ვიტყვი, რომ პრობლემა ჩემს ფეხბურთელებში, ან მათი მოტივაციის ნაკლებობაში იყო. ეს ფეხბურთია, წავაგეთ, მაგრამ ხვალ ახალი დღე გველის.

სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელები თავიანთ მწუხარებას არ მალავენ, მაგრამ დრამა არ გვჭირდება, ამისთვის დრო არ გვაქვს,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.

მოურინიო: “რეალის” ადგილას რომ ვიყო, დე ხეაზე ფიქრს თავს დავანებებდი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ყველასათვის ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ “წითელი ეშმაკუნები” დავიდ დე ხეასთან გამომშვიდობებას არ გეგმავენ.

“მე მას “მანჩესტერ იუნაიტედში” ვხედავ. ვიცი, როგორ უნდათ “რეალში” მისი გადაბირება, მაგრამ მათ ადგილას რომ ვიყო, დე ხეაზე ფიქრს თავს დავანებებდი.

ნამდვილად არ მივიჩნევ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის მოგების კანდიდატია. რაც შეეხება “პსჟ”-ს, სავსებით არ გამკვირვებია, როდესაც ისინი ტურნირიდან გამოვარდნენ,” – აცხადებს ჟოზე მოურინიო La Sexta-სთან საუბრისას.

დე ხეამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 23 გოლი გაუშვა. ამ უკანასკნელმა კარი მშრალად 15 შემთხვევაში შეინახა.

მოურინიო “ლივერპულთან” მატჩზე: “ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი თამაშია”

უქმეებზე ფეხბურთის გულშემატკივარს ორი პრინციპული მეტოქის, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დაპირისპირებისთვის თვალის დევნების ბრწყინვალე საშუალება ეძლევათ. თუმცაღა მოურინიო უარყოფს რაიმე პირადი დატვირთვის არსებობას ამ მატჩისადმი.

“ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი თამაშია. მატჩი ორი ისტორიულ კლუბს შორის, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან. ახლა მეორე ადგილისთვის ვიბრძვით, რაც მესამე და მეოთხე ადგილებზე უკეთესია.

რა თქმა უნდა, გამარჯვება მინდა. ეს ტოპ-თამაშია, უმაღლესი დონის წინააღმდეგ. “ლივერპული” ის გუნდია, რომელიც ჩვენ უშუალო კონკურენტად გვეკუთვნის, რომელიც უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში. ჩემთვის ყოველი მატჩი პრინციპულია.

წინ სამი შეხვედრა გველის: “ლივერპულთან”, “სევილიასა” და “ბრაიტონთან”. თუ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანის ამორჩევას მთხოვთ, ამას ვერ შევძლებ,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.