ლიდერი „ჩელსის“ მოკრძალებული თავკაცი

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდა, თუმცა „პენსიონერთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ჯიუტად აცხადებს, რომ მისი გუნდი საჩემპიონო პერსპექტივებს არ განიხილავს.

„ტოტენჰემს“ 13 ქულით გავუსწარით. ამ სხვაობის აღმოფხვრა დარჩენილ 9 ტურში თითქმის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მიმდინარე სეზონში ჩვენი ძირითადი მიზანი მიღწეულია. ჩვენი მომდევნო მიზანი საუკეთესო სამეულში მოხვედრა იქნება, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირ მოხვედრის უფლებას მოგვანიჭებს. თუ ჩვენსა და მეოთხეადგილოსან გუნდს შორის სხვაობა დიდი იქნება, მაშინ თავს უფლებას მივცემთ, უფრო მნიშვნელოვან წარმატებაზეც ვიფიქროთ. თუ „მანჩესტერ სიტი“ რეზერვში არსებულ სამივე მატჩს მოიგებს, მაშინ „ქალაქელები“ გალიდერდებიან“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ეტოომ მოხუცი განასახიერა

ერთი კვირის წინათ ჟოზე მოურინიოთი დაწყებული გულშემატკივრებით დამთავრებული ყველა სამუელ ეტოოზე ხუმრობდა, გუშინ კი —  ლონდონის „ჩელსის“ კამერუნელმა თავდამსხმელმა მათ ხუმრობითვე უპასუხა.

რამდენიმე დღის წინათ „კანალ პლუსმა“ მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. პორტუგალიელი სპეციალისტმა მაშინ ეტოოზე ასეთი რამ თქვა:

„ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“.

მოგვიანებით მოურინიომ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო, თუმცა ცეცხლზე ნავთი ეტოოს ყოფილმა მეუღლემ დაასხა, რომელმაც აღნიშნა, კამერუნელი ფეხბურთელი არც 32 და არც 35 წლის არ არის, ის 39 წლისააო.

სამუელ ეტოოზე ხუმრობა არც ბრიტანულმა „სანმა“ არ ითაკილა და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ასეთი ფოტოსურათი შექმნა.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემს“ შორის გამართულ მატჩში (4:0) ეტოომ გაიტანა და ხუმრობას ხუმრობითვე უპასუხა — გოლის აღნიშვნისას მოხუცი განასახიერა.

ბექა დოგრაშვილი

ხავი: „მოურინიოს „ბარსელონას“ თამაშის სტილი არ უყვარს“

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ხავიმ ლონდონის „ჩელსის“ თავკაცის ჟოზე მოურინიოს კატალონიური კლუბის თამაშზე დამოკიდებულების შესახებ საუბრა.

„მოურინიოს გუნდები „ბარსელონას“ სტილში არ თამაშობენ. იგი დაცვითი ფეხბურთის მოყვარულია, რასაც პატივს ვცემ. შესაბამისად, მესმის, თუ რატომ არ მოსწონს მას ჩვენი თამაშის სტილი, რომელიც გულზე, დაახლოებით, ხუთი წლის განმავლობაში არ ეხატება, ახალს არაფერს ვამბობ“, – განაცხადა „ბლაუგრანასის“ შუახაზელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „ტოტენჰემთან“ მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ოთხეულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ“

„ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ მატჩის წინ „ჩელსის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისი გუნდი ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის.

„ჩვენ მოგებას შევეცდებით, ისევე, როგორც „ტოტენჰემი“. პირველ ოთხეულში მოხვედრა გვსურს და ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად „ტოტენჰემიც“ იბრძვის. თუ „სპურსთან“ შეხვედრაში წარმატებას მივაღწევთ, მაშინ დასახულ მიზანს მივუახლოვდებით“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, ამჟამად „არისტოკრატები“ პრემიერლიგას 63 ქულით ლიდერობენ და მე-5 ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 10 ქულით უსწრებენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „მესის მუნდიალის მოგება არ სჭირდება, ის უკვე არის დიდებული მოთამაშე“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმის შესახებ ისაუბრა, შეიძლება თუ არა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დიად მოთამაშეებად ჩათვლა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ აქვთ მოგებული.

„მესი ფენომენალური, დიდებული ფეხბურთელია. მას არ სჭირდება არგენტინის ნაკრებთან ერთად რაიმეს მოგება, ის უკვე არის დიადი მოთამაშე.

კრიშტიანუ რონალდუც დიდებული ფეხბურთელია. არც მისთვის არ არის მსოფლიოს ჩემპიონობა აუცილებელი, თუმცა ყოველთვის არსებობს ერთი „მაგრამ“.

დიეგო მარადონამ და ზინედინ ზიდანმა მუნდიალი მოიგეს, ამ წარმატებას რონალდომ, რივალდომ და კიდევ სხვა ბევრმა ფეხბურთელმა მიაღწია. ამიტომ, მესისგანაც ელიან ანალოგიურს“, – მოურინიოს სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ბალოტელისთან ერთად კიდევ ვიმუშავებდი“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „მილანის“ ფორვარდ მარიო ბალოტელისადმი ინტერესზე ისაუბრა.

„ბალოტელი დიდ გუნდში თამაშობს, თუმცა ფეხბურთში არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში.

მესმის, რომ „მილანს“ საუკეთესო ფეხბურთელების შენარჩუნება სურს, მით უფრო იტალიელი მოთამაშეების, თუმცა მარიო კარგად იცნობს ინგლისურ ფეხბურთს, ის აქ თამაშობდა.

არ ვაპირებ, რომ „მილანის“  ან იტალიის ნაკრების თავკაცი გავხდე, თუმცა ბალოტელი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც კიდევ ვიმუშავებდი“, – მოურინიოს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

შეგახსენბეთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ბალოტელის მილანის „ინტერში“ თავკაცობდა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ეტოო საშინაო მატჩებში საუკეთესო ფორვარდია, მაგრამ გასვლაზე…“

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში ლონდონის „ჩელსი“ თანაქალაქელ „ფულემს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სამივე გოლი ანდრე შიურლემ გაიტანა. მოულოდნელად, „პენსიონერთა“ განაცხადში არ იყო სამუელ ეტოო. მოგვიანებით ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ არ შეიყვანა კამერუნელი თავდამსხმელი განაცხადში.

„ეტოოს ყველაფერი რიგზე აქვს. უბრალოდ ვიფიქრე, რომ აგრესიული დაცვის მქონე გუნდის წინააღმდეგ ფერნანდო ტორესის თამაში უფრო გამართლებული იქნებოდა. სარეზერვო ვარიანტად კი დემბა ბა ვარჩიე.

ეტოო კი იტანს, მაგრამ მხოლოდ საშინაო მატჩებში. ის გოლებს პრემიერლიგაშიც იტანს და ჩემპიონთა ლიგაზეც, მაგრამ მხოლოდ შინ.

მას გასვლით შეხვედრებში თამაში შედარებით უჭირს. სამუელი საშინაო მატჩებში ჩვენი საუკეთესო ფორვარდია: ტექნიკა, მოძრაობა და ედენ აზართან და ოსკართან ურთიერთგაგების უნარი..

საერთო ჯამში, საშინაო მატჩებში ეტოო ჩემთვის საუკეთესოა, გასვლაზე კი მას პრობლემები აქვს“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ ტორესის თამაში შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „გალათასარაისთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ ფერნანდო ტორესის თამაში შეაფასა.

„ნანდო მიმდიანრე სეზონს მისაღებ დონეზე ატარებს. მას ორი ტრავმა ჰქონდა, რომელის სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც შესანიშნავ ფორმაში იყო. პირველად იგი „მანჩესტერ სიტის“ კარში გამარჯვების გოლის შემდეგ დაშავდა, მაშინ ფერნანდო ერთი თვის განმავლობაში ვერ თამაშობდა.

შემდგომ ტორესმა „საუთჰემპტონსა“ და „ჰალ სიტის“ გაუტანა და მორიგი ტრავმა მიიღო.

„გალათასარაისთან“ შეხვედრაში მან კარგად იმუშავა, თუმცა, ნათელია, რომ მატჩის ბოლოდე ასე თამაში ფერნანდომ ვერ შეძლო“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „სირცხვილი ამ ჟურნალისტს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მის მიერ სამუელ ეტოოს მიმართ გაკეთებული კომენტარის შესახებ ისაუბრა.

„ჟურნალისტი, რომელმაც ეს სიტყვები გამოაქვეყნა, თავს უხერხულად უნდა გრძნობდეს, რადგან ეს არაეთიკური საქციელია.

პირადი საუბრის ჩაწერა და მისი საჯარო სივრცეში გამოქვეყნება ეს თქვენი პროფესიის ეთიკას ეწინააღმდეგება. ეთიკური თვალსაზრისით, ეს ნამდვილი სირცხვილია.

ამ ჟურნალისტმა თავისი საშინელი თვისებები წარმოაჩინა და ისიც გაირკვა, რომ ჟურნალისტის პროფესიის შესახებ არაფერი არ იცის. ეს კომენტარი არც სერიოზული საუბრის დროს და არც ოფიციალურ ინტერვიუში არ გამიკეთებია.

ეს იყო ხუმრობით წარმართული დიალოგი ჩემსა და იმ ადამიანს შორის, რომელიც საფეხბურთო სამყაროს არ ეკუთვნის. საუბრისას ვიცინით კიდეც. ჩვენი დიალოგი ვიღაცამ ისე ჩაწერა, რომ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდით, ეს ნამდვილი სირცხვილია.

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ საჯაროდ ასე არ ვხუმრობ. მეორე რიგში, თუ მსოფლიოში არსებობენ მწვრთნელები, რომლებიც საკუთარ ფეხბურთელებს იცავენ, ერთ-ერთი მათგანი მეც გახლავართ. და მესამე, სამუელ ეტოო არის სამუელ ეტოო. ის ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებულია. ხალხს ჰგონია, რომ მან ეს ტიტული სამჯერ მოიგო, მაგრამ ასე არ არის: ეს თასი მან ერთხელ „რეალში“, ორჯერ „ბარსელონაში“ და ერთხელ „ინტერში“ დაისაკუთრა.

ის იმ გუნდის ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც ჩემი კარიერის საუკეთესო წლები გავატარე. ეტოო იმ მცირეოდენ ფეხბურთელთა შორისაა, ვისთან ერთადაც მეორე გუნდში ვმუშაობ.

მწვრთნელი იმ ფეხბურთელთან ერთად არ იმუშავებდა, რომელიც არ მოსწონს არც როგორც პროფესიონალი და არც როგორც ადამიანი“, – განაცხადა მოურინიომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

ბექა დოგრაშვილი

მანჩინი: „მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა ჩემი აშენებული გუნდით მოიგო“

„გალათასარაის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, რომელიც რამდენიმე წლის წინათ მილანის „ინტერს“ თავკაცობდა, განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიომ 2010 წელს ჩემპიონთა ლიგა სწორედ მისი აშენებული გუნდით მოიგო.

„მოურინიომ ჩემპიონთა ლიგა იმიტომ მოიგო, რომ მას კარგი გუნდი ჰყავდა. მან ჩემი აშენებული გუნდი ჩაიბარა. გუნდი ფსიქოლოგიურად მე მოვაძლიერე. „მანჩესტერ სიტიც“ მე ავაშენე.

როდესაც „ინტერში“ მივედი, გუნდი ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობდა, მე ეს შევცვალე.

„გალათასარაის“ „ჩელსის“ წინააღმდეგ მცირე შანსი აქვს, შინაურ კედლებშიც კი. ლონდონური გუნდი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

„ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ“, – მანჩინის სიტყვები Evening Standard-მა გამოაქვეყნა.

ჩემპიონთა ლიგის მერვეფინალურ ეტაპზე „გალათასარაისა“ და „ჩელსის“ შორის მატჩი ოთხშაბათს, ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას ესპანელი არბიტრი კარლოს ველასკო კარბალიო განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

რას ფიქრობს მოურინიო ეტოოზე – პორტუგალიელის პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნეს

ფრანგულმა ტელეარხმა „კანალ პლუსმა“ ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

„მყავს გუნდი, მაგრამ არა – თავდამსხმელი. „ჩელსის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გოლის გამტანი არ გვყავს. მხოლოდ სამუელ ეტოოა, რომელიც 32… ან ვინ იცის, იქნებ 35 წლისაც კია“, – სწორედ ეს პირადი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა „კანალ პლუსმა“.

მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ პირადი საუბრისას გაკეთებულ ამ განცხადებას ჟურნალისტები არ გამოაქვეყნებდნენ, თუმცა რეალობა სხვაგვარია.

 მოურინიომ სხვა ფეხბურთელების შესახებაც ისაუბრა:

„მყავს გუნდი, მაგრამ არ მყავს ფალკაო. ფალკაოს კი გუნდი არ ჰყავს. ასეთი თავდამსხმელი სამი ათასი გულშემატკივრის წინაშე არ უნდა თამაშობდეს.

შემიძლია თუ არა, რომ „მონაკო“ ჩავიბარო? მხოლოდ მაშინ, როდესაც კარიერას დავასრულებ. ზლატანი „ჩელსიში“? ეს შეუძლებელია. ის პარიზში ყველაფრით კმაყოფილია. ჩვენ ერთმანეთთან ვმეგობრობთ და ვიცი, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მდიდარი „პსჟ“ მას არასდროს არსად არ გაუშვებს“.

ახლა „ჩელსის“ თავკაცს გუნდის თავდამსხმელების წინაშე განმარტების გაკეთება მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

ერიკ თოჰირი: „ჩვენ ძანეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“

ორიოდე დღის წინათ გაუწყებდით, რომ ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს თავის გუნდში მილანის „ინტერის“ ვეტერანი ფეხბურთელის, ხავიერ ძანეტის ხილვა მოუნდა. პორტუგალიელი სპეციალისტის სურვილს „ნერიაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე ისე წარიმართება, როგორც თავად ძანეტის მოესურვება.

„ძანეტი ჩვენი გუნდის ლეგენდაა, ჩვენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. უახლოეს თვეებში განვიხილავთ, გააგრძელებს ის კარიერას თუ კლუბის დირექტორი გახდება“, – ციტირებს თოჰირის სიტყვებს Goal.com-ი.

ძანეტიმ, რომელმაც 2010 წელს მოურინიოს თავკაცობით ერთბაშად სამი ტიტული მოიგო, აღნიშნა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტთან ამ დრომდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

„მოურინიოსთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვსაუბრობს, მაგრამ ამ თემაზე არასდროს არ გვილაპარაკია. მჯერა, „ინტერის“ ქომაგებმა იციან, რას ვგრძნობ ჩვენი კლუბის მიმართ. ჩემი თავისთვის ხშირად მითქვამს, რომ „ინტერი“ ჩემი ცხოვრებაა… მინდა, რომ აქ დავრჩე. მეტი არც არაფერია სათქმელი.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ვარ, ერთი ურყევი პოზიცია მაქვს: ორი შესაძლებლობაა – ან უნდა ითამაშო სასტარტო შემადგენლობაში, ან შეცვლაზე შეხვიდე. შესაძლებლობა მაქვს, გუნდს სარგებლობა კიდევ მოვუტანო, თუმცა ვფიქრობ, ისედაც ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

ბექა დოგრაშვილი