ზიდანი გამარჯვებას დამსახურებულად თვლის: “ფეხბურთში იღბალი არ არსებობს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა “ნაპოლისთან” მოპოვებული გამარჯვების (1-3; 2-6 საბოლოო ჯამში) შემდეგ, პრესასთან ისაუბრა.

“არ ვთვლი, რომ წარმატებას იღბლიანობის ხარჯზე მივაღწიეთ. იღბლიანობა ფეხბურთში არ არსებობს.

მატჩის საბოლოო ანგარიში, 3-1 ყველაფერს ამბობს. ასეთი სხვაობა კი ჩვენმა ძალამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის მანძილზე გვიჭირდა.

მართალია, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა თამაში. მძიმე სტარტი ავიღეთ, “ნაპოლიმ” კი – არა. თუმცა, ეს ბუნებრივია, ყოველთვის კარგად ვერ ვითამაშებთ, ” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზიდანი: “ვფიქრობ, ნეაპოლელები პირველივე წუთებიდან შეგვიტევენ, მათ გოლი აქვთ გასატანი”

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ (“ნაპოლი” – “რეალი” (1:3), ზინედინ ზიდანმა პრესასთან ისაუბრა.

“ჩემპიონთა ლიგის მატჩების მოგება ყოველთვის რთულია. თანაც, ამჯერად ისეთი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რომელიც საშინაო არენაზე არც ისე ხშირად მარცხდება.

ამ არენაზე გამოსვლის გამოცდილება უკვე მაქვს და ვიცი, რომ ადვილი ნამდვილად არ არის. ფანები უდიდეს როლს ითამაშებენ, ისინი ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევენ.

ვფიქრობ, “ნაპოლი” მატჩს აქტიურად დაიწყებს, გოლი აქვთ გასატანი. შაბათს, “რომასთან” მოპოვებული გამარჯვება მათ არ დაღლიდათ. როდესაც წინ ასეთი დიდი თამაშია, დაღლაზე საუბარი უბრალოდ ზედმეტია.

დარწმუნებული ვარ, რომ წინ მძიმე მატჩი გველის, თუმცა ამისთვის მზად ვართ,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

ზინედინ ზიდანი: “ბარსელონა” კრიზისში არ არის”

კატალონიის”ბარსელონა” ბოლო ხანებში სათანადოდ ვერ გამოიყურება. სხვა რომ არაფერი, “ბლაგურნამ” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვერდაში “პსჟ”-სთან საკუთარ კარში ოთხი უპასუხო გოლი მიიღო. ლუის ენრიკეს შეგირდები არც “ლა ლიგაში” არიან დამაჯერებლები.

ამის შესახებ ჰკითხეს “რეალის” მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს.

“ბარსელონა” კრიზისშია? მე ასე არ ვფიქრობ. ყველა გუნდს აქვს მცირე ჩავარდნა, თუმცა ეს ხშირად მალე და მარტივად აღმოფხვრადია. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი მიმდინარე სეზონში ყველასთვის დიდი თავის ტკივილი იქნება.”

ზიდანმა საკუთარი შეგირდების მდგომარეობაც შეაფასა.

“გასაგებია, რომ ისკო მის მომავალზე ფიქრობს და წასვლის ვარიანტსაც განიხილავს. თუმცა, ესპანელმა კარგად იცის, რომ მას ვაფასებ, მომწონს და მჭირდება კიდეც.”

“პეპე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისი დიდი პლუსი ისაა, რომ ნებისმიერ დროს ბოლომდე იხარჯება. მე მას სეზონის ბოლომდე ნდობას ვუცხადებ. ამის შემდეგ, არ ვიცი რა მოხდება მის კონტრაქტთან დაკავშირებით.”

“ბედნიერი ვარ ხამეს როდრიგესის ყოლით. მსიამოვნებს არა მარტო ის, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ რასაც იგი ამბობს: რომ მადრიდში დარჩენა უნდა,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

ზინედინ ზიდანი: “ისკო ბედნიერია”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ისკო ალარკონი შეაქო, რომელიც “ესპანიოლთან” მოგებული მატჩის (2-0) საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

“ისკო თავს ბედნიერად გრძნობს და მთლიანად თავის საქმიანობაზეა გადართული.

მისმა ასეთმა კარგმა თამაშმა ნამდვილად მასიამოვნა. დიდებული მატჩი ჩაატარა და ამაში მხოლოდ მის ორ საგოლე გადაცემას არ ვგულისხმობ, ის მატჩის პირველივე წუთებიდან გამოირჩეოდა.

ორივე გოლი რთული შესასრულებელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ვუტევდით, თუმცა მეორე გოლამდე მშვიდად ყოფნის საშუალება არ გვქონდა.

მომწონს, როდესაც სიმშვიდესა და სისწრაფეს ერთმანეთს ვურევთ, ” -აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (28 იანვარი)


“არსენალს” ფორვარდი ტოვებს


ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი “მეთოფეთა” ახალგაზრდა ფორვარდის, სტეფ მავიდიდის განათხოვრებას აპირებს. ამ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა, ESPN გვაწვდის.

შეგახსენებთ, რომ მავიდიდი გასულ სეზონში “არსენალის” 21-წლამდელთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 30 მატჩში გატანილი 17 გოლით.


მარსიალის მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას


Manchester United FC v VfL Wolfsburg - UEFA Champions League

Sky Sports-ის ჟურნალისტების მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფორვარდმა, ანტონი მარსიალმა უკვე დაიწყო ჩემოდნების ჩალაგება.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 21 წლის შემტევმა პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის სასიამოვნო მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.


ტოლისომ “იუვესთან” შეათანხმა


ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა “ლიონთან” კორენტინ ტოლისოს 40 მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმეს. იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, ტოლისო ტურინელებს მომავალ ზაფხულს შეუერთდება.

როგორც იცით, 22 წლის ფრანგი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო “ნაპოლიში” გადაბარგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, მან მაინც ლიგა 1-ში დარჩენა გადაწყვიტა.


ან ზიდანი დარჩება, ან მორატა


Cadena SER საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის “რეალის” ესპანელ ფორვარდს, ალვარო მორატას ზინედინ ზიდანთან თანამშრომლობა აღარ უნდა.

როგორც ცნობილი ხდება, მორატამ, რომელმაც გასული ორი სეზონი “იუვეში” გაატარა, კლუბს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა: კლუბს ან ზინედინ ზიდანი დატოვებს, ან ის.


“ჩელსი” სირიგუს ტრანსფერს უახლოვდება


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” მეკარის, სალვატორ სირიგუს ტრანსფერს კიდევ უფრო მიუახლოვდნენ. ამ ინფორმაციას იტალიური Tuttomercatoweb ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “არისტოკრატთა” რიგების დატოვების სურვილი მათმა მეორე მეკარემ, ასმირ ბეგოვიჩმა გამოთქვა, რომელიც სწორედ სირიგუმ უნდა ჩაანაცვლოს.


დიბალა “იუვესთან” ახანგრძლივებს?


ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი ფორვარდი, პაულო დიბალა “ბებერ ქალბატონთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას gianlucadimarzio.com-ის ადმინისტრაცია გვაწვდის.

როგორც ცნობილი ხდება, “ბარსელონასა” და “რეალის” სამიზნე ტურინული კლუბის დირექტორთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ამ პირებმა მისი კონტრაქტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებასაც მიაღწიეს.

ზიდანმა ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს ტრავმებზე ისაუბრა

ზინედინ ზიდანი აღიარებს, რომ ლუკა მოდრიჩისა და მარსელოს ტრავმები გუნდისთვის დიდი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს, იმ ფონზე, რომ არც სხვა ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობაა ოპტიმალური.

“ლუკას რაღაც პრობლემები ჰქონდა, ის დისკომფორტს გრძნობს. იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია. კვირას ყველაფერს გავიგებთ, როდესაც მისი გამოკვლევის შედეგებს გავიგებთ.

მარსელოს ტრავმის შემთხვევაში კი სიტუაცია უფრო რთულად არის. ორივე მათგანმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები, რის შემდეგაც, კონკრეტულ ინფორმაციას მივიღებთ პრობლემის შესახებ.

დისკომფორტს გრძნობს დანილოც, მსგავსად კოენტრაოსი. ყველაფერთან ერთად, ამ კვირასი “კასტილიის” ფეხბურთელების გარეშეც ვართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელიმე მათგანს მივცემდი თავის გამოჩენის შანსს.” – განაცხადა მან.

კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

სერხიო რამოსი 2017 წლის პირველ ორ შეხვედრას გამოტოვებს

2016 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მადრიდის “რეალი” და “კაშიმა ანთლერსი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მატჩში “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მარჯვენა ფეხის ერთ-ერთ კუნთზე ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, ესპანელ მცველს ისევ აქვს მცირე ტკივილი დაზიანებულ ფეხზე. ზიდანის, რამოსისა და ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სერხიო 2017 წლის პირველ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მატჩში, რომელიც 5 იანვარს, 00:15 საათზე გაიმართება, “თეთრები” სამეფო თასზე “სევილიას” დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება წლის მეორე შეხვედრას (7 იანვარს) იგი პრიმერა დივიზიონის ეგიდით გაიმართება. “რეალი” აქ “გრანადას” დაუპირისპირდება. რამოსი ამ თამაშს 5 ყვითელი ბარათის ქონის გამო გამოტოვებს.

შესაბამისად, მადრიდელთა კაპიტანი გუნდს 13 იანვარს “კოპა დელ რეის” განმეორებით შეხვედრაში დაუბრუნდება.

ზიდანი: “გვინდა, რომ იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისტორია დავწეროთ”

მადრიდის “რეალი” უკვე 33 შეხვედრაა, არ აგებს. “ბლანკოსმა” ზედიზედ მოგებული ხუთი მატჩის შემდეგ, ბოლო 2 თამაშში (“ბარსელონასა” და “ბორუსიას” წინაღმდეგ) ფრე დააფიქსირა. საერთო ჯამში, დედაქალაქური გრანდი სამივე ტურნირზე შესანიშნავად გამოიყურება. ზიდანის შეგირდებს წინ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვთ, რომელიც იაპონიაში გაიმართება. “რეალი” პირველ შეხვედრას 15 დეკემბერს გამართავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

“გვინდა, რომ იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ისტორია დავწეროთ. პირადად ჩემში, ეს ქვეყანა კარგ მოგონებებთან ასოციაცირდება. იაპონიაში ბევრი ტიტული მოვიგე.”

“გვინდა წარმატებას მივაღწიოთ მათთვის, ვინც ჩვენც უკან დგას – ესენი ჩვენი გულშემატკივრები არიან!”

“რაც შეეხება ლა ლიგას… გეტყვით, რომ ამ ტურნირზე მთავარი ფავორიტები ჩვენ არ ვართ. მიხარია, რომ სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ვლიდერობთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთის ჩემპიონატს უპრობლემოდ მოვიგებთ” – განაცხადა “რეალის” თავკაცმა.

ზიდანმა მოურინიოს რეკორდი გაიმეორა!

დღეს პრიმერა დივიზიონის მე-14 ტურში “ბარსელონამ” და “რეალმა” დაძაბული დაპრისიპირება ფრედ (1-1) დაასრულა.

საგულისხმოა, რომ ამ შედეგის შემდეგ “ბლანკოსის” მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა: ფრანგმა სპეციალისტმა ზედიზედ 17 მატჩი არ წააგო სტუმრად. სეუ ჟოზეს წაუგებელი სერიაც ზუსტად ამდენ შეხვედრას ითვლის.

ერთი სიტყვით, “ზიზუ”, ჯერჯერობიტ, გულშემატკივრების იმედებს ამართლებს!

ზინედინ ზიდანი: “ხამესი ითამაშებს, ის თავის შანსს აუცილებლად მიიღებს”

ზინედინ ზიდანი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მომავალ მატჩებში ხამეს როდრიგესს სასტარტოში მოხვედრისა და მოედანზე თავის გამოჩენის შანსები მიეცემა, რაც ძირითადად გარეთ ბეილის ლაზარეთში ყოფნითაა გამოწვეული.

“თავის გამოჩენის უფლება “რეალში” კლუბის თითოეულ ფეხბურთელს აქვს და ექნება, კარი არავისთვის არ მიმიხურია. მათ შორის არც ხამესისთვის, ის მზადაა და ითამაშებს კიდეც.

მას შანსს ყოველთვის ვაძლევდი. ვფიქრობ, ხამესს კლუბის დატოვების არანაირი მიზეზი არ აქვს. შეიძლება ფორმაში შესვლის პროცესმა დიდი ხანი გასტანოს, თუმცა თუ მოდნომება იქნება, სასურველ შედეგს ყველა მიიღებს.

მომავალ მატჩში ის ითამაშებს. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ყველამ იცის, რამდენის გაკეთება შეუძლია გუნდისთვის. ჩემთვის გასაგებია, რომ ის მეტ სათამაშო დროს ითხოვს, მაგრამ ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებების მიღებაც მიწევს.”

ხამეს როდრიგესი: “მინდა მეტს ვთამაშობდე, მაგრამ…”

მადრიდის “რეალის” კოლუმბიელმა ფლეიმეიკერმა, ხამეს როდრიგესმა უკმაყოფილება გამოთქვა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო და ყველაფერში ზინედინ ზიდანი დაადანაშაულა (ირიბად).

ცნობისთვის გეტყვით, რომ ხამესმა ლა ლიგის ახალი სეზონის მხოლოდ ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და მათგან ორში მან თამაში მატჩის მეორე ნახევრიდან დაიწყო.

“მინდა მეტს ვთამაშობდე, მაგრამ გუნდში არის ვიღაც (ზიდანი), ვინც ბრძანებებს სცემს და ვიზეც არის დამოკიდებული ის, თუ ვინ ითამაშებს და ვინ არა. ჩვენ კი ამას პატივი უნდა ვცეთ.

ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა? ყველაფერი ისე არ არის, როგორც ამას პრესაში წერენ. ჩვენ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს. მე ვარ კლუბში, რომელშიც ყველას უნდა გამარჯვების მოპოვება, რითიც ბედნიერი ვარ.” – განაცხადა მან.