“ჰამბურგის” მწვრთნელი ჩაკვეზე: “უკვე ვარჯიშებზეც აღარ აქტიურობს”

“ჰამბურგის” მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძეზე და მის ბოლოდროინდელ სიტუაციაზე ისაუბრა.

“უეჭველია, მას კარგი მონაცემები აქვს, მაგრამ ვარჯიშზე ისე უკვე აღარ აქტიურობს, როგორც ადრე. მისგან მეტი სიცოცხლისუნარიანობა მაკლია. მართლა კარგი ბიჭია, ვცდილობ, ბევრი ვესაუბრო, თუმცა რთულია რამე შედეგამდე მივიდეთ. გიორგიმ აუცილებლად უნდა გადადგეს ნაბიჯი წინ და სირცხვილი იქნება, თუ ამას არ გააკეთებს ან ამის სურვილსაც არ გამოთქვამს” – განაცხადა ვალტერმა.

როგორც ჩანს, “ჰამბურგი” “გენტიდან” ჩაკვეტაძის გამოსყიდვას არ აპირებს და ქართველი ბელგიაში დაბრუნდება.

ვალტერი მისი დამატებისას ამბობდა, რომ ჩაკვეტაძეს სიყვარული და მხარდაჭერა აკლდა და მისი მეგობარი იქნებოდა.

ის, რაც აქამდე ნანახი არ გაქვთ – რა ხდება ეროვნულ ლიგაში?

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი, ალბათ, ყველაზე გამორჩეულია.

საქართველოს ჩემპიონატში სათამაშოდ ნაკრების ლიდერები, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და საბა კვირკველია დაბრუნდნენ.

ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი არაბიძე და გიორგი პაპუნაშვილი დაიმატა. არაბიძის სანაცვლოდ კი 200 ათასი ევრო გადაიხადა. მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჯერ გინების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, შემდეგ კი გუნდიც დატოვა.

“დინამოსა” და “ტორპედოს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ 8 ფეხბურთელს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და მათ შორის, ასისტენტ შალვა ბაბუნაშვილს. შესაბამისად, გუშინ “დილასთან” ქუთათურების თავკაცი ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე იყო.

10 ტურის შემდეგ პრაქტიკულად დაშლილ “ლოკომოტივს” 1 ქულაც არ აქვს მოპოვებული.

გუშინდელ “დინამოების” თამაშს 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მანამდე, ბათუმის სტადიონიც სრულად შეივსო და 20 ათასი ფანი მივიდა. “დინამო არენას” ელიგის მატჩზე ამდენი გულშემატკივარი წლებია არ ჰყოლია, ხოლო, ერთბაშად ორ მოედანზე ეს მაჩვენებელი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ.

თავის მხრივ, არ იცვლება ტრადიციები და იგივე ცეცაძე, ცხადაძე, დემჩენკო და სხვა მენტორები მსაჯების გინების გამო სანქციების და ჯარიმების ქვეშ მოხვდნენ.

ეს, უბრალოდ, მოკლე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რაც მხოლოდ პირველ 11 ტურში მოხდა და ჯერ კიდევ ნახევარი სეზონიც არ გასულა. თუ რამე გაგახსენდებათ, კომენტარებში დაგვიწერეთ.

თუ “პსჟ” რონალდუს დაიმატებს, მესი გუნდის დატოვებით იმუქრება

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ლიონელ მესი პარიზულ გუნდში საკუთარ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “ელ ნასიონალის” ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელი წასვლით იმუქრება, თუ “პსჟ” კრიშტიანუ რონალდუს დაიმატებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელ თავდამსხმელს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამბიციებში ეჭვი ეპარება და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს. “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი უკვე დაუკავშირდა რონალდუს და თანამშრომლობა შესთავაზა. კრიშტიანუ პარიზში მესისთან ერთად თამაშის წინააღმდეგი არ არის, თუმცა თავად არგენტინელს ეს გარემოება არ ხიბლავს.

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა ლეო მესის აცნობა, რომ გუნდიდან მისი გაშვება არ უნდა.

34 წლის არგენტინელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 31 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, სლოვენიელი მეკარე “ნერაძურისთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ხელფასი 4,2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე შეუმცირდება.

სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაუშვა, ოც შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გასდის.

წულუკიანმა ცხენოსნობის ფედერაციას 200 ათასი ევროს ღირებულების 3 ცხენი გადასცა

ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად, სპორტის სამინისტრომ ცხენოსნობის ფედერაციისათვის ცხენები შეიძინა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა. დღეს, ცხენები ფედერაციას მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ სოსო გიორგაძემ გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც, ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ. ფედერაციის წინაშე მდგარი ამ გამოწვევის შესახებ 2021 წლის სექტემბერში მინისტრმა ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შედეგად მიიღო ინფორმაცია და დაპირდა, რომ სამინისტრო აუცილებლად მიიღებდა შესაბამის ზომებს. დაპირება შესრულდა და დღეს საცხენოსნო სპორტის ეროვნულ ფედერაციას უკვე ჰყავს სამი ცხენი. ესენია ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი ცხენები. ორი ულაყი (იაბო), 5 და 10 წლის, და 7 წლის ფაშატი, რომლებიც ჰანოვერულისა და ჰოსტაინის ნაჯვარი ცხენებია, სამინისტრომ იტალიაში შეიძინა. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სპორტის სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 000 ევროს ოდენობის თანხა გამოჰყო.

თეა წულუკიანმა მიულოცა ფედერაციას შენაძენი და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო ყოველთვის ხელს შეუწყობს სპორტულ ფედერაციებს მსგავსი პრობლემების გადაჭრაში. მან მადლობა გადაუხადა ცხენების იტალიიდან საქართველოში ტრანსპორტირებაში გაწეული დახმარებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე ხვთისიაშვილს, საქართველოს ელჩს ბულგარეთის რესპუბლიკაში თამარ ლოლუაშვილს და საქართველოს ელჩს თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავას.
„ჩვენ გვყავს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენი. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს სსიპებთან, ასევე სპორტულ ფედერაციებთან და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე. “, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ჯაიანმა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა სპორტის სამინისტროს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და თეა წულუკიანის ძალისხმევით, ამ მხარდაჭერის მიღება გახდა შესაძლებელი.

“ტორპედოს” “დილასთან” ანალიტიკოსი გაიყვანს

ქუთაისის “ტორპედო” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დატოვა. ცეცაძეს განაცხადი წასვლის შესახებ ოთხ აპრილს ჰქონდა დაწერილი, თუმცა მხოლოდ დღეს დაუკმაყოფილეს. ცეცაძემ ელიგაში ჩატარებული ათი მატჩიდან მხოლოდ სამი მოიგო, ხუთი წააგო და ორი ფრედ დაასრულა.

საინტერესოა, რომ თბილისის “დინამოსთან” მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი შალვა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია და როგორც ჩანს, დღეს “ტორპედოს” გორის “დილასთან” ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე გაიყვანს.

31 წლის შეყრილაძე კლუბში რამდენიმე წელია მუშაობს.

 

ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია? – ბათუმის “დინამოს” პასუხი

დღეს ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის “დინამო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება და გუნდებს ორივე მხრიდან ლიდერები დააკლდებათ.

დისკვალიფიკაციის გამო თბილისს კაპიტანი გიორგი პაპავა არ ეყოლება, ბათუმს კი ტრავმირებული ჯოვინო ფლამარიონი და ოლექსანრდრ აზაცკი.

აჭარლების მთავარ ექიმმა, ზურაბ ხარხელაურმა განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებენ, რათა კვარაცხელია “სიონთან” გარკვეული დაზიანების მიღების შემდგომ სათამაშოდ მზად იყოს.

თუ რამე რადიკალურად შეიცვალა, კვარა 95%-ით ძირითადში იქნება.

მოსალოდნელია, მატჩს 15 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწროს.

“ინტერი” პერიშიჩს იტოვებს

მილანის “ინტერი” გუნდის გარემარბ ივან პერიშიჩს კონტრაქტს, სავარაუდოდ, გაუხანგრძლივებს.

ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მხარეები შრომით ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააგრძელებენ. 33 წლის ხორვატი ნახევარმცველი წელიწადში ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს. ცნობისათვის, მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

შეგახსენებთ, რომ ივან პერიშიჩი “ინტერის” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2019-2020 წლების სეზონში ის იჯარის წესით მიუნხენის “ბაიერნში” თამაშობდა, თუმცა ბავარიელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა არ მოისურვეს. პერიშიჩი დღესდღეობით “ინტერის” შეუცვლელი ფიგურა და ერთ-ერთი ლიდერია.

ხორვატმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 45 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სფფ-მ “ტორპედოსა” და “დინამო თბილისის” მატჩში მომხდარ ინციდენტზე იმსჯელა

სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა ეროვნული ლიგის მეათე ტურისტორპედოს ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. აღნიშნული მატჩი, 2022 წლის 29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93- მუხლის 1-ლი პუნქტი, 114- მუხლის 1-ლი პუნქტი, 115- მუხლის მე-2 პუნქტი, 116- მუხლისა და 55- მუხლის მე-2 პუნქტი);

ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)

ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს – გიორგი პაპავას. (ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)

4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს – დიმიტრი ანტილევსკის. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს – ევგენი ტაიკევიჩს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)

ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს – ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს – შოთა ბაბუნაშვილს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

ასევე, ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს – თეიმურაზ ჯანაშიას. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);

erovnuliliga.ge

ჩეფერინი: “ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალი” კარგი იდეაა, მაგრამ…”

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალის” დანერგვის იდეაზე კომენტარი გააკეთა.

“კარგი იდეაა, მაგრამ რამდენიმე მატჩს ვკარგავთ. კლუბებისთვის ცუდი ისაა, რომ შინ ვერ ითამაშებენ, სატელევიზიო უფლებების მფლობელებისთვისაც ნაკლები შეხვედრაა. უეფას სუპერთასთან დაკავშირებით ახალი იდეა გვაქვს, მაგრამ მედიაში გასაჟღერებლად ჯერ ძალიან ადრეა”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ხორვატული dalmatinskiportal-ი.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უეფა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის ფორმატის ცვლილებას აპირებს. ჩანაფიქრის თანახმად, ტურნირის ნახევარფინალური ეტაპიდან ჩატარდება “ოთხთა ფინალი”, რაც გულისხმობს ერთ კონკრეტულ ქალაქში თითო-თითო ნახევარფინალური მატჩის გამართვას. ასეთი პრეცედენტი კორონავირუსული პანდემიის გამო 2019-2020 წლების სეზონში უკვე დაფიქსირდა.

სალაჰს თვალი “პარი სენ-ჟერმენზე” უჭირავს

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლით არის დაინტერესებული.

ეგვიპტელ ფეხბურთელს “ენფილდროუდელებთან” შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულში ეწურება. მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ჯერ არ შეთანხმებულან. შესაძლოა, “ლივერპულმა” სალაჰი მიმდინარე წლის ზაფხულში გაყიდოს, რათა მისი უსასყიდლოდ დაკარგვა თავიდან აირიდოს.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი მერსისაიდელთა ღირსებას 2017 წლიდან იცავს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 100 მილიონ ევროდ აფასებს.

მოჰამედ სალაჰმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 32 მაჩში 22 გოლი და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 11 შეხვედრაში რვა ბურთი გაიტანა.

“ატლეტიკო” “რეალისთვის” საჩემპიონო დერეფნის მოწყობის წინააღმდეგია

მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რეალს” საჩემპიონო დერეფანს არ მოუწყობს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება.

წყაროს თანახმად, “ატლეტიკოს” ფეხბურთელები თითქმის ერთხმად შეთანხმდნენ იმაზე, რომ “რეალისთვის” საჩემპიონო დერეფნის მოწყობა საჭირო არ არის. კლუბის ხელმძღვანელთა თხოვნის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს გადაწყვეტიულება შეცვალონ, თუმცა “ატლეტიკოს” მფლობელები გულშემატკივრების პოზიციას ითვალისწინებენ, რომლებიც პრინციპული მეტოქისთვის საჩემპიონო დერეფნის მოწყობის წინააღმდეგნი არიან.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკო” “რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 35-ე ტურში უმასპინძლებს. შეხვედრა “ვანდა მეტროპოლიტანოზე”, 8 მაისს შედგება.