გურამ კაშია: “დაცვაში ორგანიზებულები ვართ და მეტოქეები ცოტა მომენტს გვიქმნიან”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ალბანეთთან გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

34 წლის მცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ გუნდი დაცვით ფაზაში ორგანიზებულია, რის გამოც მეტოქეებს მომენტების შექმნა უჭირთ.

“დაცვით ფაზაში ორგანიზებულები ვართ და ძალიან ცოტა მომენტს გვიქმნიან. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ამას ცოტა ბურთით თამაში, მეტი მომენტის შექმა და უფრო გამბედავად თამაში სჭირდება. თუ მომენტი ვერ შექმენი, თამაშს ვერ მოიგებ. ამიტომ, ცოტა მეტი გვმართებს. გვაკლდა წამყვანი ფეხბურთელები და იმედი მაქვს, რომ ჯანმრთელად იქნებიან ოფიციალური თამაშებისთვის. ძალას შეგვმატებენ და უფრო მეტ კრეატიულობას შემოიტანენ ჩვენს თამაშში.

დადებითად შევაფასებ ამ კვირას. ბოსნიასთან გამარჯვების შემდეგ, დღეს ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. ალბანეთი კარგი გუნდია, გასვლაზე ვითამაშეთ და რამდენიმე დღე გვქონდა ძალების აღსადგენად.

მსურს, ერთა ლიგის დაწყებამდე ყველა ჯანმრთელად იყოს, რადგან წამყვანი მოთამაშეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. 10 დღეში ოთხი თამაში გვაქვს, რაც ძალიან რთულია ყველა ფეხბურთელისთვის. ამიტომ, ყველა მოთამაშე გვჭირდება და, რაც მთავარია, კარგი სტარტი და ერთა ლიგის გამარჯვებით დაწყება”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge

კანტეს ემოცია, როცა მას საფრანგეთის ნაკრებში დაბადების დღე მიულოცეს (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრები ალბანეთს შემდეგი 11-ეულით დაუპირისპირდება.

მამარდაშვილი – დვალი, კაშია, კვირკველია, ჩაბრაძე – კვეკვესკირი, აბურჯანია, დავითაშვილი, წიტაიშვილი – ვოლკოვი, ყაზაიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

რაული: “რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ”

მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რაულ გონსალესმა თქვა, რომ “სამეფო კლუბის” გაწვრთნაზე ოცნებობს.

“რეალის” გაწვრთნა ჩემი ოცნებაა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ. მწვრთნელობა გადავწყვიტე, კლუბის სტრუქტურაში ვმუშაობ და ვცდილობ, სერიოზული გამოწვევებისთვის მოვემზადო. დრო გვიჩვენებს, რამდენად იქნება ჩემი დახმარების საჭიროება. ახლა სამწვრთნელო საქმეს ვსწავლობ, სიამოვნებას ვიღებ და კლუბის განკარგულებაში ვარ”, – რაულის სიტყვებს “მარკა” აქვეყნებს.

ესპანელმა კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ახალ მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესზეც:

“ჩავის სამწვრთნელო მონაცემები ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს ჰქონდა. მას საქმეები კარგად მისდის, კარგი აწმყო და მომავალი აქვს. დრო ყველაფერს დაალაგებს. ჩავის აქვს ჟინი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ის კარგად იცნობს “ბარსელონას”, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ჩავის ყველაფერი გამოუვა”.

შეგახსენებთ, რომ რაული 2019 წლიდან “რეალის” სარეზერვო გუნდ “კასტილიას” წვრთნის.

ლაპორტამ 2 ტრანსფერი დაადასტურა

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ პრაქტიკულად 2 ტრანსფერი დაადასტურა.

“ჩვენ შემდეგი სეზონისთვის 2 ტრანსფერი განვახორციელეთ: ერთი ნახევარმცველი და მეორე ცენტრალური მცველი, მაგრამ ახლა მათი სახელების თქმის უფლება არ მაქვს”, – განაცხადა ლაპორტამ.

საუბარი “მილანის” ნახევარმცველ ფრანკ კესიეზე და “ჩელსის” მცველ ანდრეას კრისტენსეზეა. ორივე მათგანი “ბლაუგრანაში” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.

ითამაშებს თუ არა კვარაცხელია “თელავის” წინააღმდეგ?

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ალბანეთთან მიკრო ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება.

ბათუმის “დინამოს” 2 აპრილს “თელავის” წინააღმდეგ ეროვნულ ლიგაში თამაში უწევს და ითამაშებს თუ არა კვარა, ამას “დინამოს” ექიმები ნაკრების მთავარ ექიმთან, დათო ხარაბაძესთან ერთად გადაწყვეტენ. ფეხბურთელი ბათუმში 30 მარტს ჩამოფრინდება და მოსამზადებლად 3 დღე ექნება.

შესაძლებელია, თავის დაზღვევის მიზნით,  ხვიჩამ მატჩი მე-2 ტაიმიდან დაიწყოს.

ჯერჯერობით, ზურიკო დავითაშვილი “დინამოში” ოფიციალურად არ ჩარიცხულა და სატრანსფერო დეტალები კვლავ ზუსტდება.

ბასილაშვილს პრობლემები არ ელევა – დოროყაშვილთან საქმე გრძელდება

28 მარტს ნიკა ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილის მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა. ამჯერად, პროცესზე ერთი მოწმე, ნეკა დოროყაშვილის მეგობარი ცოტნე მოხევიშვილი გამოიკითხა.

მოხევიშვილის განცხადებით, ის დოროყაშვილს 2019 წლიდან იცნობს და ამბობს, რომ ხშირად დაუჩივლია მასთან ნეკას ქმრისგან ძალადობის გამო.

მისი თქმით, ნეკა იმ პერიოდში ყოველთვის დეპრესიული და აღელვებული იყო. გარდა ამისა, ბასილაშვილს ყოველი გადახდილი თანხის შემდეგ ქვითრებს სოციალურ ქსელში უგზავნიდა, ხოლო, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩოგბურთელმა მას ბარათი საერთოდ დაუბლოკა.

შეზღუდული დროის გამო მხოლოდ მოხევიშვილის გამოკითხვა მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყოფილი ცოლი მას ბავშვის თანდასწრებით ძალადობაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ წლებია  ნიკას ალიმენტი არ გადაუხდია. ამას ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სიცრუებს უწოდებს და განაცხადა, რომ 2020 წლის თებერვლიდან 2020 წლის ბოლომდე ნიკა ყოველთვიურად შვილს დამატებითი ხარჯებისთვის 7500 ლარს უხდიდა. ასევე, დეკემბრის თვეში 85 ათასი დოლარი გადაურიცხა, რაც ლარებში მაშინდელი კურსით 280 ათასი ლარია.

სამწუხაროდ: ხვიჩა კვარაცხელია ალბანეთთან ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ქალაქ დურესში 28 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მიკროტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 29 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელი ვარჯიშის დაწყებამდე ვილი სანიოლმა, ნიკა კვეკვესკირთან ერთად პრესკონფერენცია გამართეს. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და ვიცე კაპიტანმა ალბანეთთან მატჩის შესახებ ისაუბრეს.

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “იგივე მოლოდინი მაქვს, როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩამდე. სამწვრთნელო შტაბისთვის ნათელია, რომ ამ ამხანაგური მატჩების გამოყენება ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გვსურს, თუმცა ეროვნული ნაკრებში კარგი თამაშის ჩვენების საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ველი, რომ შევინარჩუნებთ დინამიკას, რომელიც ოქტომბრიდან გვაქვს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ კმაყოფილი ვიყავი დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით და იგივეს ველი ალბანეთის წინააღმდეგაც.

მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. მოწინააღმდეგის შესწავლა ჩემი სამსახურის ნაწილია. რა თქმა უნდა, ალბანეთი ძლიერი გუნდია, რაც ესპანეთთან შეხვედრაში დაამტკიცეს. მეტოქეს საინტერესო მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ვიცით, მინიმუმ ისეთივე რთული შეხვედრა იქნება, როგორიც ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩავატარეთ.

ალბანეთის ნაკრები ესპანეთთან მატჩის და მგზავრობის შემდეგ, შესაძლოა, დაღლილი იყოს, რაც გასაგებია. აქედან გამომდინარე, ცვლილებებიც არ არის გამორიცხული. ბოლო წლებში, ალბანეთის ნაკრებს სტილი და ტაქტიკა დიდად არ შეუცვლია. დადებითი შედეგის მისაღწევად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინის და გუნდური სულისკვეთების შენარჩუნება”.

ნიკა კვეკვესკირი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ალბანეთის შესახებ ყველას კარგად მოგვეხსენება. საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს ევროპის წამყვან ჩემპიონატებში და მათ ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება.

ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, ერთა ლიგის თამაშებისთვის მომზადებაა. ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისის თამაშების წინ, რაც ჩვენი უმთავრესი მიზანია. მთავარია, გუნდმა გააგრძელოს წარმატებული სვლა და მიჯრით ოთხი გამარჯვების შემდეგ შეინარჩუნოს პოზიტიური ენერგია. ხვალინდელი თამაში მნიშვნელოვანია, რადგან ეროვნული ნაკრებში შედეგი არასდროს არის მეორეხარისხოვანი და თითოეულ ფეხბურთელს სურს ბოლომდე დაიხარაჯოს და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა”.

Nakrebi.ge

ბონუჩი მუნდიალის შესარჩევი ეტაპის სისტემას აკრიტიკებს: “ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგეთ”

იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სისტემა გააკრიტიკა.

“ყველაფერი ერთ მატჩში დავკარგეთ, ეს აბსურდული სისტემაა. სამწუხაროდ, ასეთია სიტუაცია, ეს სიგიჟეა. ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ნებისმიერი რამის მოხდენაა შესაძლებელი. არიან გუნდები, რომლებიც ოთხ-ხუთ მატჩში დამარცხდნენ და შესარჩევი ეტაპი მაინც დაძლიეს, ჩვენ კი ერთი შეხვედრით გამოვარდით.

ტურნირის რეგულაცია, რა თქმა უნდა, ალიბი და საბაბი არ არის. უკეთესად უნდა გამოვსულიყავით. მოტივაცია უნდა ვიპოვოთ, რათა უწინდელ დონეს დავუბრუნდეთ”, – ბონუჩის სიტყვებს Goal-ი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში იტალიის ეროვნული გუნდი შინ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან დამარცხდა (0:1), რის გამოც მუნდიალის ფინალურ სტადიას ზედიზედ მეორედ გამოტოვებს.

“რეალი” პოგბაზე უარს ამბობს

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალი” პოლ პოგბას დამატებაზე უარს ამბობს. წყაროს თანახმად, “სამეფო კლუბი” 29 წლის ფრანგი ნახევარმცველის დასამატებლად აღარ იბრძოლებს.

პოლ პოგბა “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენის წინააღმდეგი არ არის, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობისგან კონტრაქტის გაახანგრძლივების თაობაზე წინადადება არ მოუღია. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

პოლ პოგბამ 2021-2022 წლების სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 23 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ალვესმა თანამედროვეობის სამი მარჯვენაფლანგელი მცველი გამოარჩია

“ბარსელონას” ფეხბურთელმა დანიელ ალვესმა თანამედროვეობის ის მარჯვენაფლანგელი მცველები დაასახელა, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონს.

“ტრენტ ალექსანდერ-არნოლდით (“ლივერპული”, ინგლისი) აღფრთოვანებული ვარ. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია. ამ ბიჭს მსოფლიო დონის მონაცემები აქვს.

ასევე მომწონს რის ჯეიმსი (“ჩელსი”, ინგლისი) და აშრაფ ჰაკიმი (“პსჟ”, მაროკო). ისინი ძალასა და ტექნიკას ერთმანეთს უხამებენ. დიდებული მოთამაშეები არიან. სამივე მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული თვისებები და სტილი აქვს, თუმცა სამივემ იცის, როგორ უნდა შეასრულოს საკუთარი საქმე”, – თქვა დანი ალვესმა გამოცემა FourFourTwo-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ალექსანდერ-არნოლდმა “ლივერპულის” შემდეგ მისი საყვარელი კლუბი დაასახელა

“ლივერპულის” მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ის კლუბი დაასახელა, რომელიც “წითლების” შემდეგ ყველაზე მეტად უყვარს.

“თუ არ ჩავთვლით “ლივერპულს”, ჩემი საყვარელი კლუბი “ბარსელონაა”. კატალონიელებს იგივე ღირებულებები და რწმენა აქვთ, რაც – “ლივერპულს”. მათ გუნდის დაკომპლექტება საკუთარ აკადემიაში გაზრდილი ფეხბურთელებით უყვართ. იმ “ბარსელონას” თამაშის ცქერაში გავიზარდე, რომლის რიგებშიც მესი, ინიესტა, ჩავი, ანრი და ეტოო ირიცხებოდნენ”, – ციტირებს ალექსანდერ-არნოლდის სიტყვებს British GQ.

შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი “ლივერპულის” აკადემიის აღზრდილი გახლავთ. ის “ენფილდროუდელთა” მთავარ გუნდში 2016 წელს ჩაირიცხა. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.