ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა

ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა კამერუნში მოხდა.

25 წლის ფეხბურთელი საკუთარი Range Rover-ის მარკის ავტომობილით სანაკრებო შეკრებაზე მიდიოდა, რა დროსაც ავტოავარია შეემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები სერიოზულად დაზიანდა, ონანა არ დაშავებულა.

კამერუნის ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით 25 და 29 მარტს ალჟირის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანდრე ონანა მომავალი სეზონიდან მილანის “ინტერის” კარს დაიცავს.

 

ლაშა ბექაური: “ვიღაც ძიუდოს ექსპერტმა კომენტარებში თავი გაიგიჟა…”

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

“ერთხელ, ვიღაც “ძიუდოს ექსპერტმა” კომენტარში თავი გაიგიჟა: “ვერ მოუგებს იგოლნიკოვს მასთან ახლოსაც კი ვერ მივა”. მაშინ პასუხი არ გავეცი მეთქი, რომ მოვუგებ ფოტოს ჩავუგდებ თქო,მაგრამ მერე გაუჩინარდა…” – დაწერა ლაშამ.

ბექაურმა რუსს იგოლნიკოვს ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში ვაზარით მოუგო.

ნაკრები 22 ფეხბურთელით სარაევოში ჩაფრინდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სარაევოში იმყოფება. ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს 22 მარტს გამართავს. საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩისთვის საფეხბურთო კლუბ სარაევოს საწვრთნელ ბაზაზე მოემზადება.

ამ ეტაპზე  ბოსნია-ჰერცეგოვინაში ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული შემადგენლობის 22 ფეხბურთელი უკვე ჩავიდა. სამხრეთ კორეული “ულსან ჰიუნდაის” ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი საწვრთნელ პროცესში 23 მარტიდან ჩაერთვება.

2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტია გამოძახებული. “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველი  ვარჯიშისთვის ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოში”?

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” დატოვა და სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ ახალ გუნდს შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდია ალბათობა, ეს ახალი გუნდი საქართველოს ჩემპიონი ბათუმის “დინამო” იყოს. სავარაუდოდ, კვარა “დინამოში” 30 ივნისამდე დარჩება და შემდეგ კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ყველაზე რეალური ვარიანტი კი იტალიური “ნაპოლია”.

სპორტულმა კომენტატორმა დიმა ობოლაძემ გუშინ სოციალურ ქსელში საინტერესო და მიმანიშნებელი პოსტი გამოაქვეყნა.

“ხვიჩა რუსეთში ალბათ აღარ დაბრუნდება და კარიერას ევროპაში განაგრძობს. საქართველო და ბათუმიც ევროპაა ისე…” – დაწერა ობოლაძემ.

ევროთასების მეოთხედფინალისტებს უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატებიდან მოთამაშეების დამატება შეუძლიათ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ყველა მონაწილე გუნდს უკრაინისა და რუსეთის ჩემპიონატებიდან ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება მისცა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს აღმასრულებელმა კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება 21 მარტს მიიღო. თითოეულ გუნდს 1-ელ აპრილამდე არაუმეტეს ორი ფეხბურთელის დამატების უფლება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებთან სეზონის ბოლომდე ცალმხრივად კონტრაქტის შეჩერების უფლება მისცა.

ყაზანის “რუბინი” კვარაცხელიაზე განცხადებას ავრცელებს

ყაზანის “რუბინი” ხვიჩა კვარაცხელიას წასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ხვიჩა საქართველოს ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრა, დაბრუნდება თუ არა კლუბში, ამას შემდეგ ვნახავთ, რაც სანაკრებო პაუზა დასრულდება. რაც შეეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარას, ჩვენ რამე მსგავსი არ ვიცით და არც ფეხბურთელს უთქვამს” – წერია განცხადებაში.

როგორც რუსული, ისე ქართული ყველა სპორტული მედია წერს, კვარაცხელია რუსეთში დაბრუნებას აღარ აპირებს და კარიერას ევროპაში გააგრძელებს.

დავით ხოჭოლავა: “უკრაინის არმიის დასახმარებლად წასვლაზე ვფიქრობდი”

“კოპენჰაგენის” მცველმა დავით ხოჭოლავამ თქვა, რომ გუნდის დატოვებასა და უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასვლაზე ფიქრობდა.

“ჩვენ ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობთ. რაღაც მომენტში გუნდის დატოვებასა და უკრაინის არმიის დახმარებაზე ვფიქრობდი, მაგრამ, პირველ რიგში, სამხედრო საქმისგან შორს ვარ და არც იარაღს ვფლობ კარგად. მეორეც, ვფიქრობ, ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო მეუღლე ამის უფლებას არ მომცემდა.

დახმარებისა და სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობა რომ მქონოდა, ქვეყნის თავდასაცავად წავიდოდი”, – ციტირებს ხოჭოლავას სიტყვებს bold.dk.

დავით ხოჭოლავა 2015-დან 2021 წლამდე ოდესის “ჩორნომორეცისა” და დონეცკის “შახტარის” ღირსებას იცავდა. ქართველ ფეხბურთელს უკრაინელი მეუღლე ჰყავს, რომლის მამაც მიმდინარე თვეში რუსების თავდასხმას ემსხვერპლა.

გადაწყდა — დიბალა “იუვენტუსს” ტოვებს

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

დღეს 28 წლის ფეხბურთელის აგენტი ხორხე ანტუნი კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. “იუვენტუსმა” დიბალას სეზონში ხელფასის სახით 6-7 მილიონი ევრო შესთავაზა. არადა, გასული წლის ოქტომბერში ფეხბურთელს “ბებერი სინიორასგან” გაცილებით ხელსაყრელი პირობები ჰქონდა: კონტრაქტი – 2026 წლამდე და ხელფასი – რვა მილიონი ევრო, რასაც ბონუსების სახით კიდევ ორი მილიონი დაემატებოდა. საბოლოოდ, მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე ვერ შეთანხმდნენ. შესაბამისად, დიბალა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ბებერი სინიორას” რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. მისი დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული მეორე იტალიური გრანდი “ინტერი”.

“იუვენტუსმა” უკვე დაიწყო პაულო დიბალას შემცვლელის ძებნა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებს “რომას” ნახევარმცველ ნიკოლო ძანიოლოს დამატება აქვთ მოწადინებული.

კავაზაშვილი: “სამწუხაროა, რომ ხვიჩას რუსეთიდან უკანმოუხედავად გაქცევას აიძულებენ”

საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა ინტერნეტპორტალ Metaratings.ru-სთან კომენტარი გააკეთა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს ემუქრებიან იმის გამო, რომ 21 წლის ფეხბურთელს რუსეთი ამ დრომდე არ დაუტოვებია. კავაზაშვილმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

“ეს რა არის? ჩემთვის გაუგებარია ცალკეული პიროვნებების ქმედებები, რომელთაც სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების დაშინება შეუძლიათ. ეს ნამდვილი დანაშაულია! ასე არ შეიძლება. დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტი რუსი იმყოფება. გავიგე, რომ ზოგიერთ რესტორანში ხულიგნობით არიან დაკავებულნი – ამბობენ, რომ რუსებს არ ემსახურებიან, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია! დანარჩენი ქართველები, ადამიანურები მიდიან და სჯიან მათ, ვინც ასეთ წარწერებს აკეთებენ.

აღშფოთებული ვარ! ასე როგორ შეიძლება?! ოჯახის მიმართ მუქარა მხოლოდ არასწორი ქმედება არაა. ვინც ამას ბედავს, ყველანი ციხეში უნდა ჩასვან! ქართველებისა და რუსების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობა აბსურდია, ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვუჭერდით მხარს. რა გამოდის? სადამდე დაეცა მსოფლიო?

გაიგეთ, რომ ხვიჩას კი არა, მის ოჯახს, მის მშობლებს ემუქრებიან. თუ საქართველოში არ დარჩება, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრებს რაღაც დაუშავონ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს. ეს გუნდისთვის დარტყმაა, თანაც “რუბინი” ახლა არც ისე კარგად თამაშობს. ეს სულელური წაგებები გუნდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

ხვიჩა კარგი ბიჭია. სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ბიჭს აიძულებენ, უკანმოუხედავად გაიქცეს, იქ, სადაც მას არ სურს. დღესდღეობით საქართველოში საფეხბურთო დონე ძალიან დაბალია! ის რუსეთში ავითარებს ოსტატობას. მას “რუბინის” შემდეგ გაეხსნა კარი როგორც კარგ მოსვოკურ გუნდებში, ასევე ევროპაში. ძალიან სამწუხაროა”, – თქვა კავაზაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იტალიური “ნაპოლი” არის დაინტერესებული.

ევლოევი თოფურიაზე: “ეს დაბალი მე დამიტოვეთ!”

ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას სოციალური ქსელის საშუალებით UFC-ის რუსი მებრძოლი დამირ ისმაგულოვი გამოეხმაურა.

ისმაგულოვი ინსტაგრამში თოფურიასა და პიმბლეტზე წერს: “მე შემიძლია ამ ორივეზე ერთ ღამეს ვიზრუნო.”

ისმაგულოვის სიტყვებმა კიდევ ერთი რუსი მებრძოლის, წარმოშობით ინგუში მოვსარ ევლოევის ყურადღება მიიპყრო. როგორც იცით, ევლოევსა და თოფურიას ერთმანეთთან იანვარში უნდა ეჩხუბათ, მაგრამ მაშინ რუსი სპორტსმენის გამო შეხვედრა ჩაიშალა.

მოვსარ ევლოევი: “დამირ, ძმაო, ასეთი ხარბიც ნუ იქნები! შენ შეგიძლია ქერაზე იზრუნო, მაგრამ ის დაბალი [ილია თოფურია] მე დამიტოვე.”

შეგახსენებთ, რომ ევლოევი და თოფურია სოციალურ ქსელში აქამდე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთ ინტერვიუში რუსმა მებრძოლმა თქვა, რომ საქართველოში მას უფრო მეტი ფანი ჰყავს, ვიდრე – ილიას.

დივოკ ორიგი “მილანს” უახლოვდება

“ლივერპულის” თავდამსხმელი დივოკ ორიგი მომავალი სეზონიდან, სავარაუდოდ, “მილანის” ღირსებას დაიცავს.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება გრძელდება. რამდენიმე დღეში “როსონერის” ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ბელგიელი ფეხბურთელის აგენტებს უნდა შეხვდეს. “მილანი” ორიგის ოთხწლიან კონტრაქტსა და წლიურად 3,5 მილიონ ევროს სთავაზობს. ცნობილია, რომ 26 წლის ფეხბურთელს “ენფილდის” დატოვება ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სურდა, თუმცა მაშინ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დაარწმუნა, რომ გუნდში უნდა დარჩენილიყო.

დივოკ ორიგი “ენფილდროუდელთა” რიგებში 2014 წელს ჩაირიცხა. მან მიმდინარე საკლუბო სეზონში ათი მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ორიგის “ლივერპულთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

რუსული სახელმწიფო მედია: ხვიჩას ემუქრებიან და ამიტომ რუსეთში აღარ დაბრუნდება

რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია РИА Новости კიდევ ერთი რუსული გამოცემის, Match TV-ზე დაყრდნობით წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს ფეხბურთელის რუსეთში თამაშის გამო ემუქრებიან და დიდი შანსია, უკან აღარც დაბრუნდეს.

ხვიჩამ გუშინ გუნდი მოედანზე კაპიტნის სტატუსით გაიყვანა და ეს ერთგვარად, დამშვიდობების სიმბოლურ ჟესტად შეფასდა. მოთამაშე უკვე თბილისშია ჩამოსული და თან უჩვეულოდ დიდი ბარგით, 3 დიდი ჩემოდანით.

როგორც ჩანს, კვარაცხელია “რუბინში” დაბრუნებს მართლაც აღარ აპირებს.

რამდენიმე დღის წინ კვარას აგენტი და “ნაპოლის” წარმომადგენლები შეხვდნენ. მას ახალი კლუბის მოძებნა 10 აპრილამდე შეუძლია.

როგორც ცნობილია, ყაზანიდან მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკიც მიდის.