კლოპი: “ინტერთან” უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ, რათა შანსი გვქოდეს”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპული” მილანის “ინტერს” ესტუმრება. დამდეგი შეხვედრისა და სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა.

“ინტერი” ტოპგუნდია, რომელსაც უმაღლესი დონის მწვრთნელი და მოთამაშეები ჰყავს. ისინი შარშან ჩემპიონები გახდნენ და სერია A-ს სხვა კლუბების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ალბათ, ამ სეზონშიც საუკეთესონი არიან. ისინი საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ, ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულნი, შემოქმედებითად მოქმედებენ და ინდივიდუალური ოსტატობაც მაღალ დონეზე აქვთ. უმაღლესი კლასის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რათა შანსი გვქონდეს

სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმების თაობაზე მერვედფინალურ ეტაპზე გასამართი ორი მატჩის შემდეგ მეტის თქმა შემეძლება. ზოგადად გეტყვით, რომ არ მახსენდება შეხვედრა, რომელშიც ჩვენი მიზანი თუნდაც ერთი გოლის გატანა ყოფილიყო. ჩვენ სტუმრად ყოველთვის ერთი მიზნით ვთამაშობთ – შედეგისთვის, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს.

არ ვიცი, რა ჩაითვლება დადებით რეზულტატად “ინტერთან” პირველი მატჩი. გამარჯვება მშვენიერი შედეგი იქნება, თუმცა შესაძლოა, ფრეც გვაკმაყოფილებდეს. ვნახოთ.

სტუმრად გატანილი გოლის წესი ყოველთვის მომწონდა. არ ვიცი, რატომ გააუქმეს ეს წესი, თუმცა ფაქტია, რომ აღარ მოქმედებს. არა უშავს, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა კლოპმა.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

საბა საზონოვი: “გამარჯობა ჩვენო ფანებო, დღეს ჩვენ ძმებთან ვთამაშობთ” (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ თბილისის “დინამო” ამხანაგურ მატჩში მოსკოვის “დინამოს” გაეჯიბრა და 1-0 დაამარცხა. რუსეთში დედით ქართველი, მამით რუსი ფეხბურთელი, საბა საზონოვი თამაშობს, რომელმაც თამაშის დაწყებამდე გულშემატკივარს ქართულად მიმართა. მისი კომენტარი მოსკოვის “დინამოს” მატჩის მიმოხილვაში დღეს გამოჩნდა.

“გამარჯობა ჩვენო მაყურებელო და ფანებო. დღეს ჩვენ ვთამაშობთ “დინამო თბილისთან”, ჩვენ ძმებთან, რადგან დღეს შეიძლება მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგოს, მხოლოდ “დინამო”.

საზონოვი 1.94-მ-ის, 20 წლის ცენტრალური მცველია. საბა საქართველოში ხშირად იმყოფებოდა და როგორც აცხადებს, საქართველოში უფროსების პატივისცემა და ოჯახური ტრადიციებისადმი სიყვარული ისწავლა. ფედერაციის აქტიურობის შემთხვევაში, მისი ჩვენ ნაკრებში ხილვა სრულიად შესაძლებელია.

რამდენი მილიონი დაუჯდება “ჰამბურგს” ჩაკვეტაძის გამოსყიდვა?

ბელგიური გამოცემა voetbalnieuw-ის ინფორმაციით, “ჰამბურგს” გიორგი ჩაკვეტაძის გამოსყიდვა 2 მილიონი ევრო დაუჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ “ჰამბურგს” ჩაკვეტაძე ე.წ. მშრალი იჯარით ჰყავს დამატებული და კონტრაქტში გამოსყიდვის ოფცია არ დევს, “გენტი” მზად არის გიორგი 2 მილიონის სანაცვლოდ დათმოს.

ჩაკვეს “გენტთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ფეხბურთელის აგენტებს, ჯაკობია/გახოკიძეს ბელგიელებთან სერიოზული მოლაპარაკება მოუწევთ, რომ სატრანსფერო თანხა ზედმეტად არ გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის “დინამო” მოთამაშის შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30%-ზე მეტს მიიღებს.

გუშინ ჩაკვეტაძეს თავისმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა, ლუკა გუგეშაშვილმაც უსურვა, ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდეს.

თომას მიულერი და მისი ცოლი ცხენის სპერმით მილიონების შოვნას აპირებენ

“ვესტ ჰემის” 30 წლის ცენტრალური მცველი კურტ ზუმა კატისთვის ფეხის დარტყმის გამო საკმაოდ დიდ პრობლემებში გაეხვა, მათ შორის, Adidas-მა სასპონსორო კონტრაქტი გაუწყვიტა, “ვესტ ჰემმა” კი 250 ათასით დააჯარიმა.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია Peta-მ თომას მიულერი და მისი ცოლიც გააკრიტიკა. როგორც აღმოჩნდა, თომასს და ლიზას ცხენების ფერმა აქვთ და რამდენიმე თვის წინ, მათ გულშემატკივრებს ცუდი ამბავი შეატყობინეს. დ’ავიეს, რომელიც ფერმის გამორჩეული ცხენია, რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობა ჩაუტარდებოდა.

“სამწუხაროდ, ცხენი შეჯვარების სეზონის წინ ერთ-ერთი ტესტისთვის ემზადებოდა და უეცრად, დაეცა. ცხენმა ჩლიქი დაიზინა და მომდევნო თვეები სრულად დაისვენებს”, – წერს ლიზა მიულერი.

Peta-ს მიხედვით, მიულერებს შეეძლოთ ამ ინციდენტის თავიდან აცილება და გარდა ამისა, ორგანიზაცია ცხენების “არაბუნებრივ სექსუალურ აქტებში” ჩართვის გამო პოლიციას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

“საშინელებაა, როცა ცხენებს აიძულებ “არაბუნებრივ სექსუალურ აქტებში” მონაწილეობა მიიღონ, რათა მათგან მაქსიმალური სარგებელი ჰქონდეს კომპანიას” – ამბობს იანა ჰოგერი, ცხოველთა დამცველი.

Bild-ის ინფორმაციით, მიულერთა ფერმაში ნებისმიერი მსურველს შეუძლია მისვლა, ვისაც ცხენების განაყოფიერება სურს და ცხენის სპერმის ყიდვა 200დან 1600 ევრომდე დაუჯდებათ. ლიზა და თომასი ფიქრობენ, ამ საქმით მილიონების შოვნა შეიძლება.

რა უშლის ყველაზე მეტად ხელს ქართველ ტალანტებს ევროპაში გადასვლაში?

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და “საბურთალოს” შემტევი ლუკა წულუკიძე ზაფხულში გერმანული “კარლსრუეს” რიგებში ჩაირიცხება.

წულუკიძე რომ ევროკავშირელი ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილიყო, მისი ტრანსფერი უკვე დასრულებული იქნებოდა. სწორედ არაევროკავშირელის სტატუსი უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში გადასვლაში.

წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში, მათ შორის, ავსტრიაში, შეზღუდვები არაევროკავშირელების მიმართ არის დაწესებული. მაგალითად, როცა გურამ გიორბელიძეს სათამაშო დრო არ ჰქონდა, მეორე გუნდს ვერ ემატებოდა, რადგან გუნდს მხოლოდ 3 არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვს.

გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერი რამდენჯერმე დადგა საფრთხის წინაშე და შესაძლოა, მამარდა რეგულაციების გამო ესპანეთში ვერ გადასულიყო. იგივე პრობლემები ჰქონდა აბურჯანიას, რომელიც ჰოლანდიაში ვერ დარჩა.

ამ საკითხის მოგვარება სპორტის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს შეუძლიათ. კობიაშვილს და ყაველაშვილს, რომლებიც პარლამენტში სპორტის კომიტეტს ხელმძღვანელობენ, მათი პარლამენტში დაბარება და საქმის შესწავლა შეუძლიათ.

“ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე” – რას უწერს ქართველი ფეხბურთელი ჩაკვეტაძეს?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და “ყარაბახის” მეკარე ლუკა გუგეშაშვილი თავის საუკეთესო მეგობრის, გიორგი ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” თამაშს, როგორც ყოველთვის, გამორჩეულად ეხმიანება.

“ყოჩაღ გიორგი, შენ სახეზე ღიმილს როცა ვხედავთ, მთელი ქვეყანა ვბედნიერდებით, დაე აღსრულდეს და ბელგიაში აღარასდროს დაბრუნდე” – უწერს ლუკა ჩაკვეს.

იმედია, ჩაკვე “ჰამბურგთან” ერთად ბუნდესლიგაში გადავა და “გენტში” დაბრუნება არ მოუწევს.

რუსული მედია: “რუბინს” ხვიჩას შემცვლელი ნაპოვნი ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინიდან” წასვლა ბოლო 1 წელია ჩვენთვის მთავარ პრობლემად იქცა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ყაზანელებისთვის დიდ თავსატეხს აღარ წარმოადგენს და  “რუბინი” კვარას ევროპაში გადასვლის შემთხვევაში მის შემცვლელს არ შეიძენს.

რუსული პრესის ინფორმაციით, ხვიჩას ყაზანში ფლანგზე სეად ჰაკსაბანოვიჩი შეცვლის, რომელიც “რუბინმა” შვედეთიდან დაიმატა და 6.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

ახლა სეადი ძირითადად შეცვლებზე შემოდის და მოსალოდნელია, ზაფხულამდე ასე იქნება.

“რუბინის” სპორტულმა დირექტორმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კვარაცხელიას გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა. როცა ჰაკსაბანოვიჩში 6.5 მილიონს იხდი, ლოგიკურია, ჩვენებურში ამდენი რომ მოითხოვო.

 

გვარდიოლა: “ფერგიუსონობას არ ვაპირებ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ მან “ქალაქელებს” 10-15 წლის განმავლობაში უთავკაცოს.

“სერ ალექს ფერგიუსონობას არ ვაპირებ, არ ინერვიულოთ. წელიწადნახევარი დიდი დროა. ჩვენ გარშემო არსებული ჰარმონია გვეხმარება: უკანასკნელი ოცი მატჩიდან 18 შეხვედრაში გავიმარჯვეთ და მხოლოდ “ლაიფციგთან” დავმარცხდით, როდესაც არაფერი გვჭირდებოდა. ჩემს ბიჭებს კარგად ვიცნობ. ზოგჯერ ისინი იმედგაცრუებულნი არიან, ვინაიდან სათამაშო დრო არ ეძლევათ, თუმცა დანარჩენით უკმაყოფილონი ვერ იქნებიან. მათ ყველაფერი აქვთ და მათ დასახმარებლად ყველანი მზად არიან.

გამარჯვებებსა და მარცხში არის შემთხვევითობის ელემენტი. ერთად ვიმარჯვებთ და ფართოდ ვიღიმით. სევდიანი სახეებით უკეთესნი ვერ გავხდებით. დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “მანჩესტერ ივნინგ ნიუსი”.

პირლოს იტალიური კლუბი იწვევს

შესაძლოა, ანდრეა პირლომ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.

“სკაი იტალიას” ცნობით, 42 წლის იტალიელს “სალერნიტანა” იწვევს. წყაროს თანახმად, კლუბმა პირლოს ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მანამდე “სალერნიტანა” დელიო როსის, ჯენარო გატუზოსა და კლაუდიო რანიერის იწვევდა, თუმცა შემოთავაზებას არცერთი მათგანი არ დათანხმდა.

“სალერნიტანას” იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი პოზიცია უკავია.

რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, 37 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლოს “ოლდ ტრაფორდის” დატოვებას არ აპირებს. რონალდუს გუნდის მთავარ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან ცუდი ურთიერთობა აქვს. როგორც უცხოურ პრესაში იწერება, კრიშტიანუ თვლის, რომ გერმანელი სპეციალისტის სამწვრთნელო დონე “მანჩესტერ იუნაიტედის” სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მიუხედავად ამისა, რონალდუ “წითელი ეშმაკების” დატოვებას არ აპირებს. მისი ოჯახი მანჩესტერში ცხოვრებით კმაყოფილია და იქიდან გადაბარგება არ სურს.

შეგახსენებთ, რომ მიჯრით ექვსი მატჩია, კრიშტიანუ რონალდუს გოლი არ გაუტანია. პორტუგალიელმა უკანასკნელად ბურთი გასული წლის 30 დეკემბერს მიითვალა, როდესაც “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურში “ბარნლი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მიმდიანრე სეზონში რონალდუმ 27 შეხვედრა ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თელ ავივის გრან სლემზე

17-19 თებერვალს ძიუდოში თელ ავივის გრან სლემი გაიმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 15 ძიუდოისტით დარეგისტრირდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-60კგ: ირაკლი კუპატაძე, თემურ ნოზაძე;
-66კგ: ლაშა ნადირაძე;
-73კგ: ფრიდონ გიგანი, გიორგი ჩიხელიძე;
-81კგ: ლევან გუგავა, ვლადიმერ ახალკაცი;
-90კგ: უშანგი მარგიანი;
-100კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე;
+100კგ: გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.

-52კგ: მარიამ ჯანაშვილი;
-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი;
+78კგ: სოფიო სომხიშვილი.

ლაშა გუჯეჯიანმა შოჰეი ონო გამოიწვია – ლაშა VS ონო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა თბილისის გრანდ სლემზე, რომელიც 25-27 მარტს გაიმართება, უძლიერესი და დაუმარცხებელი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი შოჰეი ონო გამოიწვია.

“შოჰეი ონო, გელოდებით თბილისის გრანდ სლემზე” – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა პოსტი გუჯეჯიანმა ინსტაგრამზე.

ლაშა შავდათუაშვილი საუკეთესო ფორმაშია, რომელიც გრანდ სლემზე აპირებს გამოსვლას და სწორედ ონოსთან დამარცხდა ოლიმპიადის ფინალში ჩვენი ფალავანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატზე და თბილისის გრან პრიზე (სანამ გრანდ სლემი გახდებოდა) წამყვანი ქართველი ძიუდოისტები ნაკლებად გამოდიოდნენ, თუმცა გუჯენიანის გადაწყვეტილებით, ეს პრაქტიკა შეიცვლება.