“ლეონიდ სლუცკისთან და “რუბინის” სპორტულ დირექტორთან საუბრისას მითხრეს, რომ კვარაცხელიას ევროპაში სათამაშოდ წასასვლელად კიდევ ერთიდან ორ წლამდე პერიოდი სჭირდება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ხვიჩას თაობაზე ხუთმა კლუბმა მომმართა: “ტორინო”, “სასუოლო”, “ზალცბურგი”, “გენტი” და “უდინეზე”.
“რუბინმა” ცოტა ხნის წინ შეკრა კარგი გუნდი. ახლა ყაზანელები კვარაცხელიას გასაყიდად მზად არ არიან და მისი გაყიდვა რომც უნდოდეთ, მე წინააღმდეგი ვიქნებოდი. მან ჯერ კიდევ უნდა ითამაშოს რუსეთის ჩემპიონატში. ალექსეი მირანჩუკი ჭკვიანი ბიჭია. მან აქ ჩემპიონატი და თასი მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა “ატალანტაში”.
მინდა, რომ ხვიჩამ ხუთ წელიწადში მადრიდის “რეალში” ითამაშოს. მე ამის მჯერა. მჯერა, რომ ითამაშებს “რეალში” ან “ბაიერნში”. ბავარიელებს მისი დამატება ისედაც უნდოდათ, ხვიჩა მიუნხენში იყო, ჰასან სალიჰამიჯიჩს შეხვდა, იქაურობა დაათვალიერებინეს. გარკვეული საუბრები იყო, მაგრამ არ აიყვანეს. მაშინ ხვიჩა 17 წლის იყო. თქვეს, კიდევ ექვსი თვე შევხედავთო და საბოლოოდ, ასე ჩაიშალა. მე არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ ვიცი, რომ კვარაცხელია ასეთ კლუბში ითამაშებს. არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც “რეალში” გადავა. ეს შეიძლება იყოს “ბარსელონა”, “რეალი”, “ბაიერნი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. მჯერა, რომ მსგავს გუნდში ითამაშებს. ასეთ კლუბში გადასვლა ახლავე რომ შეეძლოს, დღესვე გავუშვებდით. მისი “ჯენოაში” და “უდინეზეში” კი არა, “ჩელსიში”, “ინტერში”, “ბაიერნში”, “რეალში” და მსგავსი დონის კლუბებში გაყიდვა გვინდა. ღმერთს ვთხოვ, რომ ტრავმა არ მიიღო და ასეთ გუნდში აუცილებლად მოხვდება”, – აღნიშნა მამუკა ჯუღელმა.