“მერანმა” დავით ყიფიანის თასზე “კოლხეთს” სძლია და ნახევარფინალში გავიდა!

დღეს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში მარტვილის “მერანმა” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. თამაში დაძაბულად წარიმართა, თუმცა ძირითად 90 წუთში გოლი არ გასულა.

შეხვედრა დამატებით ტაიმებში გადავიდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-100 წუთზე გავიდა – თავი “მერანის” ფეხბურთელმა, აკაკი შუალაიამ გამოიჩინა.

საბოლოოდ, ნახევარფინალში მარტვილელთა გუნდი გავიდა.

დღეს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრები გაიმართება

21 სექტემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. ამ ეტაპზე მონაწილეობას პირველი ლიგის შვიდი და უმაღლესი ლიგის ცხრა კლუბი მიიღებს.

ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართება. ადგილობრივი „სიონი“ „თამაზ სტეფანიაზე“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ეს გუნდები უკვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის მესამე ტურში გამართული მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

საინტერესო მატჩი გაიმართება ზედა ეწერშიც. სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს ზუგდიდის „ოდიში 1919“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდებიან. ზუგდიდელებმა მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყეს და პირველი ლიგის წითელ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. რაც შეეხებათ ქუთაისლებს, ისინი უმაღლეს ლიგაში არასტაბილურად ასპარეზობენ და ხუთ შეხვედრაში მოპოვებული ხუთი ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

მერვედფინალის დარჩენილ შეხვედრებში „ლიახვი“ – „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს, „ბორჯომი“ – თბილისის „დინამოს“, ხობის „კოლხეთი“ – „ჩიხურას“, „სულორი“ – „გურიას“, „ჩხერიმელა“ – „სამტრედიას“ და „მერანი“ – „დილას“.

ლიახვი – ლოკომოტივი

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”, 16:00

მსაჯები: შ. ქუხილავა, ი. უკლება, პ. ბელთაძე, ბ. გლუშჩუკი

დისკვალიფიკაცია: ფირუზ მარაქველიძე (ლიახვი)

ოდიში 1919 – ტორპედო

ზედა ეწერი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ბ. ჟვანია, თ. გუგუნაშვილი, კ. გიორგაძე

დისკვალიფიკაცია: ვახტანგ კვარაცხელია (ტორპედო)

კოლხეთი ხ – ჩიხურა

ხობი, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, მ. კუპატაძე, ვ. რუხაია, დ. ხარიტონაშვილი

სიონი – კოლხეთი ფ

ბოლნისი, “თამაზ სტეფანია”, 16:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ი. კაკაბაძე, კ. სადილიანი, ჯ. ხორავა

ბორჯომი – დინამო თბ

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი, 16:00

მასჯები: გ. ვარდიძე, ზ. ბერულავა, დ. ახვლედიანი, მ. კიკორია

სულორი – გურია

ვანი, “გრიგოლ ნიკოლეიშვილი”, 16:00

მსაჯები: პ. მაჭარაძე, ს. სპიცინი, თ. მაღლაკელიძე, ტ. რუხაია

დისკვალიფიკაცია: ამირან როხვაძე (სულორი)

მერანი – დილა

მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”, 16:00

მსაჯები: დ. სანოძე, დ. გაბისონია, ა. ჟივიძე, ზვ. ტუღუში

ჩხერიმელა – სამტრედია

ხარაგაული, “სოსო აბაშიძე”, 16:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ა. კოკაია, ა. აფციაური, ი. ხერხაძე

წყარო: Gff.Ge

“სამტრედიამ” “კოლხეთს” სძლია

დღეს უმაღლესი ლიგის შეხვედრები გაიმართა.

წითელი ჯგუფის მატჩში სამტრედიის “სამტრედია” საკუთარ მოედანზე ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდა. ანგარიშის გახსნა მასპინძელთა მოთამაშემ, ბუდუ ზივზივაძემ 24-ე წუთზე შეძლო. პირველ ტაიმში აღარაფერი შეცვლილა.

მეორე ნახევარშიც ერთი გოლი გავიდა; “სამტრედიას” კაპიტანმა, გიორგი დათუნაიშვილმა ორამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოოდ, მასპინძლებმა მეგრულ გუნდზე 2:0 იმარჯვეს.

ამ მოგებით იმერულმა კლუბმა 8 ქულა მოაგროვა და მეოთხე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება “კოლხეთს”, ფოთელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან.

ტრაგედია ფოთის “კოლხეთის” აკადემიაში

როგორც საფეხბურთო კლუბ ფოთის “კოლხეთის” ოფიციალური გვერდი იტყობინება, ამავე გუნდის აკადემიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა. 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდის წევრი, 14 წლის გიორგი გოგია ზღვაში დაიხრჩო.

Fanebi.Com-ი უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს…

„კოლხეთმა“ უკრაინულ კლუბთან ფრედ ითამაშა

ურეკში ფოთის „კოხლეთსა“ და უკრაინის რანგით მეორე ლიგის „პერშა ლიგის“ კლუბ „დესნას“ შორის ამხანაგური მატჩი, ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში სტუმრებმა 32-ე წუთზე ბოვტრუკის გოლით გახსნეს. ხუთ წუთში „კოლხეთი“ კაცნაკლული დარჩა – წითელი ბარათი თუხარელმა მიიღო. ფოთელებმა წონასწორობა მეორე ნახევარში აღადგინეს – გოლი სიჭინავამ გაიტანა.

”კოლხეთი 1913” 1-1 ”დესნა” (უკრაინა)
გოლები: 32′ ბოვტრუკი (0-1); 64′ სიჭინავა (1-1).

წითელი ბარათი: 37′ თუხარელი.

„კოლხეთის“ შემადგენლობა:

სასტარტო: ძაგანია, თევზაძე, შალიკაშვილი, კილასონია, თ. კაკულია, ლ. კაკულია, ჩაკვეტაძე, გიგაური, სიჭინავა, თუხარელი, ტუღუში.
შეცვლაზე შევიდნენ: სეფიაშვილი, ჟიშკარიანი, მესხი, ლემონჯავა, გუგუშვილი, ნიქაბაძე, გოგონაია, გურეშიძე.

„კოლხეთი“ უკრაინულ გუნდთან ამხანაგურს ითამაშებს

ფოთის „კოლხეთი“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, ხვალ, 11 თებერვალს, მორიგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ფოთელთა მეტოქე ამჯერად უკრაინული ჩერნიგოვოს „დესნა“ იქნება. ეს კლუბი უკრაინის რანგით მეორე ლიგაში „პერშა ლიგაში“ გამოდის და 16-გუნდიან ჩემპიონატში ამჟამად მე-11 ადგილს იკავებს. შეხვედრა ურეკში 14:00 საათზე დაიწყება.

თუხარელი „კოლხეთში“ გადავიდა

24 წლის გარემარბი თორნიკე თუხარელი კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ფოთური კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თორნიკემ „ზუგდიდში“ ჩაატარა, რომლის მაისურით მხოლოდ ოთხ შეხვედრაში ითამაშა.

2009/10 წლების სეზონნში ტუხარელი „გაგრას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა. 2010 წლიდან 2014 წლამდე თორნიკე „ცხინვალის“ ფეხბურთელი იყო და ამ პერიოდში, ჯამში, 12 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში ის ქობულეთის „შუქურაში“ თამაშობდა და უმაღლესი ლიგის 19 მატჩში 3 გოლი მიითვალა.

„კოლხეთმა“ ორი ფეხბურთელი გაუშვა

ფოთის „კოლხეთი“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. 19 წლის ნახევარმცველი იონა კალაჯიშვილი და 23 წლის თავდამსხმელი ლევან კუხალეიშვილი დღეიდან გელა სანაიას გუნდის მოთამაშეები აღარ არიან. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, რაც ფოთური კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

ორივე ფეხბურთელი ფოთურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ვიტ-ჯორჯიადან“ ჩაირიცხა. კალაჯიშვილმა უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, კუხალეიშვილმა კი – სამჯერ.

თავის ოფიციალურ განცხადებაში „კოლხეთმა“ ორივე ფეხბურთელს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„კოლხეთს“ სანაია უთავკაცებს

დღეს ფოთის „კოლხეთმა“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა. ფოთელთა წინა თავკაცმა ზაზა ინაშვილმა პოსტი თავისი ნებით დატოვა. აღსანიშნავია, რომ „კოლხეთმა“ მას კლუბის სტრუქტურაში მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.

როგორც კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ დაადასტურა, სპეციალისტთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გაფორმდა.

ცნობისთვის, აქამდე სანაიას მტავარი მწვრთნელის სტატუსით „სამტრედიაში“, ხობის „კოლხეთში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „ჭიათურაში“, რუსთავის „მეტალურგში“, „სამტრედიასა“ და ქობულეთის „შუქურაში“ უმუშავია.

უმაღლესი ლიგის შვიდი ტურის შემდეგ „კოლხეთი“ 4 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და ბოლო ადგილზე მყოფ „ზუგდიდს“ 2 ქულით უსწრებს.

„კოლხეთმა“ საბანაძე დაიმატა

24 წლის თავდამსხმელი ნიკა საბანაძე აკრიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია „კოლხეთის“ „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

გასული სეზონის პირველი ნახევარი ნიკამ თბილისის „დინამოში“ ჩაატარა, რის შემდეგაც ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდა, რომელთანაც სეზონის ბოლოს კონტრაქტი ამოეწურა.

ზაფხულში საბანაძე კვიპროსულ „ეთნიკოსთან“ ერთად ვარჯიშობდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ მოახერხა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.

კოშკაძე „კოლხეთში“ გადავიდა

გამოცდილი ქართველი ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე კარიერას ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ფოთურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც ცნობილია, დღეს კოშკაძე ახალ გუნდს თურქეთში გაჰყვება, სადაც შეკრებას დაიწყებს და ახალი სეზონისთვის მზადებას განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა განვლილ სეზონში ლანჩხუთის „გურიაში“ ითამაშა.

„კოლხეთი“ ქართველი ნახევარმცველითა და უკრაინელი ლეგიონერით ძლიერდება

ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში მატებაა – კლუბს ნახევარმცველები ამბერკ ინჯიბაშვილი და უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი შეუერდნენ. ორივე მოთამაშე ფოთურ კლუბში აგენტ ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა.

ინჯიბაშვილი განვლილი სეზონის მეორე ნახევრიდან „გაგრაში“ თამაშობდა. 23 წლის შუახაზელმა ამ პერიოდში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

„დღეს „ზუგდიდთან“ ანგარიშით 3:0 მოგებული მატჩის მეორე ნახევარში ვითამაშე. უმაღლესი ლიგის კლუბში თამაში პირველი ლიგის კლუბში თამაშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვისურვებდი. მოხარული ვარ, რომ „კოლხეთში“ დავბრუნდი, კარიერა სწორედ აქ დავიწყე. კონტრაქტს ხვალ გავაფორმებთ, ხვალვე შეთანხმების დეტალებს დავაზუსტებთ“, – განუცხადა Fanebi.com-ს ინჯიბაშვილმა.

2

უკრაინელი ნიკიტა პოლულიახი კი თავდაპირველად სინჯებზე „მერანში“ იყო, თუმცა, საბოლოოდ, ფოთელებს შეუერთდა. 23 წლის ნახევარმცველი უკრაინის 17, 18, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო. პოლულიახს უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილებაც აქვს – ის დონეცკის „მეტალურგის“ შემადგენლობაში გამოდიოდა. სამწუხაროდ, პოლულიახს ტრავმის გამო მნიშვნელოვანი პერიოდი გაუცდა. 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში მან იჯარით უკრაინის პირველი ლიგის ალჩევსკის „სტალში“ გაატარა, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან კლუბს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა.

„აქ ჩემი აგენტის დახმარებით მოვხვდი. „კოლხეთთან“ უკვე სამი სპარინგ მატჩის ჩატარება მოვასწარი. გუნდში კარგად მიმიღეს, აქ კარგი მდგომარეობაა. თავდაპირველად „მერანში“ ვისინჯებოდი, თუმცა შეთანხმება ვერ მოვახერხეთ. მოგეხსენებათ, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ. კონტრაქტს ხვალ მოვაწერთ ხელს, ჯერჯერობით ერთწლიან შეთანხმებას გავაფორმებთ“, – გვიამბო პოლულიახმა.