იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მოითხოვა

“ფეინოორდიდან” “საუთჰემპტონში” გადაბარგებული იორდი კლასი კვლავაც აგრძელებს როტერდამული კლუბის ტრადიციის დაცვას.

ინგლისური კლუბი შეკრებაზე ჰოლანდიაში იმყოფება და ტრადიციის მიხედვით, ფეხბურთელები სავარჯიშო მოედნიდან სასტუმროში ველოსიპედებით ბრუნდებიან. განზრახ თუ შემთხვევით, კლასის ველოსიპედზე “ფეინოორდის” მთავარი მეტოქის, ამსტერდამის “აიაქსის” სიმბოლო იყო გამოსახული. მართალია, საკმაოდ პატარა ზომის სტიკერი იყო მიკრული, თუმცა იორდი კლასიმ ველოსიპედის გამოცვლა მაინც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი “საუთჰემპტონში” 15 ივლისს, 8 მილიონი ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

 

დირკ კიუიტი “ფეინოორდში” დაბრუნდება

“ფენერბაჰჩეს” ჰოლანდიელი თავდამსხმელი დირკ კიუიტი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს. კერძოდ, 34 წლის ფეხბურთელი “ფეინოორდში” დაბრუნდება.

მხარეებს შორის ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში ამა წლის ივლისში შევა.

შეგახსენებთ, რომ კიუიტი “ფეინოორდის” ღირსებას 2003-დან 2006 წლამდე იცავდა.

თურქეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში დირკ კიუტმა 25 მატჩში რვა გოლი გაიტანა.

 

“ფეინოორდის” ფანებმა ჟერვინიოს გასაბერი ბანანი ესროლეს (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის გამართულ მატჩში ჰოლანდიელმა ფანებმა სტუმართა თავდამსხმელ ჟერვინიოს დიდი გასაბერი ბანანი ესროლეს. 56-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა დაძაბული ვითარების გამო შეხვედრა 20 წუთით შეწყვიტა. მატჩის განახლების შემდეგ ჟერვინიომ “ფეინოორდის” ფანებს გატანილი გოლით უპასუხა.

შეხვედრა “რომას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა (ორი მატჩის ჯამში 3:2).

“ფეინოორდი” — “რომა” ოცი წუთით შეწყდა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდსა” და “რომას” შორის მიმდინარე მატჩი ჰოლანდიელი ფანების საქციელის გამო შეწყდა. არბიტრმა კემან ტურპენმა თამაში გააჩერა და გუნდებს გასახელიდსკენ მიუთითა. შეხვედრა 56-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, “რომას” სასარგებლოდ. ქომაგები მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, რის გამოც მანამდეც რამდენჯერმე შეჩერდა შეხვედრა. არბიტრმა 54-ე წუთზე მოედნიდან მასპინძელთა თავდამსხმელი მიტჩელ ტე ვრედეც გააძევა.

მატჩი დაახლოებით 20 წუთის შემდეგ განახლდა. შეხვედრის განახლებიდან რამდენიმე წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლი ელვის მანუმ გაიტანა. იმავე წუთში მსაჯმა “ფეინოორდის” სარეზერვო მეკარეც გააძევა. ორიოდ წუთში კი ჟერვინიომ “რომა” კვლავ დააწინაურა. ამ დროისთვის “რომა” 2:1 იგებს. მიმდინარეობს 66-ე წუთი.

 

“რომას” ფანები: “ჰოლანდიური პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე როტერდამის “ფეინოორდის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში “რომას” საქომაგოდ იტალიელი ტიფოზები გაჰყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიაში ჩასულ ქომაგებს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებთან უთანხმოება მოუვიდათ. აღშფოთებულმა ტიფოზებმა ჰოლანდიაში იტალიის საელჩოსა და ჟურნალისტებს პრეტენზიით მიმართეს.

“ჰოლანდიის პოლიცია ცხოველებივით მოგვექცა. თვითმფრინავის ტრაპიდან ორი ავტობუსით ღია მინდორზე გადაგვიყვანეს. წვიმაში გაგვაჩერეს, ფოტოებს გვიღებდნენ, პირად მონაცემებს იწერდნენ. ბარგი ჩვენს დაუსწრებლად გაჩხრიკეს.

2-საათნახევრის განმავლობაში ცხოველებივით გვექცეოდნენ. ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ხის ქვეშ გადაადგილება ვთხოვეთ, თუმცა არც ამ პროცესმა ჩაიარა პოლიციის ზედამხედველობის გარეშე”, – ერთ-ერთი ტიფოზის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ “ფეინოორდის” ფანებმა რომში არეულობა მოაწყვეს, რისთვისაც 16-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. იტალიის დედაქალაქში მომხდარმა არეულობამ 2,8 მილიარდი ევროს ზარალი გამოიწვია.

 

რომში “ფეინოორდის” ქომაგები დააკავეს (ფოტოები)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნა. “რომასა” და როტერდამის “ფეინოორდს” შორის გამართული მატჩის დაწყებამდე რომის პოლიციამ ჰოლანდიური გუნდის 22 ქომაგი დააკავა.

“გარდიანის” ცნობით, “ფეინოორდის” ფანებმა ქალაქის ცენტრში არეულობა მოაწყვეს, შემდეგ კი სამართალდამცველებთანაც იჩხუბეს, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. დაკავებულიდან მინიმუმ რვა პირს ექვსთვიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 45 ათასი ევროს გადახდა ემუქრება.

მატჩი “რომასა” და “ფეინოორდს” შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

roma police 1ROMA POLICE 2ROMA POLICE 3

 

კუმანის კანდიდატურას საბერძნეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე განიხილავენ

ჰოლანდიური „ფეინოორდის“ თავკაცი რონალდ კუმანი საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფერნანდუ სანტუშის შემცვლელად მოიაზრება. ფეხბურთის ორივე სპეციალისტი დაკავებული თანამდებობის დატოვებას 2014 წლის ზაფხულში აპირებს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჰოლანდიის საზღვრებს გარეთ ვიმუშავებ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით”, – კუმანის სიტყვები Voetbal International-მა გამოაქვეყნა.

გარდა ამისა, საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მილანის“ ყოფილი თავკაცის, მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურასაც განიხილავენ

 

გურამ კაშია: „მოხარული ვარ, რომ „ვიტესს“ ჩემი გოლით დავეხმარე“

როგორც მოგეხსენებათ, ჰოლანდიის ერედივიზიონის 21-ე ტურში როტერდამის „ფეინოორდსა“ და არნემის „ვიტესს“ შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მასპინძლები 39-ე წუთიდან იგებდნენ, თუმცა შეხვედრის 57-ე წუთზე გურამ კაშიამ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და „ვიტესს“ ქულა მოუტანა.

ჰოლანდიური კლუბის ქართველმა კაპიტანმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„იმედგაცრუებული არ ვარ, თუმცა არც კმაყოფილი არ გახლავართ. აქ ქულის მოპოვება ყველა გუნდს უჭირს. ჩვენი საუკეთესო თვისებები გამომავლინეთ, განსაკუთრებით ეს მეორე ტაიმში მოვახერხეთ. დიდი მუშაობა გავწიეთ და ვფიქრობ, რომ არც ერთი ქულაა ურიგო შედეგი.

მშვენიერი გოლი გავიტანე. ვცდილობდი, რომ გამეტანა და მოხარული ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე.

ვამაყობ, რომ ჩემს გუნდს ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩში არცერთი მარცხი არ აქვს. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვამაყობ ჩემი გუნდით, ეს ჩვენი მუშაობის შედეგია“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.

21 ტურის შემდეგ მეორეადგილოსან „ვიტესს“ აქტივში 42 ქულა აქვს და და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ ამსტერდამის „აიაქსს“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბექა დოგრაშვილი