გნაბრი: “პრემიერ ლიგაში დაბრუნებას არ გამოვრიცხავ”

სერჟ გნაბრიმ კარიერა 2012 წელს ლონდონის “არსენალში” დაიწყო. გერმანელმა ბოლო მომენტში გამოანათა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ვერ მოიკიდა ფეხი არსენ ვენგერის პირველ გუნდში და სამშობლოში დაბრუნდა.  როგორც იცით, იგი ბრემენის “ვერდერის” ღირსებას იცავს. მან აღნიშნული გუნდის მაისურით, ბუნდესლიგის 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

21 წლის მოთამაშეს ჰკითხეს, მომავალ ზაფხულს აპირებს თუ არა გუნდის დატოვებას.

“ახლა არ ვფიქრობ ჩემს მომავალზე. ამ წლების მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ სეზონის მიმდინარეობისას, მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ მატჩზე უნდა მოახდინო კონცენტრაცია. მეც ასე ვარ. ამ მომენტში “ვერდერის” ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდში წარმატებული ასპარეზობა მსურს.”

“ჩემი მომავალიც ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვითამაშებ ამ სეზონში. ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ ზაფხულს პრემიერ ლიგაში დავბრუნდე,” – განაცხადა ახალგაზრდა სპორტსმენმა.

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი