ფეხბურთელი VS გეიმერი

ენერგეტიკული სასმელების ფირმა „რედ ბულმა“ საინტერესო შეჯიბრება მოაწყო: ერთმანეთს ფეხბურთელი და გეიმერი დააპირისპირა. „მილანის“ ამომავალი ვარსკვლავი ჰაჩიმ მასტური და ამავე კლუბის ქომაგი კარლო პინტო ერთმანეთს ჯერ რეალურ მოედანზე დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ძალები ვიდეოთამაშში მოსინჯეს – ქულები შეჯამდა და გამარჯვებულს საჩუქრად ერთი ქილა „რედ ბული“ ერგო.

ვინ გაიმარჯვა? ამის სანახავად ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უყურეთ.

 

ცნობილი მომღერლების ფავორიტი ფეხბურთელები

ინტერნეტ-პორტალ sulia.com-ზე გამოქვეყნდა, თუ ვინ არიან (ან იყვნენ) ყველაზე ცნობილი მომღერლების ფავორიტი ფეხბურთელები.

გთავაზობთ აღნიშნულ სიას.

 მაიკლ ჯექსონი  დევიდ ბექჰემი
 ემინემი  სტივენ ჯერარდი
 ჯასტინ ბიბერი  ლეო მესი
 ტეილორ სვიფტი  მესუთ იოზილი
 სნუპ დოგი  ფერნანდო ტორესი
 ლიამ გალაჰერი  დევიდ ბექჰემი
 ლუის ტომლინსონი  კრიშტიანო რონალდუ
 50 ცენტი  სტივენ ჯერარდი
 ენრიკე იგლესიასი  კრიშტიანო რონალდუ
 რიანა  დევიდ ბექჰემი

 

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი