ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრინდება

მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი ორშაბათს მანჩესტერში გაფრენას აპირებს. საფეხბურთო ინსაიდერი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ფრანგი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გააფორმებს კონტრაქტს, თუმცა მანამდე დადგენილი საკარანტინო პერიოდის გავლა მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი “რეალში” 2011 წლიდან თამაშობს. მან გასულ სეზონში “სამეფო კლუბის” ფორმით 41 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი 28 წლის მცველის სატრანსფერო ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ ინგლისელები რაფაელ ვარანის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსებიც დაემატება.

რაფაელ ვარანს “რეალიდან” წასვლა სურს

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალის” მცველმა რაფაელ ვარანმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურს. ამის შესახებ ფეხბურთელის თანაგუნდელებიც არიან ინფორმირებულნი.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ვარანის ხილვა სწორედ ტურინულ გუნდში სურს. “რეალი” ფრანგი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “იუვენტუსი” უარზეა. მხარეები შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას გამართავენ. თავად ვარანს თამაში “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს.

25 წლის ვარანმა მიმდინარე სეზონში “რეალის” რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მას “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ვარანის სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

ვარანი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან გუნდში ცვლილება განახორციელა.

მადრიდის “რეალის” მცველის, რაფაელ ვარანის ნაცვლად განაცხადში “სევილიას” ფეხბურთელი ადელ რამი შეიყვანეს.

დეშამმა ვარანი ნაკრების ექიმებს გაასინჯინა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის ორთავა კუნთი აქვს დაშავებული. ტრავმის მოშუშებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება, რის გამოც განაცხადიდან ვარანის ამოშლა გადაწყდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარანის თამაში საეჭვოა

მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა რაფაელ ვარანმა ტრავმა მიიღო. ფრანგმა ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყის კუნთები დაიშავა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მომჯობინდება ვარანი, თუმცა თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, მას “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს. რაფაელ ვარანის თამაში ევროპის ჩემპიონატზეც საეჭვოა.

აქვე შეგახსენებთ, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ალვარო არბელოაც დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. შეხვედრა 28 მაისს, მილანის “ჯუზეპე მეაცაზე” გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

“ჩელსი” ვარანის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს იხდის

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იტყობინება, რომ მადრიდის “რეალისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი რაფაელ ვარანი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდეს.

წყაროს თანახმად, “პენსიონერები” ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ამზადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მის მიმართ ინტერესს თავად ჟოზე მოურინიო იჩენს, რომელიც აპირებს, რომ დაცვის ცენტრში ფრანგული დუეტი — ზუმა-ვარანი ათამაშოს.

აღსანიშნავია, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:2) შემდეგ “ჩელსის” პორტუგალიელმა თავკაცმა ღიად გამოხატა გუნდის ცენტრალური მცველების მიმართ უკმაყოფილება.

 

მოურინიო: “საფრანგეთის ნაკრები მე უნდა მიმადლოდეს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო თვლის, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მას რაფაელ ვარანისა და კურტ ზუმას განვითარებისთვის სამადლობელი წერილი უნდა გაუგზავნონ. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ვარანს მადრიდის “რეალში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა, ზუმას კი ამჟამად “ჩელსიში” ხელმძღვანელობს.

“საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიოს მასშტაბით ორი საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრალური მცველის გამო მადლობის წერილი უნდა გამომიგზავნოს. წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი წლის განმავლობაში ითამაშებენ ვარანი და ზუმა უმაღლეს დონეზე? ფრანგთა თავკაცი დიდიე დეშამი ამით ბედნიერი უნდა იყოს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს BBC.

 

ვარანი “რეალიდან” წასვლას არ აპირებს

მადრიდის “რეალის” მცველმა რაფაელ ვარანმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის XIX ტურში “ხეტაფესთან” გამართული მატჩის (3:0) შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის დატოვებას არ აპირებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფრანგი მცველით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

“კონტრაქტი 2020 წლამდე მაქვს გაფორმებული. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ბედნიერი ვარ. მინდა, რომ კლუბს მაქსიმალურად დიდი სარგებელი მოვუტანო”, – ვარანის სიტუყვები “ასმა” გამოაქვეყნა.

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

ვარანი:”ახლა ჩელსიზე საერთოდ არ ვფიქრობ”

ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, Telefoot-თან ინტერვიუ ჩაწერა.

“ჩელსიში” შესაძლო ტრანსფერზე:
“ამ მომენტში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. წინ მსოფლიო ჩემპიონატია”

სიმეონესთან კონფლიქტის შესახებ:
“მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან ძალიან დიდ შედეგს მიაღწია და ახლა უკვე საუკეთესოთა რიცხვშია. ისეთ მატჩებში, როგორიც ჩემპიონთა ლიგის ფინალია, ძალიან დიდია დაძაბულობა. ეს დაძაბულობა კი კონფლიქტში გადაიზარდა. ამჟამად კიყველაფერი მოგვარებულია”

“დესიმას” მოპოვების შემდეგ განცდილი გრძნობა:
“გამარჯვებით უნდა დავტკბეთ, ვინაიდან საკლუბო დონეზე ეს უმაღლესი ჯილდოა. ეს ყველაფერი დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებთ. იმაში ეჭვი არავის ეპარება,რომ ფინალის მოგება ყველა მადრიდისტას ოცნება იყო”

 

ვარანი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ „სამეფო კლუბის“ მცველი რაფაელ ვარანი თამაშს 2013 წელს ვეღარ მოახერხებს.

„ვარანი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს, რადგან მას მუხლის პრობლემები აქვს. ვფიქრობ, ოთხშაბათს იგი სრულყოფილად ივარჯიშებს. რაც შეეხება მის დაბრუნებას, სავარაუდოდ, რაფაელი თამაშს იანვრის პირველი რიცხვებიდან დაიწყებს“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

გარდა ამისა, კარლო ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ სათამაშოდ მზად არის.

ალექსანდრე მატევოსოვი