საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

საფრანგეთის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

თვის მოთამაშედ “მარსელის” ნახევარმცველი ლასანა დიარა დასახელდა. გამოკითხვის შედეგად, 30 წლის ფეხბურთელმა ხმათა 52 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა “ნიცას” გარემარბი ჰატემ ბენ არფა, რომელმაც ხმების 25 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილს დასჯერდა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი, 23 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ დიარას კარგი თამაში არც საფრანგეთის ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს გამოპარვია და გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ოქტომბერში გამართული ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

ლასანა დიარას თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს დღეს, “ლორიენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გადასცემენ.

 

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

“პსჟ”-მა და “მარსელმა” ტელეკომპანია “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადეს (ვიდეო)

“ლე პარიზიენის” ცნობით, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მარსელის” ხელმძღვანელობამ ფრანგულ ტელეარხ “კანალ პლუსს” ბოიკოტი გამოუცხადა.

“შემდგომი გაუგებრობების თავიდან აცილებისა და ჩვენი ინტერესების დაცვის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელები “კანალ პლუსის” კამერების წინაშე საჯარო განცხადებებს სეზონის ბოლომდე, 30 მაისამდე აღარ გააკეთებენ”, – ნათქვამია “პარი სენ-ჟერმენის” განცხადებაში.

ფრანგულმა კლუბებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზელთა თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და და მარსელელთა ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრიბუნქვეშა ოთახში გამოხატული ზედმეტი ემოციების გამო დისკვალიფიკაცია მისცეს. ორივე ეპიზოდი ტელეკომპანია “კანალ პლუსმა” გადაიღო და გაავრცელა.

“ინტერი” იკარდის შესაძლო შემცვლელად ჟინიაკის კანდიდატურას განიხილავს

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ “მარსელის” თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მილანის “ინტერის” ყურადღების არეალში მოხვდა.

წყაროს ცნობით, არის იმის საფრთხე, რომ მაურო იკარდიმ “ნერიაძურისთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას. მილანური გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი არგენტინელის შესაძლო შემცვლელად სწორედ 29 წლის ფრანგი თავდამსხმელის კანდიდატურას მოიაზრებს.

ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ანდრე-პიერ ჟინიაკმა 24 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

 

ბიელსას მასტერკლასი ზიდანს

მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი “მარსელის” საწვრთნელ პროცესს დაესწრო. ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მარსელო ბიელსას შეხვდა და მისი მუშაობის მეთოდებსაც გაეცნო. ზიზუს გარდა, ფრანგული გუნდის საწვრთნელ ცენტრს კლოდ მაკელელე, ერიკ რუა და ბერნარ დიომედიც ესტუმრნენ.

შეხვედრის შემდეგ “მარსელის” არგენტინელმა თავკაცმა ზიდანის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“ზიდანი ფეხბურთის ცოცხალი ძეგლია. მე მას ქანდაკებად უფრო აღვიქვამ, ვიდრე ცოცხალ არსებად. ზიდანი ჩემ გვერდით იდგა და ყურადღებით მისმენდა. დაუვიწყარი მომენტი იყო. ის ყველას ხიბლავს. ენით აუწერელი გრძნობა დამეუფლა, რისი გამოხატვაც ძალიან რთულია”, – ბიელსას სიტყვები “ლე ფიგარომ” გამოაქვეყნა.

ოფიციალურად: ვალბუენა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია

საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი მატიე ვალბუენა ოფიციალურად მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელია. 29 წლის ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“დინამო” საინტერესო პროექტია და მინდა, რომ მეც მივიღო ამაში მონაწილეობა. კლუბის ამბიციები სრულად შეესაბამება ჩემს სურვილებს და მოუთმენლად ველი “დინამოს” რიგებში პირველ მატჩს. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ კლუბის წინაშე დასახული მიზნები შევასრულო”, – ვალბუენას სიტყვები რუსული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი რვა სეზონი მატიე ვალბუენამ “მარსელში” გაატარა, რომლის ფორმითაც 250-ზე მეტ ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფრაგმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონში “მარსელის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 41 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

 

ვალბუენა მოსკოვის „დინამოს“ უარს ეუბნება

მოსკოვის „დინამო“ „მარსელისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველ მატიე ვალბუენას ხელფასის თაობაზე ვერ უთანხმდება.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი მოსკოვური კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კლუბი ვალბუენას ჯამაგირის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც ფეხბურთელი უარზეა. მოლაპარაკებები გრძელდება.

მხარეები ტრანსფერზე უკვე მორიგდნენ, „დინამო“ ვალბუენას სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის, თუმცა თუ ფეხბურთელისგან დასტური არ იქნება, გარიგება არ შედგება.

მატიე ვალბუენა „მარსელში“ 2006 წლიდან გამოდის და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ.

 

„მარსელს“ მარსელო ბიელსა უთავკაცებს

ფრანგული „მარსელის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მომავალი სეზონიდან მარსელო ბიელსა იმუშავებს. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

მხარეები ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა. ფეხბურთის არგენტინელი სპეციალისტი ფრანგულ კლუბთან კონტრაქტს შემდეგი ვიზიტის დროს მოაწერს ხელს, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის დასასრულს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

 

ბიელსა „მარსელს“ პასუხს კვირის ბოლოს შეუთვლის

„მარსელი“ ფეხბურთის არგენტნელ სპეციალისტ მარსელო ბიელსას კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს სთავაზობს. ფრანგულმა მხარემ ბიელსას სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. არგენტინელმა მწვრთნელმა „მარსელის“ ხელმძღვანელობას შეუთვალა, რომ პასუხს მიმდინარე კვირის ბოლოს ეტყვის.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსა უკანასკნელად ბილბაოს „ატლეტიკში“ მუშაობდა. არგენტინელი სპეციალისტი ბასკურ კლუბს 2011-2013 წლებში თავკაცობდა. 2011-12 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ატლეტიკი“ ევროპის ლიგის ფინალშიც გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ბიელსას სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტებიც აქვს, კერძოდ – საბერძნეთის ეროვნული ნაკრები და არგენტინული „ნიუელს ოლდ ბოისი“.

ბექა დოგრაშვილი