“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

ევროპის ლიგის ყველა დარჩენილი მატჩი გერმანიაში ჩატარდება?

“კალჩო მერკატო” იუწყება, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ყველა დარჩენილი მატჩი შესაძლოა, გერმანიაში ჩატარდეს. უეფა აღნიშნულ შესაძლებლობას განიხილავს. წყაროს თანახმად, საუბარია შეხვედრების ოთხ კონკრეტულ ქალაქში გამართვაზე: კიოლნი, დიუსელდორფი, დუისბურგი და გელზენკირხენი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშება მარტის თვეში კორონავირუსული პანდემიის გამო შეჩერდა.

გერმანიის ბუნდესლიგა ევროპის პირველი წამყვანი ჩემპიონატია, რომელმაც COVID-19-ის გამო შეჩერებული გათამაშება განაახლა.

ევროპის ლიგის მეოთხედფინალში გასული ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია

დასრულდა ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპი და უკვე ცნობილია ყველა იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც ტურნირის მეოთხედფინალურ სტადიაზე ითამაშებენ.

მეოთხედფინალში შემდეგი კლუბები გავიდნენ:

“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი), “შალკე” (გერმანია), “სელტა” (ესპანეთი), “ლიონი” (საფრანგეთი), “გენკი” (ბელგია), “ანდერლეხტი” (ბელგია) , “ბეშიქთაში” (თურქეთი), “აიაქსი” (ჰოლანდია).

ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 17 მარტს გაიმართება.

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

“სელტა” (ესპანეთი) — “კრასნოდარი” (რუსეთი)
აპოელი (კვიპროსი) — “ანდერლეხტი” (ბელგია)
“შალკე” (გერმანია) — “მიუნხენგლადბახი” (გერმანია)
“ლიონი” (საფრანგეთი) — “რომა” (იტალია)
“როსტოვი” (რუსეთი) — “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
“ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) — “ბეშიქთაში” (თურქეთი)
“გენტი” (ბელგია) — “გენკი” (ბელგია)
“კოპენჰაგენი” (დანია) — “აიაქსი” (ჰოლანდია)

მატჩები 9 და 16 მარტს ჩატარდება.

ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასული გუნდების ვინაობა გაირკვა

უეფას ევროპის ლიგის 2015-2016 წლების სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე გასული ოთხივე კლუბის ვინაობა გაირკვა.

“ლივერპულმა” დრამატულ ბრძოლაში დორტმუნდის “ბორუსია” დაამარცხა (4:3, 1:1). დონეცკის “შახტარმა” პორტუგალიური “ბრაგა” გაანადგურა (4:0, 2:1), “ვილიარეალმა” პრაღის “სპარტა” დაამარცხა (4:2, 2:1). “სევილიამ” ბილბაოს “ატლეტიკის” ბარიერის დაძლევა პენალტების სერიით შეძლო (1:2, პენალტების სერია – 5:4, პირველი მატჩი – 2:1).

ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა 15 აპრილს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება და თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

 

ევროპის ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის VI ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: დენის ბოიკო (“დნიპრო”);
მცველები: ნემანია პეიჩინოვიჩი (მოსკოვი “ლოკომოტივი”), რაგნარ სიგურდსონი (“კრასნოდარი”), დიმიტრის კონსტანტინიდისი (პაოკი);
ნახევარმცველები: აბელაზიზ ბარადა (“მარსელი”), ტაულანტ ჯაკა (“ბაზელი”), დრეს მერტენსი (“ნაპოლი”), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”);
თავდამსხმელები: რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”), ერიკ შუპო-მოტინგი (“შალკე”), დავიდ ლაფატა (“სპარტა”).

UEL‬ team of the week

ევროპის ლიგის პლეი-ოფში გასული გუნდები

გაირკვა უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა.

ჯგუფების პირველი ადგილი დაიკავეს: “მიოლდე”, “ლივერპული”, “კრასნოდარი”, “ნაპოლი”, “რაპიდი”, “ბრაგა”, “ლაციო”, “ბაზელი”, “ტოტენჰემ ჰოთსპური”, “ბილბაო”, “შალკე”, მოსკოვის “ლოკომოტივი”.

ჯგუფების მეორე ადგილი დაიკავეს: დორტმუნდის “ბორუსია”, “ფენერბაჰჩე”, “სიონი”, “მიდტიულანდი”, “მარსელი”, “სენტ-ეტიენი”, “ვილიარეალი”, “სპორტინგი”, “ფიორენტინა”, “ანდერლეხტი”, “სპარტა”, “აუგსბურგი”.

ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდნენ: “შახტარი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “გალათასარაი”, “სევილია”, “ლევერკუზენი”, “ოლიმპიაკოსი”, “პორტუ”, “ვალენსია”.

ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის წილისყრა ორშაბათს ჩატარდება.

 

ევროპის ლიგა — კვირის სიმბოლური გუნდი

უეფამ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: ანდრეი დიკანი (“კრასნოდარი”);
მცველები: იაკუბ ბრაბეცი (“სპარტა”), ვლად კირიკეში (“ნაპოლი”), კარა მბოჯი (“ანდერლეხტი”);
ნახევარმცველები: ჟელსონ მარტინში (“სპორტინგი”), ლეროი სანე (“შალკე”), ანტონიო კანდრევა (“ლაციო”), ფედერიკო ბერნარდესკი (“ფიორენტინა”);
თავდამსხმელები: ფრედი მონტერო (“სპორტინგი”), არიც ადურისი (“ატლეტიკი”), ჯენკ ტოსუნი (“ბეშიქთაში”).

Team of the week

 

ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

ქეცბაიას აპოელი “შალკესთან” დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა უეფას ევროპის ლიგის სასტარტო მატჩში გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

კვიპროსელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა “შალკემ” მალევე მოახერხა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლება. გერმანელებმა მასპინძელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ორჯერ შორეული დარტყმით ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, 28-ე წუთზე კი ანგარიში გახსნეს, როცა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ჟოელ მატიპმა კარიდან გამოსულ მეკარესაც და მეურვესაც დაასწრო თავით თამაში და ბურთი ზუსტი მიმართულებით გადაგზავნა. მატჩამდე ქეცბაია სწორედ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ “შალკეს” ფეხბურთელები სტანდარტულ მომენტებს ძალიან კარგად იყენებენ და ამიტომ, კვიპროსელ მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებდათ.

ზუსტად შვიდ წუთში “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შორეული დარტყმით გერმანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

71-ე წუთზე ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 0:3.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 77-ე წუთზე კვიპროსელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ემოციური პროტესტის გამო მოედნიდან ტომას დე ვინსენტი გააძევეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც ტრიპოლისის “ასტერასსა” და პრაღის “სპარტას” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორი კვირის შემდეგ ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: “სპარტა” აპოელს უმასპინძლებს, “შალკე” კი “ასტერასს” მიიღებს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “შალკე” 0:3 (0:2)

გოლები: მატიპი 28′, ჰუნტელაარი 35′, 71′.
გაფრთხილებები: მაკრიდისი 50′, ვანდერი 72′ — გაისი 10′, დი სანტო 37′.
გაძევება: დე ვინსენტი 77′.
მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი).