ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო.

“ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, სლოვენიელი მეკარე “ნერაძურისთან” კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს, თუმცა ხელფასი 4,2 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე შეუმცირდება.

სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერში” 2012 წლიდან თამაშობს. მან მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა და 34 ბურთი გაუშვა, ოც შეხვედრაში კი კარი მშრალად შეინახა.

მხარეებს შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს გასდის.

სამირ ჰანდანოვიჩი: “მარცხისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება”

უეფას ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში მილანის “ინტერი” “სევილიასთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა. იტალიური გუნდის კაპიტანი სამირ ჰანდანოვიჩი ამ მარცხშიც ხედავს პოზიტიურ ასპექტებს.

“ძალზედ იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. იმედი გვაქვს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩები მომავალში კიდევ გვექნება. ამას საძირკველი აქ ჩაეყარა.

ვფიქრობ, მეორე ტაიმში შესაძლებელი იყო, საქმე სხვაგვარად წასულიყო. დაწინაურების შანსი გვქონდა, მაგრამ გოლი აქეთ მივიღეთ. მატჩის ბოლოს “სევილია” უფრო დაღლილი იყო, მაგრამ იმ მომენტში ლუკაკუს ფეხიდან ბურთმა მიმართულება შეიცვალა და კარში შევიდა. ასეთები ხდება.

მომდევნო სეზონს კარგი ფუნდამენტით დავიწყებთ. დღეს ვერ გავაკეთეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა და ეს სამწუხაროა. ვულოცავ “სევილიას” ამ გამარჯვებას, საკმაოდ კარგი გუნდია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა. წინ უნდა ვიყუროთ. მარცხისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება”, – ჰანდანოვიჩის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჟულიო სეზარი: “ჰანდანოვიჩს საუკეთესო მეკარეთა სამეულში შესვლა შეუძლია”

მილანის “ინტერის” ყოფილმა კიპერმა ჟულიო სეზარმა “ნერაძურის” ამჟამინდელი მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის შესახებ ისაუბრა და მისი შესაძლებლობები საკმაოდ მაღალ დონეზე შეაფასა.

“ჩემი აზრით, სამირი ძალიან, ძალიან ძლიერი მეკარეა. მას ჩემპიონთა ლიგაზე თავისი შესაძლებლობების დემონსტრირების კარგი საშუალება მიეცემა. ევროპული პრიზმა ოდნავ განსხვავებულ სურათს გაძლევს, ვიდრე მხოლოდ სერია А-ში თამაში. თუ ჰანდანოვიჩი ჩემპიონთა ლიგაზე იმავეს გაიმეორებს, რასაც იტალიის ჩემპიონატში აკეთებს, მას მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში ან თუნდაც სამეულში შესვლა შეეძლება”, – აღნიშნა ჟულიო სეზარმა გამოცემა GdS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბრაზილიელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე “ინტერის” გამოსვლის შესახებაც ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მილანელებმა პირველ ტურში შინ “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაამარცხეს (2:1), შემდეგ კი გასვლაზე “პეესვე ეინდჰოვენს” მოუგეს (2:1) და ახლა B ჯგუფს “ბარსელონასთან” ერთად ლიდერობენ.

“გუნდი ძალიან კარგად თამაშობს: ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ მატჩში მოპოვებული ორი გამარჯვება გუნდს მოედანზე უფრო მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორედ ახლა იწყება. ბიჭებს ორი ურთულესი დაპირისპირება ელით, თუმცა მე მათი მჯერა.

ვერ გეტყვით, დღევანდელი “ბარსელონა” უფრო ძლიერია, თუ პეპ გვარდიოლას დროინდელი. ჩავის, ანდრეს ინიესტას და ნეიმარის წასვლა ბევრ კლუბს დაასუსტებდა, მაგრამ გუნდი, რომლის ღირსებასაც ლეო მესი იცავს, ყოველთვის წარმოადგენს დიდ ხიფათს”, – თქვა ჟულიო სეზარმა.

ჰანდანოვიჩმა “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანსალოვიჩმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

“მოხარული ვარ, რომ “ინტერთან” კონტრაქტი 2019 წლამდე გავაგრძელე. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ აქ ბედნიერი ვარ. ევროპაში ბევრი ძლიერი მეკარეა, მე კი მინდა, რომ განვითარება გავაგრძელო. მსურს, რომ ჩემი თამაში “ინტერის” მწვრთნელების ხელმძღვანელობის პირობებში გავაუმჯობესო”, – ციტირებს ჰანდანოვიჩის სიტყვებს “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ სამირ ჰანდანოვიჩი “ინტერში” “უდინეზედან” 2012 წელს გადავიდა.

FIFA 15 — ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები

ვიდეოთამაშ FIFA 15-ის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება, მანამდე კი ვებგვერდმა Purely Football იმ მეკარეთა სავარაუდო სია გამოაქვეყნა, რომელთაც აღნიშნულ თამაშში ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნებათ.

Purely Football-ის ვერსიით, FIFA 15-ის ყველაზე მაღალრეიტინგული მეკარეები იქნებიან:

ადგილი: მეკარე: რეიტინგი:
10. დიეგო ლოპესი (“მილანი”) 84
9. დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნატედი”) 84
8. სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”) 84
7. სალვატორე სირიგუ (“პსჟ”) 84
6. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”) 84
5. იკერ კასილასი (“რეალი”) 85
4. პეტრ ჩეხი (“ჩელსი”) 85
3. ტიბო კურტუა (“ჩელსი”) 85
2. ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”) 86
1. მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”) 87