დევიდ ბექჰემი ინგლისური კლუბის დირექტორი გახდა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “სტელფორდ სიტის” დირექტორად ლეგენდარული ბრიტანელი ფეხბურთელის, დევიდ ბექჰემის დანიშვნა დაამტკიცა. აღნიშნული კლუბი ინგლისის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

43 წლის ბექჰემი “სტელფორდის” აქციათა ათი პროცენტის მფლობელი გახდა. ის ძმებ ნევილებთან, რაიან გიგზთან, პოლ სქოულზთან და ნიკი ბატთან ერთად კლუბის თანამფლობელი გახდა. მათ საერთო ჯამში “სტელფორდის” აქციათა 60 პროცენტი ეკუთვნით. დანარჩენი 40 პროცენტის მფლობელი სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმა გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი ამერიკული “ინტერ მაიამის” მფლობელიც გახლავთ, რომელიც MLS-ში ასპარეზობას 2020 წლიდან დაიწყებს.

“კრილია სოვეტოვს” ლორიას სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე მეტის გადახდა დაეკისრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიპერმა გიორგი ლორიამ “კრილია სოვეტოვს” სასამართლო მოუგო. პროცესი ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, სამარულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის სასარგებლოდ 20 მილიონ რუბლზე (დაახლოებით 300 ათასი აშშ დოლარი) მეტის გადახდა დაეკისრა.

გიორგი ლორიამ განმარტა, რომ “კრილია სოვეტოვმა” ხელფასის გარდა საშვებულებო თანხის გადახდაც დაუგვიანა. ის სამარული კლუბის რიგებში 2015-დან 2018 წლამდე ირიცხებოდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორიას მსგავსი შემთხვევა მახაჭკალის “ანჟისთანაც” ჰქონდა. მაშინ დაღესტნურ კლუბს ქართველი მეკარის სასარგებლოდ 4,5 მილიონი რუბლის გადახდა დაეკისრა.

მაურიციო სარი: “ედენ აზარი გუნდის ლიდერი არ არის”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ “ლურჯების” ნახევარმცველი ედენ აზარი შეაქო, თუმცა იქვე დასძინა, რომ მას გუნდის ლიდერად არ თვლის.

“დღესდღეობით აზარი ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშე უფრო არის, ვიდრე – გუნდის ლიდერი. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ედენს მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ორ წუთში შეუძლია, ზოგჯერ კი ამისთვის ერთი წუთიც ჰყოფნის, თუმცა მას ლიდერად ვერ ჩავთვლი.

მისგან ნებისმიერი მწვრთნელი უფრო მეტს მოითხოვდა. მეც ვფიქრობ, რომ მას გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე ეს დღეს ჩანს. მან საკუთარი თავი უნდა დააფასოს და სრულყოფისთვის მუშაობა გააგრძელოს.

რაც შეეხება მომავალს, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, აქ დარჩეს თუ ახალი გამოცდილების მისაღებად სხვა კლუბს მიაშუროს. ედენი ამ საკითხში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული”, – ციტირებს მაურიციო სარის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

სიმეონე “ატლეტიკოსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანური გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე კლუბთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს.

არგენტინელი სპეციალისტის ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად ლონდონის “ჩელსიდან” ალვარო მორატას გადმობირება სახელდება. აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო საათების განმავლობაში უნდა დადასტურდეს. სიმეონეს უკვე დიდი ხანია, “ატლეტიკოს” შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და მორატას დამატებით ფიქრობს, რომ გუნდს პრიმერადივიზიონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონე “ატლეტიკოში” 2011 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ორ-ორჯერ დაისაკუთრა ევროპის ლიგა და უეფას სუპერთასი.

სიმეონეს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მომავალში მილანის “ინტერის” გაწვრთნას აპირებს.

რონალდუ მარსელოს იტალიაში უხმობს

ესპანური გამოცემა “ასი” წერს, რომ მადრიდის “რეალის” მცველი მარსელო, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” გადავიდეს.

30 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი სერხიო რეგილონს დაუთმო და მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კარიერის მადრიდში დასრულების სურვილი არაერთი გამოუთქვამს, სიტუაცია, შესაძლოა, შეიცვალოს. უკანასკნელი თვეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუ არაერთხელ შეეხმიანა მარსელოს და ის იტალიაში სათამაშოდაც მიიწვია.

“იუვენტუსის” დაცვის მარცხენა ფლანგს ალექს სანდრო ამაგრებს. ამ პოზიციაზე მატია დე შილიოსაც შეუძლია თამაში, თუმცა კონკურენციის გასაძლიერებლად “ბებერმა სინიორამ” მარსელოს ტრანსფერზე მუშაობა, შესაძლოა, დაიწყოს.

ცნობისათვის, მადრიდის “რეალსა” და მარსელოს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.

რონალდუს შვილს გრიზმანი უყვარს (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს დედამ – დოლორეს ავეირომ სოციალურ ქსელში შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა.

ფოტოზე პატარა კრიშტიანუ საფრანგეთის ნაკრების 7-ნომრიანი მაისურით არის აღბეჭდილი. როგორც ცნობილია, “მამალთა” რიგებში მე-7 ნომრით მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი თამაშობს, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზე რონალდუს კონკურენტია.

little Ronaldo

პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

კაკამ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთთან შეადარა

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთთან შეადარა.

“მესი გენიოსია, კრიშტიანუ რონალდუ კი თანამედროვე ფეხბურთის სახე გახდა. შედეგად, წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო იმის მიხედვით ნაწილდება, თუ რომელი ფეხბურთელი მიაღწევს უფრო მეტს თავის გუნდში. სხვა შემთხვევაში, ამ ორი ფენომენალური მოთამაშისთვის ორი “ოქროს ბურთი” უნდა მზადდებოდეს.

მინდა დავამატო, რომ კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მომწონს, რადგან ის სრულყოფილი ფეხბურთელია. მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია. მე ის მეგობრის რანგშიც მიყვარს და დიდად ვაფასებ”, – კაკას სიტყვებს ESPN ციტირებს.

 

დელ პიერო: “რომელია უკეთესი — მესი თუ რონალდუ?”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავდამსხმელ ალესანდრო დელ პიეროს “ბარსელონას” ლიდერის ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთთან შედარება სთხოვეს. 40 წლის ფეხბურთელის აზრით, ამ ორ მოთამაშეს შორის არსებული კონკურენცია მათ განვითარების საშუალებას აძლევს.

“მესისა და რონალდუს შორის არსებული მეტოქეობა ორივე ფეხბურთელს პროგრესის საშუალებას აძლევს. ისინი არიან იმ კატეგორიის სპორტსმენები, რომლებიც პირველობისთვის იბრძვიან, როგორც ჯონ მაკინროი და ბიორნ ბორგი ან როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.

არ მინდა იმაზე საუბარი, თუ ვინ არის უკეთესი. ეს იმას ჰგავს, რომ გეკითხებიან – დედა უფრო გიყვარს თუ მამა”, – დელ პიეროს კომენტარი ესპანურმა გამოცემა “ასმა” გამოაქვეყნა.

 

პელე: “ჩემს თანაგუნდელად მესის ხილვას ვისურვებდი და არა – რონალდუს”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ განაცხადა, რომ საკუთარ თანაგუნდელად “ბარსელონას” თავდამსხმელის ლიონელ მესის ყოლას ისურვებდა და არა – კრიშტიანუ რონალდუს. მისი თქმით, არგენტინელი ფეხბურთელი უფრო გუნდური მოთამაშეა.

“მესი და რონალდუ ერთმანეთთან შევადარო? ძალიან რთულია, რადგან განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან. მესი უფრო გუნდური მოთამაშეა, იგი ამზადებს თამაშს და პასებს კარგად ანაწილებს. რონალდუ ბრაზილიელ რონალდოს უფრო ჰგავს, საკმაოდ ბევრ გოლს იტანს. მესიც და რონალდუც ფანტასტიური ფეხბურთელები არიან, თუმცა ჩემს თანაგუნდელად მესის ხილვას ვისურვებდი და არა – რონალდუს.

მესი უფრო მრავალფეროვნად თამაშობს, რონალდუ კი მხოლოდ წინ მოქმედებს”, – პელეს სიტყვები Channel News Asia-მ გამოაქვეყნა.

 

ლა ლიგაში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მესიმ რონალდუს გაუსწრო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში “ბარსელონამ” “რაიო ვალეკანო” ანგარიშით 6:1 გაანადგურა, აქედან სამი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.

ამრიგად, არგენტინელმა ფეხბურთელმა პრიმერადივიზიონში გატანილი ჰეთთრიკების რაოდენობით მადრიდის “რეალის” ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს გადაასწრო.

მესის ლა ლიგაში სულ 24 ჰეთთრიკი აქვს გაფორმებული, რაც სარეკორდო მაჩვენებელია, რონალდუს ანგარიშზე კი 23 ჰეთთრიკია.

ორივე მათგანმა უკვე ჩამოიტოვა ბილბაოს “ატლეტიკის” ყოფილი თავდამსხმელი ტელმო სარა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფორვარდი ალფრედო დი სტეფანო, რომელთაც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში 22-22 ჰეთთრიკი ჰქონდათ შესრულებული.

 

რონალდუმ ბოლო რვა მატჩიდან ოთხ შეხვედრაში კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 26-ე ტურში ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მეტოქე გუნდის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა.

სტატისტიკოსებმა დაითვალეს და გამოარკვიეს, რომ პორტუგალიელ ფეხბურთელს ბოლო რვა შეხვედრიდან ოთხ მატჩში კარში ზუსტად ერთხელაც არ აქვს დარტყმული.

მანამდე რონალდუ მინიმუმ ერთხელ მაინც ურტყამდა ზუსტად მეტოქის კარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 23 მატჩში 30 გოლი გაიტანა და ათი საგოლე პასი გააკეთა.