პოლონეთის ნაკრებს თბილისში ბლაშჩიკოვსკი დააკლდება?

პოლონეთის ნაკრების კაპიტან იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ქრონიკულად არ უმართლებს. 28 წლის ნახევარმცველმა ძლივს მუხლის ტრავმა მოირჩინა, თუმცა უმალ ახალი დაზიანება მიიღო.

ბლაშჩიკოვსკიმ ამჯერად ბარძაყის ოთხთავა კუნთი დაიშავა. ამ ტრავმის გამო, პოლონელ ნახევარმცველს ოთხიდან ექვს კვირამდე უქმობა მოუწევს. არსებობს უფრო პესიმისტური ვარაუდიც, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის ნაკრების კაპიტანი მოედანზე გასვლას ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. თუ ეს პროგნოზი გამართლდება, მისი თამაში საქართველოს ნაკრებთანაც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ჩვენი გუნდი პოლონელებს 14 ნოემბერს უმასპინძლებს.

ამრიგად, იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრები 11 და 14 ოქტომბერს ჩატარდება.