სინიშა მიხაილოვიჩი “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელია

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი სინიშა მიხაილოვიჩი ლისაბონისის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

სინიშა მიხაილოვიჩმა “სპორტინგის” თავკაცის პოსტზე ჟორჟე ჟეზუში შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 49 წლის სერბ სპეციალისტს საკლუბო დონეზე მთელი სამწვრთნელი კარიერა იტალიაში აქვს გატარებული, სადაც სხვადასხვა დროის განმავლობაში “ბოლონიას”, “კატანიას”, “ფიორენტინას”, “სამპდორიას”, “მილანსა” და “ტორინოს” ედგა სათავეში.

 

მიხაილოვიჩი: “რამდენიმე ღამე არ მეძინა, როცა ჩინეთში მუშაობაზე უარი ვთქვი”

“ტორინოს” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან სარფიანი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ აზიაში წასვლაზე უარი თქვა.

“დეკემბერში ჩინეთიდან წინადადება მივიღე, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან საქმის შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს.

სიმართლე გითხრათ, რამდენიმე ღამე არ მიძინია. ვფიქრობდი, რა თანხის შოვნა შემეძლო ჩინეთში. ცხოვრებაში სხვადასხვა გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ეს ჩვენი არჩევანია.

პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ჩინეთში გადაბარგება გადაწყვიტეს, ვინაიდან მოთამაშის კარიერა ხანმოკლეა, მწვრთნელისა კი უფრო დიდ პერიოდს მოიცავს. ჩინეთში სეზონის განმავლობაში 5-6-ჯერ მეტის შოვნა შეგიძლია, ვიდრე აქ. ახლა ჩინეთში მხოლოდ ვეტერანები არ მიდიან, როგორც აშშ-სა და ყატარში ხდება”, – მიხაილოვიჩის კომენტარი “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

მიხაილოვიჩი: “თუ ობის მე-60 წუთზე კრუნჩხვები ეწყება, ფეხბურთს შეეშვას და ბუღალტრობა დაიწყოს”

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “ტორინო” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა საკუთარი გუნდის ნახევარმცველი ჯოელ ობი მკვახედ გააკრიტიკა. მატჩის მეორე ტაიმი ახალი დაყებული იყო, როდესაც 25 წლის ფეხბურთელმა შეცვლა მოითხოვა.

“თუ ობის მე-60 წუთზე კრუნჩხვები ეწყება, ესე იგი მას ფეხბურთის თამაში არ შეუძლია. დაანებოს თავი ფეხბურთელობას და ბუღალტრობა დაიწყოს.

ასეთი რამ ემილიანო მორეტის რომ ემართებოდეს, გავიგებდი, იგი 35 წლისაა, მაგრამ ობის შემთხვევაში გაუგებარია. სერია А-ში ეს მიუღებელია. იძულებითი ცვლილების განხორციელება მომიწია”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს “ლა გაძეტა დელო სპორტი”.

მიხაილოვიჩი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

“მილანის” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სერბი სპეციალისტი “როსონერის” იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში “კიევოს” წინააღმდეგ სტუმრად გასამართ შეხვედრაში ვერ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სინიშა მიხაილოვიჩი წინა ტურში “სასუოლოსთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას მსაჯთან კამათის გამო გააძევეს.

“არბიტრის მოქმედებით უკმაყოფილო ვიყავი და მან მე გამაძევა. მხოლოდ მას შემდეგ გავჯავრდი, რაც მსაჯმა ტრიბუნისკენ მიმითითა. მე მას ვკითხე, თუ როგორ ვერ დაინახა “სასუოლოს” მოთამაშის მიერ თამაშის წესის დარღვევა”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Football Italia.

 

მიხაილოვიჩს სეზონის ბოლოს “მილანიდან” გაუშვებენ

“მილანის” მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.

Sky Sport Italia-ს ცნობით, მხარეებმა ურთიერთშეთახმების საფუძველზე კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. “მილანიდან” მიხაილოვიჩის აბარგების მიზეზი სილვიო ბერლუსკონის მიერ გუნდის შიდა საქმეებში ხშირი ჩარევა ხდება.

იტალიური წყაროების თანახმად, სწორედ ბერლუსკონის სურს სეზონის ბოლოს გუნდიდან მიხაილოვიჩის გაშვება.

 

მიხაილოვიჩი: “თუ “მილანი” იტალიის თასს მოიგებს, სეზონი დადებითად უნდა შევაფასოთ”

დღეს იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. “მილანი” ქვეყნის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე “ალესანდრიას” ესტუმრება. “როსონერის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა მოახლოებულ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

“ალესანდრიასთან” გასამართი მატჩი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ იტალიის თასის ფინალში გავიდეთ.
ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა და ტიტულის მოგებაა. თუ თასს დავისაკუთრებთ, სეზონი პოზიტიურად უნდა შევაფასოთ.
მეტოქე უნდა დავაფასოთ. “ალესანდრიას” არდაფასება კრახისკენ მიმავალი გზაა”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” მილანის “ინტერს” მიიღებს. ეს მატჩი ოთხშაბათს შედგება.

 

მიხაილოვიჩი: “სამწუხაროდ, ჰარი პოტერი არ ვარ”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა აკლია მის გუნდს წარმატებულად ასპარეზობისთვის.

“ჰარი პოტერად ყოფნას ვისურვებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს.
ფეხბურთელებს ყურადღება მივაქცევინე ერთ საინტერესო ფაქტზე: ჩვენ ჩემპიონატში სახიფათო მომენტების რაოდენობით მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა რეალიზაციაში მხოლოდ მეთერთმეტე პოზიცია გვიკავია. შეტევის დასრულებისას მეტი სიზუსტე მოგვეთხოვება.
ვიცი, რომ “მილანმა” ამ ზაფხულს დაახლოებით 80 მილიონი ევრო დახარჯა, თუმცა გუნდში მოყვანილი სამი ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ ეს გადაყრილი თანხა არ არის. რომანიოლი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე იქცა დაცვის ხაზში შეუცვლელ ფიგურად. ბაკა გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ბერტოლაჩი კი, თუ ჯანმრთელადაა, ძალიან კარგად თამაშობს”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

მიხაილოვიჩი: “მილანი” საწყის სამ ტურში სამ ქულაზე მეტს არ იმსახურებს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა იტალიის ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 3 ქულა დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” “ემპოლი” დაამარცხა და “ფიორენტინასთან” და “ინტერთან” წააგო.

“ფლორენციაში წაგებას ვიმსახურებდით. “ემპოლისთან” არ უნდა მოგვეგო, თუმცა მოვიგეთ. დერბიში კი ვერ მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. “ემპოლისთან” და “ინტერთან” გამართული მატჩების ფრედ დასრულება შეგვეძლო. ამ შემთხვევაში ორ ქულას დავაგროვებდით. სეზონის სტარტზე ჩვენგან ბევრს ელოდნენ, თუმცა მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”, – მიხაილოვიჩის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მიხაილოვიჩი: “იბრას გადმოსვლა “მილანს” სკუდეტოს სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გუნდში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვიცი, რა გითხრათ იბრაჰიმოვიჩის შესახებ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და მისი დამატება ნამდვილად ფენომენალური მოვლენა იქნება. იგი კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. თუ იბრაჰიმოვიჩი ჩვენთან გადმოვა, “მილანის” სკუდეტოს მოპოვების სერიოზული კანდიდატი იქნება”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს ESPN.

თავის მხრივ, “მილანის” მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ადრიანო გალიანი აცხადებს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, თუმცა “როსონერი” მოვლენების განვითარებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში” 2010/12 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში შვედმა თავდამსხმელმა “როსონერის” რიგებში ჩატარებულ 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა. მან გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატი და ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

 

მიხაილოვიჩი: “ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”

ფეხბურთის სერბმა სპეციალისტმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნება.

“ნუ ღელავთ, ორ კვირაში “მილანის” მწვრთნელი გავხდები”, – ციტირებს მიხაილოვიჩის სიტყვებს Sport Mediaset-ი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერბი სპეციალისტი “როსონერისთან” ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე კი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფილიპო ინძაგი უნდა გაათავისუფლონ.

ცნობისთვის, ინძაგის “მილანთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

 

“მილანს” მიხაილოვიჩი ჩაიბარებს

“სამპდორიას” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი სინიშა მიხაილოვიჩი “მილანს” ჩაუდგება სათავეში. ამ ინფორმაციას TMW ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სერბ სპეციალისტთან მოლაპარაკებებს “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი და ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი აწარმოებდნენ და შეთანხმებაც შედგა. TMW იუწყება, რომ ხუთშაბათს მიხაილოვიჩი “მილანის” საწვრთნელ ბაზა მილანელოს ეწვევა. გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერბი სპეციალისტის დანიშვნამდე ფილიპო ინძაგის გაათავისუფლებენ. წყაროს ცნობით, მიხაილოვიჩი “როსონერისთან” კონტრაქტს პარასკევს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ინძაგის თავკაცობით “მილანმა” იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეათე პოზიცია დაიკავა.

 

სინიშა მიხაელოვიჩს თავს დაესხნენ

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, უსიამოვნო შემთხვევა მოხდა ჯენოაში, სადაც “სამპდორიას” მთავარ მწვრთნელ სინიშა მიხაელოვიჩს უცნობი პირი თავს დაესხა.

ფეხბურთის სერბი სპეციალისტი გუნდის ავტობუსში ადიოდა, როდესაც მასთან უცხო პიროვნება მივიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ დაარტყა კიდეც და მზის სათვალე გაუტეხა. მიხაელოვიჩი შეეცადა, ხულიგნისთვის პასუხი გაეცა, თუმცა ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი დააკავეს. კლუბმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.

“სამპდორია” დღეს “სასუოლოს” ესტუმრება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.