კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.

 

“ლივერპული” როისს კლუბს ისტორიაში ყველაზე მაღალ ხელფასს შესთავაზებს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარკო როისის გადმობირება ეწადა, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. როგორც ირკვევა, მერსისაიდულ გუნდს გერმანელი ფეხბურთელის დამატების იმედი არ დაუკარგავს და მზად არის, როისი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედაც აქცოს. იანვარში “ენფილდროუდელთა” ნომერ პირველი სამიზნე სწორედ 25 წლის გერმანელი ნახევარმცველი იქნება.

ბრიტანული პრესის ცნობით, “წითლები” მარკო როისისთვის ხუთწლიანი კონტრაქტის და კვირაში 200 ათასი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ.

დორტმუნდში ხვდებიან, რომ როისის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მისი შემცვლელის გამალებულ ძიებაში არიან.

მარკო როისის დამატება ევროპის არაერთ კლუბს სურს, რომელთა შორის მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი” არიან.