კენი დალგლიში: “მიეცით უკრაინას მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა კენი დალგლიშმა თქვა, რომ უმჯობესი იქნება, თუ უკრაინის ნაკრებს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ავტომატურად მიანიჭებენ. შოტლანდიელის თქმით, ეს უკრაინის მიმართ დამსახურებული პატივისცემის გამოვლინება იქნება.

“უკრაინელ ფეხბურთელებსა და უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას საკადრისი პატივი უნდა ვცეთ. მათი ბრალი არ არის ის, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. უკრაინის ნაკრების ფეხბურთელთა დიდ უმრავლესობას სათამაში პრაქტიკა არ აქვს. ზოგიერთი მათგანის ოჯახი მიმდინარე პროცესისგან მნიშვნელოვნად დაზარალდა.

ვფიქრობ, უსამართლო იქნება უკრაინის ნაკრებზე რაიმე ფორმით წნეხის განხორციელება. იქნებ ღირდეს გადაწყვეტილების მიღება და თქმა: “დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებით. კვალიფიკაცია არ გჭირდებათ”.

ეს იქნებოდა უკრაინის მიმართ პატივისცემის გამოვლინებისა და საკვალიფიკაციო ეტაპის დაჩქარების საშუალება. ვფიქრობ, კარგი იქნება, უკრაინელებისთვის ამ შესაძლებლობის შეთავაზება, თუ ისინი დაგვთანხმდებიან”, – დალგლიშის კომენტარი შოტლანდიურმა “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში შოტლანდიის ნაკრებს უნდა დაუპირისპირდეს, წყვილის გამარჯვებულს კი ფინალში უელსი ელის.

“ენფილდის” ერთ-ერთ ტრიბუნას კენი დალგლიშის სახელი მიენიჭება

“ლივერპულის” ხელმძღვანელობამ სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნისთვის გუნდის ლეგენდარული ფეხბურთელის, კენი დალგლიშის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ტრიბუნა, რომელსაც დღესდღეობით “Anfield Centenary Stand” ეწოდება, კენი დალგლიშის სახელობის გახდება.

კენი დალგლიშმა “ლივერპულის” ფეხბურთელის რანგში ინგლისის ჩემპიონატი ექვსჯერ, ევროპის ჩემპიონთა თასი კი სამჯერ მოიგო. შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელის რანგში მერსისაიდულ გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.