თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ემერი: “არ ვიცი, როდის დაშავდა იოზილი და იყო თუ არა ის სტადიონზე მოსული”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” გამართული მატჩისთვის გუნდის განაცხადში მესუთ იოზილის არყოფნის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“რატომ არ ითამაშა იოზილმა? მას ზურგის ტრავმა აქვს. როდის დაშავდა? არ ვიცი. იყო თუ არა მოსული სტადიონზე? არც ეს ვიცი”, – ციტირებს ემერის სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ “არსენალმა” პრინციპული მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

“პსჟ”-ის რომელი ფეხბურთელის დამატება სურდა “ბარსელონას” გასულ ზაფხულს

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში “ბარსელონა” პარიზული გუნდიდან ბრაზილიელი მცველის, მარკინიოსის გადაბირებას ცდილობდა.

“2016 წლის ზაფხულში “ბარსელონას” მარკინიოსის დამატება ძალიან უნდოდა. ბრაზილიელს, ალბათ, მოეწონა ეს წინადადება, მაგრამ იგი აფასებს იმას, რაც პარიზულმა კლუბმა მას მისცა და აქ დარჩენა გადაწყვიტა”, – ციტირებს უნაი ემერის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

უნაი ემერიმ “სევილია” დატოვა, ჰორიზონტზე ხორხე სამპაოლია

უნაი ემერიმ “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ესპანელ სპეციალისტს კლუბთან შრომითი ხელშეკრულება მომავალ წელს ეწურებოდა, თუმცა მან “სევილიას” ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურდა.

ანდალუსიური კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ “სევილია” მოლაპარაკებებს ჩილეს ნაკრების ყოფილ თავკაც ხორხე სამპაოლისთან აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2013 წლიდან მუშაობდა. მისი თავკაცობით გუნდმა სამჯერ მოიგო ევროპის ლიგა. რაც შეეხება სამპაოლის, იგი ჩილეს ნაკრებთან ერთად 2015 წელს კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

Jorge Sampaoli

ემერი: “ჩემპიონთა ლიგას ვერ მოვიგებთ”

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი აღიარებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლის იმედი არ უნდა ჰქონდეს.

“ამ სეზონში ჩვენი ძირითადი მიზანი პრიმერადივიზიონს უკავშირდება. ჩემპიონთა ლიგა კი ის ტურნირია, რომელსაც ვერ მოვიგებთ და მისგან მხოლოდ უნდა დავტკბეთ. სამომავლო წარმატებების გზა ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენს კარგად თამაშზე გადის”, – ციტირებს ემერის სიტყვებს “ტოდო მერკადო”.

 

ემერი: “შეგვიძლია, ამ თამაშით ვიამაყოთ”

უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს ანდალუსიელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ უპასუხა.

— მატჩის ბოლოს ორმაგი ცვლილება განახორციელეთ. ეს თქვენი მხრიდან ვა-ბანკი იყო თუ დაგეგმილი ცვლილებები?
— პირდაპირ გეტყვით, როცა ანგარიშით 1:4 მარცხდები, ბევრს აღარაფერს ელი. მხოლოდ ის ვთქვით, რომ დარჩენილ დროში მაქსიმუმისთვის უნდა მიგვეღწია. ჯერ ერთი გოლი გავიტანეთ, შემდეგ მეორე და იმედიც მოგვეცა. გუნდს თავდაჯერება მოემატა და მიზანსაც მივაღწიეთ – ანგარიში გავათანაბრეთ. ამის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ. დამატებით დროში გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო, თუმცა გოლი გავუშვით და ასეთ დროს რთულია თამაშის კიდევ ერთხელ შემოტრიალება.

— ამ მატჩში ბევრი ტაქტიკური ცვლილება განახორციელეთ. რას გამოყოფდით?
— ამ საღამოს ჩვენი მთავარი მიზანი კარგი თამაშის ჩვენება იყო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უმაღლესი დონის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ყველაზე ცუდი იქნებოდა ის, რომ ისე არ გვეთამაშა, როგორც ჩვენ გვსურდა. ჩვენს ფანებს შეუძლიათ, რომ ჩვენი თამაშით კმაყოფილნი იყვნენ.

— ახლა როგორი განწყობა გაქვთ?
— ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და შედეგით უკმაყოფილონი ვართ, მაგრამ თამაში გვაძლევს კმაყოფილების საშუალებას. გუნდისთვის რთულია ამ მარცხის გადაყლაპვა, თუმცა ჩვენ კიდევ შევხვდებით უძლიერეს მეტოქეებს.

— როგორ ფიქრობთ, დაიმსახურა “ბარსელონამ” ეს გამარჯვება?
— “ბარსელონას” გამარჯვება უნდა მივულოცოთ. იყო თუ არა დამსახურებული, ეს სუბიექტური მოსაზრებაა. მატჩის მიწურულს სამი ძალიან კარგი შანსი მოგვეცა და ვიმსახურებდით პენალტების სერიას. საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ და შეგვიძლია, ვიამაყოთ ამ თამაშით. გაითვალისწინეთ, რომ “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, რომელმაც ყველაფერი მოიგო.

— ოდესმე შეძლებთ ლეო მესის გაჩერებას, რომელმაც “სევილიას” უკვე 24-ე გოლი გაუტანა?
— მესის ვულოცავ ამ გამარჯვებას. იგი უნიკალური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. წარმოუდგენელია, უმაღლეს დონეზე თამაშობდე ამდენი წლის მანძილზე. დაველოდოთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ოდესმე მის გაჩერებას.

— ეს სეზონის სასტარტო მატჩი იყო. რას გეუბნებათ ეს შეხვედრა დამდეგი სეზონისთვის?
— პირველი ნაბიჯი გადავდგით იქითკენ, რომ ახალ სეზონში წარმატებულად ვითამაშოთ. ეს ახალი სეზონის ფუნდამენტია. როდესაც ტრავმირებული ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებიან, მეტი შესაძლებლობა გვექნება და უკეთ ავთამაშდებით.

 

უნაი ემერის კომენტარი “დინამოს” დიღმის საწვრთნელი ბაზის შესახებ (ვიდეო)

დღეს “სევილიამ” ვარჯიში “დინამო თბილისის” საკუთრებაში არსებულ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი და სპორტული დირექტორი რამონ როდიგესი ბაზით კმაყოფილნი დარჩნენ და ამ უკანასკნელმა ისიც აღნიშნა, რომ “სევილიასაც” არ აქვს ასეთი სავარჯიშო მოედანი.

ემერის განცხადებას სუპერთასის მატჩამდე და შეჯიბრი “სევილიას” ოფიციალური მაისურისთვის

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე უეფას დამდეგი სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და კლუბის ფანებს შორის ერთგვარ შეჯიბრს აწესებს, რომლის გამარჯვებულიც საჩუქრად “სევილიას” ოფიციალურ მაისურს მიიღებს.

“რამდენიმე დღე დარჩა, სანამ მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მრისხანე მეტოქეს თბილისში დავუპირისპირდებით. მძიმე 90 წუთი გველის ჩვენ, ვინც მთელი ამ კვირების განმავლობაში თავჩაუხრელად ვმუშაობთ, რათა “სევილიას” ხუთივე კონტინენტზე მიმოფანტულმა ქომაგებმა ამ შეხვედრით გაიხარონ.
ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რამდენად ფართოა “სევილიზმო” და რამდენად საამაყოა ჩვენი ფერების მიღწევა.
გთავაზობთ, “ტვიტერზე” დაპოსტოთ ვიდეო, რომლის ხანგრძლივობაც 30 წამზე მეტის არ იქნება, გამოიყენეთ ჰეშთეგი ‪#‎sevillistasporelmundo‬. ვიდეო უნდა შეიცავდეს გუნდისთვის გასამხნევებელ მესიჯს, რომელსაც გააკეთებთ იმ ადგილიდან, სადაც ახლა ცხოვრობთ.
ყველაზე კრეატიული ვიდეოს ავტორი გაიმარჯვებს და მიიღებს “სევილიას” მაისურს.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის!” – დაწერა უნაი ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, “სევილია” უეფას სუპერთასისთვის “ბარსელონას” შეეცილება.

Emery

უნაი ემერი: “თბილისში შევხვდებით”

“სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა.

“ფინალი დასრულდა. ერთმანეთს თბილისში შევხვდებით. გილოცავ, “ბარსელონა”! წინ, “სევილია”! – დაწერა სოციალურ ქსელში უნაი ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ ანდალუსიურმა გუნდმა ევროპის ლიგა მოიგო და უეფას სუპერთასისთვის ჩემპიონთა ლიგის მომგებ “ბარსელონას” შეხვდება. აღნიშნული შეხვედრა თბილისში, “დინამო არენაზე”, 11 აგვისტოს გაიმართება.

 

უნაი ემერიმ “სევილიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“სევილიამ” კლუბის მთავარ მწვრთნელ უნაი ემერისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ახალი ხელშეკრულება 2017 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი “სევილიას” 2013 წლის ზამთრიდან თავკაცობს. მან გუნდთან ერთად ზედიზედ ორჯერ მოიგო უეფას ევროპის ლიგა.

Emery

წყარო: “მილანს” უნაი ემერი ჩაიბარებს

Sport Mediaset-ის რეპორტიორი მაურიციო პისტოჩი იუწყება, რომ “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ “მილანთან” წინასწარი შეთანხმება გააფორმა.

“იმ წყაროს თანახმად, რომელმაც თავის დროზე კლარენს ზეედორფის “მილანში” და რობერტო მანჩინის “ინტერში” გადასვლა მაცნობა, უნაი ემერიმ “მილანთან” შეთანხმება გააფორმა”, – დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, “მილანის” პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ კლუბის თავკაცის პოსტი მადრიდის “რეალს” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის შესთავაზა, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგების შემთხვევაში, ერთწლიან პაუზას აიღებს.