“მანჩესტერ სიტის” ფანებს კლუბის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშის დასახელება სთხოვეს

სპორტული სააგენტო Goal.com-ის ბრიტანულმა ბიურომ “მანჩესტერ სიტისა” და “ლივერპულს” შორის გასამართ მატჩამდე “ქალაქელთა” ფანები გამოკითხა და მათ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვა. დასახელებულთა შორის ყველაზე ხშირად გიორგი ქინქლაძის სახელმა გაიჟღერა.

ინტერვიუ გიო ქინქლაძესთან

სამშაბათს, “დინამო არენაზე” “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის შეხვედრა გაიმართება. მატჩის ელჩი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, რომელთანაც უეფას ოფიციალური ვებგვერდის კორესპონდენტმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

— რას ნიშნავს ქართული ფეხბურთისთვის უეფას სუპერთასის მასპინძლობა?
— ეს მთელი ქვეყნისთვის დიდი პატივია. მადლობას ვუხდი უეფას, ჩვენს მთავრობასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასეთი მატჩის ჩვენს ქალაქში ჩატარებისთვის. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ბევრს ნიშნავს.

— რამდენად არის თბილისი საფეხბურთო კერა?
— თბილისი საფეხბურთო ქალაქია, განსაკუთრებული ქომაგებით. მათ მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდებათ და უმალ გეტყვიან, ვის აქვს დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი. მათ ისეთი მატჩებისთვის და ფეხბურთელებისთვის აქვთ ნაცქერი, რომ ფეხბურთი საკმაოდ ღრმად შეისწავლეს. დღესდღეობით ამ გულშემატკივრებს ნაკლებად აქვთ ინგლისში, ჰოლანდიასა თუ გერმანიაში თავიანთი ემოციების ყოველკვირეულად გამოხატვის საშუალება, ეს მხოლოდ ეროვნული ნაკრების მატჩებზე ხდება, თუმცა ადრე სხვაგვარად იყო. ჩვენ საკმაოდ ემოციური ფანები გვყავს, ფეხბურთი კი ყოველთვის იქნება ჩვენს ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

— თქვენი ბავშვობიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
— თბილისის “დინამოს” თითქმის ყველა მოთამაშეს, რომლებიც ჩვენთვის გმირები იყვნენ. განსაკუთრებით კი დავით ყიფიანს ვბაძავდი. ფეხბურთელობის პერიოდში ეროვნულ ნაკრებში მასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ყიფიანი არამხოლოდ დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელი, არამედ ზუსტად 10 ნომერი იყო, რაც მასში ყველაზე მეტად მომწონდა. მისი ტექნიკა და სათამო სტილი არამხოლოდ მე, არამედ მთელ ქვეყანას აღაფრთოვანებდა. იშვიათია ასეთი ფეხბურთელი.

— კარიერის განმავლობაში ცნობილი იყავით ჰიპნოზის მომგვრელი დრიბლინგების შესრულებით. რას ფიქრობთ ლიონელ მესიზე, რისი გაკეთება შეუძლია მას ბურთით?
— სერ ალექს ფერგიუსონი ერთ-ერთ ინტერვიუში მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მოიხსენიებს. დიეგო მარადონა ძალიან მიყვარს, მაგრამ მესი ნამდვილი მოვლენაა. იგი საკლუბო დონეზე წარმოუდგენლად ასპარეზობს. ასე შეიძლება ერთი ან ორი სეზონის განმავლობაში ითამაშო, მაგრამ არა – მთელი ამ წლების მანძილზე. მან ეს თამასა თავიდანვე ძალიან მაღლა ასწია.

— რას ფიქრობთ “ბარსელონასა” და “სევილიაზე”?
— ასეთი დიდი კლუბებისთვის მთავარი ტიტულების მოპოვებაა. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი, დიდ სიამოვნებას ვიღებ მათი თამაშის ცქერით. “სევილიაც” კარგი გუნდია. მათ ევროპის ლიგა მეოთხედ მოიგეს. საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ.

— რას ნიშნავს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” თამაში?
— ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა თამაში. მენატრება ის დრო, როდესაც მატვეი ბლანტერის “ფეხბურთის მარშის” თანხლებით გუნდები მოედანზე გამოდიოდნენ. ვერ გადმოგცემთ, რას ნიშნავდა ეს ჩემთვის.

— თქვენი კარიერიდან ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი მომენტი რომელია?
— ალბათ, დღე, როდესაც თბილისის “მრეტებიდან” თბილისის “დინამოში” გადავედი და ასევე, “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა.

— თქვენ ახლა “ცხინვალის” სპორტული დირექტორი ხართ, რომელმაც ამ სეზონში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა…
— ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ბევრს არაფერს მოველოდით, თუმცა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მაინც შეგვეძლო. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი ფეხბურთელები არ გყავს, როგორებსაც ვართ მიჩვეულნი. ვწუხვარ, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე მდგომარეობაში ვხედავ, თუმცა იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.

— რას ურჩევდეით ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს იწყებენ თამაშს?
— უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ. ფეხბურთელი ვარჯიშისა და თამაშის გარდა სხვა რამეზე არ უნდა ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, საჭირო კონდიციებშიც უნდა იყო. საქართველოში ტალანტები იბადებიან და მათ მხოლოდ თავიანთი უნარები უნდა განავითარონ, რათა უმაღლეს დონეზე თამაში შეძლონ.