ქეცბაიას აპოელმა “ასტერასი” დაამარცხა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა ტრიპოლისის “ასტერასი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კვიპროსელებმა გოლი მატჩის დებიუტშივე გაუშვეს. შეხვედრის მე-8 წუთზე სტუმრები ბრაიან ლიუიმ დააწინაურა. მალევე სტადიონზე ელექტროენერგიის პრობლემა წარმოიშვა, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, პირველ ნახევარს კი 12 წუთი დაემატა. ქეცბაიას გუნდმა პირველივე ტაიმში მოახერხა წონასწორობის აღდგენა: კომპენსირებულ დროში პენალტი ფერნანდო კავენაგიმ გამოიყენა. აპოელს გამარჯვება ბრაზილიელი მცველის, კარლაოს მიერ გატანილმა გოლმა მოუტანა.

ამრიგად, აპოელმა პირველი გამარჯვება ჩაიწერა, ჯგუფში “ასტერასი” ჩამოიტოვა და ახლა მესამე ადგილზეა. მეოთხე ტურში ქეცბაიას გუნდი “ასტერასს” უკვე საბერძნეთში დაუპირისპირდება.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელზენკირხენის “შალკე” შინ პრაღის “სპარტას” დაუზავდა — 2:2.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “ასტერასი” 2:1 (1:1)

გოლები: კავენაგი 45+9′ (პენ), კარლაო 59′ — ლიუი 8′.
გაფრთხილებები: შტილიჩი 38′, კავენაგი 45+11′, ვატერმანი 90+5′ — კურბელისი 4′.
მთავარი არბიტრი: ალექსეი ესკოვი (რუსეთი).

 

თემურ ქეცბაია: “ასტერასს” ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები გაიმართება. თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი საკუთარ მოედანზე ტრიპოლისის “ასტერასს” დაუპირისპირდება. კვიპროსულმა გუნდმა პირველი ორივე მატჩი – ჯერ “შალკესთან” (0:3) და შემდეგ “სპარტასთან” (0:2) მარცხით დაასრულა და ჯგუფიდან გასვლის შანსები მკვეთრად შეიმცირა. უქულოდ დარჩენილ აპოელს ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია, “ასტერასს”კი აქტივში 1 ქულა აქვს. მიუხედავად წარუმატებელი სტარტისა, ქეცბაიას იმედი აქვს, რომ მისი გუნდი “ასტერასს” როგორც კვიპროსში, ასევე საბერძნეთში დაამარცხებს.

“ჩვენ უნდა მოვიგოთ. ევროთასებზე ასპარეზობის გასაგრძელებლად ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ვერმოგება სამყაროს დასასრული არ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი კვიპროსის ჩემპიონატისა და თასის მოგებაა. ამის მიუხედავად, ევროთასებზე ასპარეზობას უბრძოლველად არ დავთმობთ. “ასტერასი” ძლიერი მეტოქეა და ბოლო ოთხ წელიწადში საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად გვევლინება”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აპოელს ევროთასებზე გასული წლის აგვისტოს შემდეგ არ მოუგია, თემურ ქეცბაიას სჯერა, რომ მის გუნდს ევროპაში წარმატების მიღწევა შეუძლია.

“საკითხი იმაში მდგომარეობს, თუ რა გინდა და რისი მიღწევა შეგიძლია. თუ ამბიცია აღემატება გუნდის ძალას, მაშინ ვერაფერს ვერ მივაღწევთ. ჩვენს გუნდს ევროპაში ბრძოლა შეუძლია და არ ვთვლი, რომ ევროთასებზე კრახი განვიცადეთ.

აპოელი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში თანმიმდევრულად იბრძვის. ევროთასებზე არიან კლუბები – მაგალითად, პოლონური გუნდები, რომელთაც ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვთ, მაგრამ არ გაუკეთებიათ ის, რისი გაკეთებაც აპოელმა შეძლო”, – დაასრულა თემურ ქეცბაიამ.

აპოელსა და “ასტერასს” შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 21: 00 საათზე დაიწყება და მას ალექსეი ესკოვის თავკაცობით რუს მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

თემურ ქეცბაია ტექბოლით გაერთო (ვიდეო)

ნიქოზიის აპოელში, რომელსაც თემურ ქეცბაია თავკაცობს, ტექბოლი დაინერგა. ეს ფეხბურთზე დაფუძნებული ახალი მიმდინარეობაა, რომლის სათამაშოდ საჭიროა სპეციალური მაგიდა და ბურთი. ტექბოლის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს თამაში ხელს უწყობს მოთამაშის კონცენტრაციის გაუმჯობესებასა და გამძლეობის დახვეწას, ასევე ახალი ტექნიკური უნარების შეძენას.

ტექბოლზე საკუთარი ძალები თემურ ქეცბაიამაც მოსინჯა.

 

თემურ ქეცბაია: “მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ”

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რომ აპოელმა “ასტერასის” წინააღმდეგ გასამართი მომდევნო ორი მატჩი უნდა მოიგოს, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნოს.

“გუნდს სჭირდება ლიდერები. ტრავმების მხრივ გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ზოგიერთ ნიუანსში თავი კარგად წარმოვაჩინეთ.

რა თქმა უნდა, გამძლეობაც უნდა ვახსენოთ, რადგან კვიპროსის ჩემპიონატის ფინიშსა და წინასასეზონო მზადებას შორის დრო ძალზედ მოკლეა. ფეხბურთელებიც ადამიანები არიან. აუცილებელია, რომ სეზონი ადრე დასრულდეს.

დღეს ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. რეალისტები უნდა ვიყოთ. “ასტერასს” ორივე შეხვედრა უნდა მოვუგოთ, რათა ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ. დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლას ვაგრძელებთ. მართალია, დღეს ქომაგები დავამწუხრეთ, თუმცა იმედი მაქვს, მომდევნო მატჩში შევძლებთ მათ გაღიმებას.

შესვენებაზე ჩემს მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ზედმეტად აფასებენ გუნდს, რომელიც ასეთ პატივისცემას არ იმსახურებს. ფეხბურთელები არ უნდა გავაკრიტიკოთ. ორშაბათს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს (“ენოსისთან” – ავტ), რომელიც უნდა მოვიგოთ. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, ეს მატჩი უკვე წარსულია, ჩვენ კი წინ უნდა გავიხედოთ.

კვიპროსული გუნდისთვის იოლი არ არის ევროსარბიელზე ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელის დაკარგვა. მომიწია, დაცვითი ნახევარმცველები ცენტრალურ მცველებად და შემტევი ნახევარმცველები დაცვით ნახევარმცველებად მეთამაშებინა”, – ციტირებს ქეცბაიას სიტყვებს Cyprusscore-ი.

საკადრო პრობლემების გამო თემურ ქეცბაიას ძირითად შემადგენლობაში 1997 წელს დაბადებული რაფაელ ანასტასიუს დაყენება მოუწია, რომელმაც თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდის თავკაცისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.

“ეს ბიჭი ახალგაზრდულ გუნდში ვნახე და მისმა თამაშმა ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. დღეს მას შეუძლია, იამაყოს. დღევანდელ მატჩში ჩვენი გუნდის რიგებიდან საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ანასტასიუს დავასახელებდი. მწვრთნელისთვის ადვილი არ არის, როდესაც გუნდის საუკეთესო მოთამაშე 18 წლის ფეხბურთელია. ჩვენ წავაგეთ მატჩი, მაგრამ მოვიგეთ ფეხბურთელი”, – დაასრულა ქეცბაიამ.

 

ქეცბაიას აპოელი პრაღაშიც დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილი აპოელი უეფას ევროპის ლიგის K ჯგუფის მეორე ტურშიც დამარცხდა. კვიპროსული გუნდმა პრაღაში ადგილობრივ “სპარტასთან” შეხვედრა ანგარიშით 0:2 დათმო. მატჩი თანაბარ, არცთუ ისე მაღალ ტემპში დაიწყო. 24-ე წუთზე ანგარიშიც გაიხსნა: ჩეხთა მცველის, იაკუბ ბრაბეცის მახვილგონივრული გადაცემის შემდეგ “სპარტას” ერთ-ერთი ლიდერი დავიდ ლაფატა ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაუცველის კარის წინ მდგარ ნიგერიელ ახალწვეულ კეჰინდე ფატაის გადააწოდა, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა.

მე-60 წუთზე გოლი თავად ბრაბეცმაც გაიტანა: კუთხურის გათამაშების შემდეგ სტუმართა მცველებს საკუთარ საჯარიმოში ჩეხი ფეხბურთელი გამოეპარათ და ამ უკანასკნელსაც ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია — 2:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში გელხენკირხენის “შალკემ” ტრიპოლისის “ასტერასი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ამრიგად, უქულოდ დარჩენილი აპოელი ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. კვიპროსელებს 1 ქულით უსწრებს “ასტერასი”, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ 4 ქულა დააგროვა “სპარტამ”, შალკე” კი ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
“სპარტა” — აპოელი 2:0 (1:0)

გოლები: ფატაი 24′, ბრაბეცი 60′.
გაფრთხილებები: ირაჩეკი 22′, მატეიოვსკი 47′ — ვანდერი 19′, ანტონიადესი 27′, მარიუ სერჟიუ 29′, არტიმატასი 40.
მთავარი არბიტრი: პაველ გილი (პოლონეთი).

 

ქეცბაიას აპოელი “შალკესთან” დამარცხდა (ვიდეო)

თემურ ქეცბაიას მიერ დამოძღვრილმა აპოელმა უეფას ევროპის ლიგის სასტარტო მატჩში გელზენკირხენის “შალკე” მიიღო და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

კვიპროსელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, თუმცა “შალკემ” მალევე მოახერხა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობის დაუფლება. გერმანელებმა მასპინძელთა კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, ორჯერ შორეული დარტყმით ბურთი ხარიხასაც გაარტყეს, 28-ე წუთზე კი ანგარიში გახსნეს, როცა საჯარიმო დარტყმის შესრულების შემდეგ ჟოელ მატიპმა კარიდან გამოსულ მეკარესაც და მეურვესაც დაასწრო თავით თამაში და ბურთი ზუსტი მიმართულებით გადაგზავნა. მატჩამდე ქეცბაია სწორედ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ “შალკეს” ფეხბურთელები სტანდარტულ მომენტებს ძალიან კარგად იყენებენ და ამიტომ, კვიპროსელ მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებდათ.

ზუსტად შვიდ წუთში “შალკეს” თავდამსხმელმა კლას-იან ჰუნტელაარმა შორეული დარტყმით გერმანელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა.

71-ე წუთზე ჰუნტელაარმა დუბლი შეასრულა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა — 0:3.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 77-ე წუთზე კვიპროსელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: მთავარი არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ემოციური პროტესტის გამო მოედნიდან ტომას დე ვინსენტი გააძევეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელიც ტრიპოლისის “ასტერასსა” და პრაღის “სპარტას” შორის გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ორი კვირის შემდეგ ჯგუფის მეორე ტურის მატჩები შედგება: “სპარტა” აპოელს უმასპინძლებს, “შალკე” კი “ასტერასს” მიიღებს.

ევროპის ლიგა
K ჯგუფი
აპოელი — “შალკე” 0:3 (0:2)

გოლები: მატიპი 28′, ჰუნტელაარი 35′, 71′.
გაფრთხილებები: მაკრიდისი 50′, ვანდერი 72′ — გაისი 10′, დი სანტო 37′.
გაძევება: დე ვინსენტი 77′.
მთავარი არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი).

ქეცბაია: “შალკე” ფავორიტია, მაგრამ შინ ვთამაშობთ”

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. K ჯგუფშია მოხვედრილი თემურ ქეცბაიას აპოელი, რომელიც დღეს, ნიქოზიაში გელზენკირხენის “შალკეს” უმასპინძლებს. ჯგუფში ტრიპოლისის “ასტერასი” და პრაღის “სპარტაც” არიან.

ქეცბაია დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად “შალკეს” მიიჩნევს და იქვე აღნიშნავს, რომ ამ მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება.

“თუ ფავორიტებთან კარგ შედეგებს ვაჩვებთ, დიდ ნაბიჯს გადავდგამთ საუკეთესო 32 გუნდს შორის მოსახვედრად. მომდევნო ეტაპზე თამაში გვსურს. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ გუნდმა უკვე აჩვენა, რომ აქვს პოტენციალი. თუ თავს კარგად წარმოვაჩენთ, დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია. წინ მივიწევთ, მომენტებს ვქმნით, მაგრამ გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვაში და იმედია, ამასაც გამოვასწორებთ.

“შალკე” ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ დაცვაში. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელიც განსაკუთრებით კარგად იყენებს სტანდარტულებს. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს. ამ შეხვედრის შედეგზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი, რადგან წინ კიდევ ხუთი მატჩი გვექნება”, – ქეცბაიას კომენტარს cyprusscore.com-ი აქვეყნებს.

აპოელსა და “შალკეს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება და მას ტონი შაპრონის თავკაცობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.