ინძაგი “სასუოლოსთან” მატჩის შემდეგ: “ძალიან გაბრაზებული ვარ”

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში მილანის “ინტერი” შინ “სასუოლოსთან” ანგარიშით 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ საკუთარი გუნდის მიმართ უკმაყოფილება არ დამალა.

“ასეთი მიდგომით ძალიან გაბრაზებული ვარ. ოთხშაბათის მატჩის შემდეგ სამი დღე გვქონდა, ვთქვით, რომ “სასუოლომ” გასვლაზე “იუვე” და “მილანი” დაამარცხა, ისინი დიდებულად თამაშობენ და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით.

შეხვედრის მეორე ნახევარში ყველაფერი გავაკეთეთ, ბევრი მომენტი შევქმენით, თუმცა არ გაგვიმართლა.

სიტუაციას გავაანალიზებთ, წინ კიდევ 13 მატჩია და გვინდა, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. ფაქტი კი ფაქტად რჩება, გუნდი, რომელსაც სკუდეტოს მოგება უნდა, საქმეს ასე არ უნდა მიუდგეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Football Italia.

“ინტერს” 54 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი უკავია და ორი პუნქტით ჩამორჩება “მილანს”, რომელსაც ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული. “სასუოლოს” 33 ქულა მოუგროვდა და გუნდმა მე-11 პოზიციამდე ამოიწია.

სიმონე ინძაგი: “ფავორიტი “ლივერპულია”

ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში მილანის “ინტერი” “ლივერპულს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ისაუბრა.

“ვფიქრობ, ფავორიტი “ლივერპულია”, თუმცა ეს ორი შეხვედრა ჯერ კიდევ ჩასატარებელია. ჩვენი თამაშის სტილი უნდა დავაწესოთ. მინდა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა საღი გონით ითამაშონ, რათა განსხვავება ვაჩვენოთ. გამარჯვებისკენ ვართ მოწადინებულნი.

ჩემპიონთა ლიგაზე “ლივერპულსა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩსა და პრემიერლიგაში მერსისაიდელთა უკანასკნელ შეხვედრას ვუცქირეთ. მათ თითოეულ პოზიციაზე შესანიშნავი ფეხბურთელები და დიდებული მწვრთნელი ჰყავთ. წარუმატებელი პასის გაკეთების შემთხვევაში, ისინი მაშინვე კონტრშეტევაზე გადმოდიან. ვირჯილ ვან დეიკსა და ალისონს ხელით მშვენივრად შეაქვთ ბურთი თამაშში, საკმაოდ შორს ისვრიან. “ლივერპულის” ფლანგის მცველები ძალიან სწრაფები არიან. საერთო ჯამში, მეტოქეს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია უსიამოვნების მოტანა”, – აღნიშნა სიმონე ინძაგიმ.

მატჩი “ინტერსა” და “ლივერპულს” შორის 00:00 საათზე დაიწყება.

“ინტერმა” სიმონე ინძაგი დაითანხმა

მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სიმონე ინძაგი დაინიშნება.

45 წლის სპეციალისტი გუშინ რომის “ლაციოსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა იყო, მაგრამ “ნერაძურის” ხელმძღვანელთა პროდუქტიული მუშაობის შედეგად, სიმონე ინძაგიმ პოზიცია შეცვალა და სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება მილანურ გუნდში გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება, იტალიელი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი ოთხი მილიონი ევრო იქნება, კიდევ ერთი მილიონი ევროს გამომუშავება კი საბონუსე სისტემით შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ “ინტერის” თავკაცის პოსტი ვაკანტური გუშინ გახდა. ანტონიო კონტემ სკუდეტოს მოგებიდან სამი დღის შემდეგ “ნერაძურის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც გუნდში შექმნილ მძიმე ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება.

თავის მხრივ, “ლაციოს” თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სინიშა მიჰაილოვიჩის ან ვალტერ მაძარის დანიშვნას ელიან.

“ინტერი” სიმონე ინძაგის დათანხმებას მაინც ცდილობს

წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა მილანის “ინტერი” ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ გუნდის თავკაცის ვაკანტურ პოსტზე სწორედ ინძაგის კანდიდატურას მოიაზრებს და მის გადმობირებას აქტიურად ცდილობს.

წამყვანი იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ “ნერაძურის” ხელმძღვანელობა კლუბში სიმონე ინძაგის მოყვანის თაობაზე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებას. 45 წლის სპეციალისტის აგენტი ტულიო ტინტი დღეს მილანური კლუბის ოფისშიც იმყოფებოდა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი “ინტერის” მცველ ალესანდრო ბასტონის ინტერესებსაც წარმოადგენს. თეორიულად სიმონე ინძაგის გადმობირება მარტივია, რადგან მასსა და “ლაციოს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება.

“ინტერმა” მანამდე მოლაპარაკება მასიმილიანო ალეგრისთან სცადა, თუმცა ამ უკანასკნელს ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი. მილანელთა კიდევ ერთი ვარიანტი მაურიციო სარი იყო, მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ შედგა.

ალტერნატიულ კანდიდატებად სინიშა მიჰაილოვიჩი, პაულუ ფონსეკა და ვალტერ ძენგა სახელდებიან, თუმცა მათი მოწვევით “ინტერის” ხელმძღვანელობა დიდად მოწადინებული არ არის.

“ლაციოს” სეზონის ბოლომდე სიმონე ინძაგი უთავკაცებს

რომის “ლაციოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სტეფანო პიოლი გაათავისუფლეს. სეზონის ბოლომდე გუნდს 39 წლის სიმონე ინძაგი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი “ლაციოს” ღირსებას 1999-დნ 2010 წლამდე (არასრულად) იცავდა. 2014 წლიდან მუშაობდა ახალგაზრდული გუნდის თავკაცის პოზიციაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს “ლაციო” უმთავრეს მეტოქე “რომასთან” ანგარიშით 1:4 განადგურდა. გუნდს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.