ჩეფერინი: “ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალი” კარგი იდეაა, მაგრამ…”

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ჩემპიონთა ლიგაზე “ოთხთა ფინალის” დანერგვის იდეაზე კომენტარი გააკეთა.

“კარგი იდეაა, მაგრამ რამდენიმე მატჩს ვკარგავთ. კლუბებისთვის ცუდი ისაა, რომ შინ ვერ ითამაშებენ, სატელევიზიო უფლებების მფლობელებისთვისაც ნაკლები შეხვედრაა. უეფას სუპერთასთან დაკავშირებით ახალი იდეა გვაქვს, მაგრამ მედიაში გასაჟღერებლად ჯერ ძალიან ადრეა”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს ხორვატული dalmatinskiportal-ი.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უეფა ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის ფორმატის ცვლილებას აპირებს. ჩანაფიქრის თანახმად, ტურნირის ნახევარფინალური ეტაპიდან ჩატარდება “ოთხთა ფინალი”, რაც გულისხმობს ერთ კონკრეტულ ქალაქში თითო-თითო ნახევარფინალური მატჩის გამართვას. ასეთი პრეცედენტი კორონავირუსული პანდემიის გამო 2019-2020 წლების სეზონში უკვე დაფიქსირდა.

უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს

ალექსანდერ ჩეფერინი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით აირჩიეს. გადაწყვეტილება რომში გამართულ უეფას 43-ე კონგრესზე მიიღეს.

51 წლის სლოვენიელი არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იყო. ის უეფას პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს და ორგანიზაციას 2023 წლამდე უთავკაცებს.

ალექსანდერ ჩეფერინი უეფას 2016 წლის სექტემბერიდან ხელმძღვანელობს. მანამდე ის სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო.

უეფა მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპისთვის მინიმუმ 16 ადგილს ითხოვს

უეფას პრეზიდენტმა ალესანდერ ჩეფერინმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაზრდის შესახებ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

“ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის გაფართოების წინააღმდეგნი ვიყავით, მაგრამ დანარჩენმა კონფედერაციებმა აღნიშნულ იდეას მხარი დაუჭირეს. უეფამ ამ ტურნირზე მინიმუმ 16 ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს, ვინაიდან ევროპა და სამხრეთ ამერიკა დონით ყველაზე მაღლა დგანან.

უეფა მხოლოდ კონტინენტური კონფედერაცია არ არის და ჩვენს იგნორირება ასე მარტივად ვერ შეძლებენ. ევროპა ნაღდი ფულადი შემოსავლებით ლიდერია. თუ არ მოგვისმენენ, ფიფასა და უეფას შორის ურთიერთობა, შესაძლოა, დაიძაბოს, თუმცა ეს ფიფაშიც კარგად იციან”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს Die Welt-ი.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის კვოტა 13-ია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი შესაძლოა, ევროპის საზღვრებს გასცდეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მომავალში შესაძლოა, ევროპის საზღვრებს გარეთ ჩატარდეს. ამის შესახებ უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ისაუბრა.

“ეს ჯერ მხოლოდ იდეაა, რომელიც განხილვას საჭიროებს. პორტუგალიიდან აზერბაიჯანში გადაფრენას თითქმის იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც ნიუ იორკში ჩასაფრენად არის საჭირო. ფანებისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ევროპული ტურნირია და საკითხი განხილვას საჭიროებს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლების მოპოვების პროცესი მაქსიმალურად გამჭირვალე უნდა იყოს, ვინაიდან პოლიტიკური ხელშეწყობით მასპინძელი ქალაქის არჩევა სწორი არ არის. თუ ვინმე დაგვიკავშირდება და ამ გზით შეეცდება ჩვენზე გავლენის მოხდენას, ყველასთვის გასაგები პასუხი გვექნება: “ბოდიშს გიხდით, ჩვენ განსაზღვრული წესები გვაქვს და თქვენს თხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს AP.

გიორგი კვირიკაშვილი უეფას ახალ პრეზიდენტს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (UEFA) ახალ პრეზიდენტთან, ალექსანდერ ჩეფერინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და UEFA-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო 2017 წელს საქართველოში გასამართ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო ღირსეულ მასპინძლობას გაუწევს ევროპის ჩემპიონატს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმული ქმედითი ნაბიჯები ფეხბურთის განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გრძელვადიან ეფექტზეა გათვლილი და ითვალისწინებს – პროფესიული საფეხბურთო კლუბების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნობრივ პროექტებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურას დამატებით 10 მოედანი შეემატება, რომლის მშენებლობასაც, UEFA-ს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ჩაეყარა საფუძველი.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდერ ჩეფერინს ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

UEFA-ს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება გენერალური მდივანი თეოდორ თეოდორიდისი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ჩეფერინის კანდიდატურას უჭერს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას დაუჭერს. ამის შესახებ სფფ-ის პრესსამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“მოგეხსენებათ, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას 2016 წლის 14 სექტემბერს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელსაც ათენში დანიშნულ უეფას კონგრესზე აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჰოლანდიელი მიხაელ ვან პრააგი და სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი, აგვისტოს თვეში შეხვდნენ უეფას პრეზიდენტობის კანდიდატებს, გაეცნენ მათ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, სამოქმედო სტრატეგიას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება და გვსურს, განვაცხადოთ, რომ სფფ უეფას საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს უჭერს ალექსანდერ ჩეფერინის კანდიდატურას, რადგან სრულად იზიარებს მის ხედვას ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით.

გვჯერა, რომ მისი ყველა აქტივობა ფეხბურთის ინტერესების შესაბამისი იქნება”.