ტურინის “იუვენტუსის” შემტევ პაულო დიბალას დამატებით “ტოტენჰემ ჰოთსპური” დაინტერესდა.
ჟურნალისტი პედრო ალმეიდა იუწყება, რომ ლონდონური კლუბის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი არგენტინელ ფეხბურთელს დაუკავშირდა და შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკება გამართა. შეგახსენებთ, რომ პარატიჩი მანამდე “იუვენტუსში” ანალოგიურ პოსტს იკავებდა და ის დიბალას კარგად იცნობს.
28 წლის შემტევის დამატებაზე სხვა კლუბებიც ფიქრობენ. “რომას” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის მიყვანით დაინტერესებული. დიბალას მსურველთა შორის სახელდება მილანის “ინტერი”, ლონდონის “არსენალი” და მადრიდის “ატლეტიკოც”.
როგორც მოგეხსენებათ, პაულო დიბალა ამ ზაფხულს “ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები სპორტული მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც წინა შეხვედრების მსგავსად კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, 2 საათს გაგრძელდა და მისი მთავარი თემა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესები, უკვე განხორციელებული, ახალი პროექტები და სამომავლო გეგმები იყო.
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და მედიის წარმომადგენლებმა ფეხბურთის მასობრიობის მიმართულებით უკვე ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის მოყვარულთა თასის, 13-წლამდელთა რეგიონთა თასისა და კოკა-კოლას მხარდაჭერით განხორციელებული ბავშვთა საფეხბურთო ტურნირის „კოკა-კოლას თასის“ შესახებ ისაუბრეს, რომლის ახალი სეზონი მაისის თვეში აიღებს სტარტს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა უეფას ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე – დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უკვე განახლებულ მინდვრის საფარსა და ახალ სადრენაჟე სისტემაზე გაამახვილა ყურადღება. ასევე, ამავე სტადიონსა და გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე განათების ახალი სისტემის დამონტაჟების შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე ეროვნული ლიგის გაშუქების საკითხებზეც იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლებს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა რეგიონულ და ლიგის გაშუქებით დაინტერესებულ ცენტრალურ ტელევიზიებთან შეხვედრის შედეგები გააცნო.
მედიასთან შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შეაჯამა: „უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს ინტერესისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოკლე ანალიზი გავაკეთეთ იმ პროექტების, რაც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში განვახორციელეთ. მედიის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე საკითხებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. იყო ბევრი კითხვა, რაც ძალიან კარგია და მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება ამ კითხვებს პასუხი გავცეთ. ძალიან კარგი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას,“-აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.