ოფიციალურად: არგენტინის ნაკრები ტატა მარტინოს ჩააბარეს

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეროვნული ნაკრები “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო (ტატა) მარტინომ ჩაიბარა. გუნდის თავკაცის პოსტზე მარტინოს წარდგენა ხუთშაბათს შედგება.

კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი უნდა გაფორმებულიყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე “ალბისელესტეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალეხანდრო საბელია მუშაობდა, რომელმაც დაკავებული თანამდებობა ბრაზილიაში წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. საბელიას ხელმძღვანელობით არგენტინის ნაკრებმა მუნდიალზე მეორე ადგილი აიღო.

 

მარადონა: “თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინა?”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ განაცხადა, რომ ურიგო არ იქნება, თუ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ მას მიიწვევს.

“გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს. არგენტინის ნაკრებში ვთამაშობდი. თუ ბრაზილიის ნაკრები დუნგას ჩააბარეს, მე რატომ არ უნდა მანდონ არგენტინის ეროვნული გუნდი?

რაც არ უნდა იყოს, დუბაიში ბედნიერი ვარ და არავის წინაშე არ ვალდებული, რომ დავიჩოქო.

არ მინდა ალეხანდრო საბელიას და ბიჭების გაკიცხვა, მაგრამ გუნდმა ვერცერთი შეხვედრა ვერ მოიგო კარგ სტილში. არგენტინის ნაკრების მატჩების შემყურე ვერცერთმა ადამიანმა ვერ შენიშნა რაიმე კარგი ასპექტი გუნდის თამაშში”, – მარადონას სიტყვები “ოლემ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს 2008-დან 2010 წლამდე თავკაცობდა, კარლოს დუნგა კი ბრაზილიის ეროვნულ გუნდს 2006-დან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა.

 

მესი: „ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენი ძალა ვაჩვენეთ“

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე ეროვნული გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ფინალში გაგვემარჯვა, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები მაინც კმაყოფილები არიან.

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ბევრი ეჭვის თვალით გვიყურებდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა ძალა აჩვენა. შევეცდებით, რომ კვლავ გავახაროთ ქომაგები“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებმა ვერცხლის მედლები მოიპოვა, თავად მესი კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის არბიტრის ვინაობა ცნობილია

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

42 წლის მსაჯისთვის აღნიშნულ ტურნირზე ეს რიგით მეოთხე მატჩი იქნება. მანამდე მან შემდეგი შეხვედრები განსაჯა: ესპანეთი — ჰოლანდია (1:5), ნიგერია — არგენტინა (2:3), არგენტინა — ბელგია (1:0).

რიცოლი მესამე იტალიელი არბიტრია, რომელიც მუნდიალის ფინალურ მატჩს განსჯის. 1978 წელს ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ ფინალს (1:3) სერჯიო გონელა მოემსახურა. 2002 წელს გერმანიისა და ბრაზილიის ეროვნულ გუნდთა შორის ფინალური დაპირისპირება (2:0) კი პიერლუიჯი კოლინამ განსაჯა.

ნიკოლა რიცოლი ფიფას მსაჯია 2007 წლიდან. 2011 წელს იტალიის საუკეთესო არბიტრად დაასახელეს. 2013 წელს დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა განსაჯა. პროფესიით ხუროთმოძღვარია.

გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გასამართი ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ფიფამ არგენტინა დააჯარიმა

ფიფამ არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია 300 ათასი შვეიცარული ფრანკით (247 050 ევრო) დააჯარიმა.

როგორც ირკვევა, „ალბისელესტემ“ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის რეგლამენტი დაარღვია. კერძოდ, საუბარია პრესასთან ურთიერთობის წესზე.

ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დისციპლინურმა კომიტეტმა საქმის მოკვლევა მას შემდეგ დაიწყო, რაც არგენტინელებმა მიჯრით მესამედ დაარღვიეს წესი. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციებს გუნდის მხრიდან მხოლოდ მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ესწრებოდა, როცა მასთან ერთად მინიმუმ კიდევ ერთი ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა ნიგერიის (3:2), შვეიცარიის (დ.დ. 1:0) და ბელგიის (1:0) ნაკრებების წინააღმდეგ გამართული მატჩების შემდეგ მოხდა. ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა ჰოლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრამდეც (0:0, პენ 4:2).

შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს არგენტინის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ვან გაალი: „რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მატჩი შეაჯამა.

„ცვლილების უფლება რომ მქონოდა, ტიმ კრულს კვლავ გამოვიყვანდი იასპერ სილესენის ნაცვლად, თუმცა იმ დროს უკვე სამივე შეცვლა მქონდა განხორციელებული. რომეროს პენალტების მოგერიება მე ვასწავლე. სწორედ ჩემმა „ალკმაარმა“ მისცა მას ევროპული ფეხბურთის საგზური. იმედია, სწორად გამიგებთ. ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

კოსტა რიკის ნაკრების წინააღმდეგ თერთმეტმეტრიანი დარტყმები იდეალურად შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მაშინ პირველივე პენალტი გავიტანეთ. დღეს ორ ფეხბურთელს ვთხოვე თერთმეტმეტრიანის შესრულება. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ვლაარი დაარტყამდა, რადგან, ჩემი აზრით, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, მას დარტყმა არ გამოუვიდა.

არ მაინტერესებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე და ჩემს გუნდზე. კი ბატონო, ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, არგენტინის ნაკრების დაცვის კარგი თამაში აღსანიშნავია. უნდა ვთქვა, რომ ვერც მეტოქემ ვერ შექმნა ბევრი ხიფათი ჩვენს კართან. დაბალანსებული მატჩი გამოვიდა, ბევრი იყო ტაქტიკური ნიუანსები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რობენი, ვან პერსი, სნეიდერი, მესი, აგუერო, ლავესი თამაშობდნენ, მაინც ცოტა საგოლე მომენტი შეიქმნა.

ახლავე შემიძლია იმის თქმა, რომ ტურნირზე ფანტასტურად გამოვედით. არავინ ელოდა ჩვენს ნახვას არამცთუ ნახევარფინალში, პლეი-ოფშიც კი. მექსიკა და კოსტა რიკა ორგანიზებული და ძლიერი მეტოქეები არიან, თუმცა ჰოლანდიის ნაკრებმა ეს ბარიერები დაძლია. დავმარცხდით მდიდარი საფეხბურთო ისტორიის მქონე არგენტინის ნაკრებთან და ისიც პენალტების სერიაში. სამწუხაროა. არადა, თანაბარი თამაში იყო“, – განაცხადა ვან გაალმა.

ახლა ჰოლანდიის ნაკრები საპატიო მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლა ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

რობენი: „ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„ნარინჯისფერთა“ ლიდერმა არიენ რობენმა აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ეს მარცხი სწრაფად უნდა დავივიწყოთ. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ.

რა თქმა უნდა, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ, თუმც ფინალში გასასვლელად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

ყველამ კარგად დაინახა, როგორი შეკრული გუნდი ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნაკრებით ვიამაყოთ“, – განაცხადა რობენმა მატჩის შემდეგ.

ბრძოლა მესამე ადგილისთვის ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებებს შორის შედგება და ის 13 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

 

სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არ აქვს მოგერიებული

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ იასპერ სილესენს კარიერის განმავლობაში პენალტი არც ერთხელ არ აქვს მოგერიებული.

ჰოლანდიის ჩემპიონატში მისთვის 8 თერთმეტმეტრიანი აქვთ დარტყმული, ჩემპიონთა ლიგაზე – 3, ბრაზილიაში მიმდინარე მუნდიალზე კი – 6.

ამ 17 პენალტიდან 25 წლის მეკარემ ვერც ერთის მოგერიება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპი სწორედ პენალტების სერიით დაძლია, თუმცა მაშინ საგანგებოდ თერთმეტმეტრიანების მოსაგერიებლად კარში ტიმ კრული ჩააყენეს.

 

პელემ არგენტინის ნაკრებს მიულოცა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა მიულოცა.

„არგენტინის ნაკრებს დღევანდელ დიდ გამარჯვებას ვულოცავ. მოუთმენლად ველოდები კვირა დღეს, რათა ორი დიდებული საფეხბურთო ერის დაპირისპირებას „მარაკანას“ სტადიონიდან ვუცქირო“, – აღნიშნა პელემ.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

ფინალური მატჩი 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

ჰოლანდია — არგენტინა (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმერიანი დარტყმების სერიაში კი სამხრეთამერიკელებმა 4:2 იმარჯვეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ მეკარე სერხიო რომერო დაასახელეს, რომელმაც პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

რაც შეეხება ტურნირის ფინალურ მატჩს, ის 13 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ბრძოლა მესამე ადგილისთვის წინა დღის 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

 

არგენტინა — ბელგია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე არგენტინისა და ბელგიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ალბისელესტეს“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელთა თავდამსხმელი გონსალო იგუაინი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

„ნაპოლიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 81 წუთი დაჰყო, გააკეთა 29 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

ნიგერია — არგენტინა (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა სამხრეთამერიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად „ალბისელესტეს“ ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მესიმ მოედანზე 63 წუთი დაჰყო, გააკეთა 38 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.